Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩარლი მასელუაიტი. ნაწილი II


ჩარლი მასელუაიტი
ჩარლი მასელუაიტი

წინა სიუჟეტში ცნობილ ამერიკელ ჰარპისტსა და ბენდლიდერზე, ჩარლი მასელუაიტზე, ვსაუბრობდი. მის სადებიუტო ალბომზე შევჩერდი, რომელიც ხმის ჩამწერმა სტუდია „ვანგარდ რეკორდსმა“ გამოსცა. როგორც მოგახსენეთ, დისკს „ათლწეულის ერთ-ერთი საუკეთესო ბლუზური ალბომი“ უწოდეს. ჰოდა, წარმატებას კალიფორნიული საგასტროლო ტურნეც მოჰყვა. 60-იანი წლების ბოლო გახლდათ, ჰიპური სულისკვეთებით აღსავსე სან-ფრანცისკოში კი მრავალფეროვანი მუსიკა ჟღერდა, ჯაზით დაწყებული, „Jefferson Airplane“-ისა და „Grateful Dead“-ის ფსიქოდელიური როკით დამთავრებული. ჩარლი მასელუაიტიც სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა, როცა შეიტყო, რომ ამგვარ გარემოში მის სახელს უკვე კარგად იცნობდნენ და რადიოსადგურებიც მის ალბომს ატრიალებდნენ.

Fillmorf West, Avalon Ballroom და Straight' Theatre - ეს ის ცნობილი კლუბებია, სადაც არტისტის პირველი ანგაჟემენტები გაიმართა. ილინოისთან შედარებით, კალიფორნიული სცენა უფრო კომფორტული გამოდგა: აპარატურა და ბგერა უკეთესი იყო და, რაც მნიშვნელოვანია, მასელუაიტს გაცილებით მეტს უხდიდნენ. არტისტიც მალევე მიხვდა, რომ დასავლეთ სანაპიროზე შოუ-ბიზნესს სერიოზულად უდგებოდნენ, განსხვავებით ჩიკაგოსგან, სადაც გაქექილი მენეჯერები კონტრაქტსაც კი არ უფორმებდნენ და ყოველ ფეხის ნაბიჯზე ატყუებდნენ.

ჰოდა, ჩარლი მასელუაიტმაც კალიფორნიაში დარჩენა გადაწყვიტა. გასტროლების პარალელურად, აქტიურ სტუდიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა და ალბომებიც კარგად ეყიდებოდა, თუმცა 80-იანი წლების ბოლოდან კრიზისის პერიოდი დაუდგა. ალკოჰოლს მიეძალა და პრობლემა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ 7 წლის მანძილზე შემოქმედებითად ღირებული და ხეირიანი არაფერი გაუკეთებია. მხოლოდ 1987 წელს შეძლო ფეხზე წამოდგომა, რაშიც მესამე ცოლი დაეხმარა. ეს ქალი მუსიკოსის მენეჯერიც გახდა და საკმაოდ პროფესიულად უძღვებოდა ქმრის საქმეებს.

ჩარლი მასელუაიტის სცენაზე დაბრუნება ამერიკელი მსმენელის ბლუზისკენ შემობრუნების პერიოდს დაემთხვა. მან კონტრაქტი ცნობილ ხმის ჩამწერ სტუდია „Alligator Records“-თან გააფორმა, სადაც რამდენიმე ალბომი ჩაწერა. 1990 წელს, როგორც ჰარპისტმა, წლის საუკეთესო ინსტრუმენტალისტის ტიტული მოიპოვა და ბლუზურ სამყაროში ყველაზე პრესტიჟული - უილიამ ჰენდის სახელობის - პრემია გადაეცა. მასელუაიტი ბევრჯერ „გრემზეც“ გახლდათ ნომინირებული. გამარჯვება კი 2014 წელს მოიპოვა ალბომისათვის „Get Up!“, რომელიც მულტიინსტრუმენტალისტ ბენ ჰარპერთან ერთად გამოსცა.

მუსიკალური სტილისტიკის გათვალისწინებით, ბენდლიდერისა და ჰარპისტის შემოქმედება შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ: პირველ ეტაპზე მძლავრი, ელექტრიფიცირებული ჩიკაგური ბლუზი ჭარბობდა, სადაც მეტწილად ჰარპი დომინირებდა, მეორე ეტაპი კი ექსპერიმენტებით სავსე საინტერესო პერიოდი იყო. ამ მხრივ ორ ალბომს გამოვარჩევდი - მაგალითად, პროექტს One Night In America, რომელიც ბლუზისა და ქანთრის შესანიშნავი სინთეზი გამოდგა, და ალბომს Continental Drifter-ს, სადაც ბლუზი კუბურ ტრადიციულ მუსიკას შეერწყა.

XS
SM
MD
LG