2 დღის განმავლობაში ჩაკეტილი საოკუპაციო ზოლი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ 13 აპრილს დილით გახსნა. საგანგებოდ აღდგომის დღესასწაულისთვის მიღებულ გადაწყვეტილებას, რაც ხალხს ნათესავების საფლავებისა და სალოცავების მონახულების უფლებას ართმევს, ცხინვალში უსაფრთხოების მიზნით ხსნიან. რატომ ვერ ხერხდება ამ საკითხის მოგვარება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში?
ორდღიანი შეზღუდვა მოხსნილია. როგორც ახალგორის მკვიდრმა, სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, გზა 13 აპრილს დილიდან გაიხსნა:
„დილის 6 საათზე გაიხსნა ე.წ. საზღვარი და მოქალაქეებს, ვისაც აქვს შესაბამისი დოკუმენტი, ე.წ. „პროპუსკი“, უკვე შეეძლოთ გადაადგილებულიყვნენ ახალგორისკენ ან ახალგორიდან თბილისისკენ. შეზღუდვა ორდღიანი იყო. მიზეზი არავინ იცის: ადმინისტრაცია რუს მესაზღვრეებს აბრალებს, რუსი მესაზღვრეები კი ამბობენ, რომ მითითება სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისგან აქვთ... ზოგადად, უკვე მიჩვეულები ვართ, რომ დღესასწაულებზე კეტავენ ხოლმე გზას ერთი ან ორი დღით... ეს არის ადამიანების ნერვებზე თამაში“.
მიუხედავად საქართველოს მთავრობის, უკვე რამდენიმე წელია, მცდელობისა, არათუ ჩაიკეტოს, არამედ, პირიქით, გაიხსნას ასეთ დღეებში საოკუპაციო ხაზი რამდენიმე საათით მაინც, აი, ეს ვერ ხერხდება...ქეთევან ციხელაშვილი
ცნობა გზის გადაკეტვის თაობაზე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო РЕС-მა, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციაზე დაყრდნობით, 9 აპრილს გამოაქვეყნა და მასში ნათქვამი იყო, რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული აკრძალვა უსაფრთხოების ზომების გამკაცრების საჭიროებით იყო ნაკარნახევი.
ის, რაც თითქოს ყველასათვის ნათელი უნდა იყოს, - დღესასწაულებზე და, მათ შორის, აღდგომის დღესასწაულზე ადამიანებს რომ ნათესავებისა და ახლობლების საფლავების მონახულებაში ხელი არ უნდა შეუშალო, - ცხინვალს, უკვე წლებია, ვერავინ გააგებინა. მისი სამოქმედო სქემა მარტივია: იკეტება გზები პერევისა და ახალგორის მიმართულებებით, ხოლო დარჩენილ ტერიტორიაზე ადამიანებს გადაადგილების საშუალებას მავთულხლართები და სხვა ტიპის კონსტრუქციები უზღუდავს.
როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, ეს პრობლემა უკვე წლებს ითვლის:
„მიუხედავად საქართველოს მთავრობის, უკვე რამდენიმე წელია, მცდელობისა, არათუ ჩაიკეტოს, არამედ, პირიქით, გაიხსნას ასეთ დღეებში საოკუპაციო ხაზი რამდენიმე საათით მაინც, აი, ეს ვერ ხერხდება“.
პრობლემის მოგვარება ვერ ხერხდება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მთავარი ქმედითი ინსტრუმენტია. ამ ფორმატით ერგნეთში გამართულ ბოლო შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ისევ დააყენა სადღესასწაულო დღეებში საოკუპაციო ზოლზე გადაადგილების გაადვილების საკითხი, მაგრამ ოსურმა მხარემ ისევ უარი თქვა. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინებოდა ერგნეთიდან, ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ განაცხადა, რომ პრობლემა სისტემური შეთანხმებით უნდა მოგვარდეს. ის ფიქრობს, რომ ქართულ მხარეს ეს საკითხი მხოლოდ დღესასწაულის დღეებში ახსენდება.
ისინი ყოველთვის ამბობდნენ, რომ ამის წინააღმდეგი არ არიან, მაგრამ, მოდით, ჯერ დავსხდეთ, საზღვრის დემარკაციაზე ვისაუბროთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტოთო ეს საკითხი...დავით ზალკალიანი
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, ჟენევაში საქართველოს დელეგაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სადღესასწაულო დღეებში საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების პრობლემას ცხინვალი მუდამ სავაჭრო თემად იყენებდა და საქართველოსთვის მიუღებელ სანაცვლოს ითხოვდა:
„საერთოდ, როდესაც ამ ჰუმანიტარულ საკითხზე ვსაუბრობდით – არამარტო სააღდგომო თემების კონტექსტში – და ადამიანების გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებას ვუსვამდით ხაზს, ისინი ყოველთვის ამბობდნენ, რომ ამის წინააღმდეგი არ არიან, მაგრამ, მოდით, ჯერ დავსხდეთ, საზღვრის დემარკაციაზე ვისაუბროთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტოთო ეს საკითხი... ანუ სულ სხვა ჭრილში სურდათ ამ საკითხის გადაყვანა“.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაუძლეველი პრობლემის ფონზე მხოლოდ ერთი გამონაკლისი გამოიკვეთა – 2014 წელს. კერძოდ, გიორგობის დღესასწაულისთვის სოფელ აძვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიაში გორი-ატენის მიტროპოლიტი წირვა-ლოცვის ჩასატარებლად რამდენიმე საათით მრევლთან ერთად დაუშვეს.