19 თებერვალს გაგრძელდება სასამართლო პროცესი დემირელის სახელობის კოლეჯის ყოფილი მმართველის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხზე. 6 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოსამართლემ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა. მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატებმა პროკურატურის შუამდგომლობის თაობაზე წერილობითი და არგუმენტირებული პოზიციის წარსადგენად სასამართლოსგან გონივრული ვადა მოითხოვეს. ამასთან, მოსამართლის განმარტებით, საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის, საიას თავმჯდომარისა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის დირექტორის, სასამართლოს მეგობრის პოზიციების გასაცნობად მას დრო სჭირდება. სასამართლოს მეგობრის სტატუსით სამოქალაქო სექტორის ერთმა ნაწილმა მოსამართლეს 5 თებერვალს მიმართა.
დემირელის სახელობის კოლეჯის ყოფილი მმართველის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის, თურქეთში ექსტრადირების საკითხზე სასამართლომ 6 თებერვალს დაიწყო მსჯელობა. ექსტრადირების დასაშვებად ცნობის შუამდგომლობით სასამართლოს მთავარმა პროკურატურამ 5 თებერვალს მიმართა. ამ დღესვე შევიდა სასამართლოში სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილისა და სახალხო დამცველის, როგორც სასამართლოს მეგობრის, შუამდგომლობა. ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა სასამართლოს მოუწოდა ეხელმძღვანელა ადგილობრივი და საერთაშორისო სამართლის ნორმებით და შეეჩერებინა ჩაბუქის ექსტრადირების პროცესი.
გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა პირი არ დაექვემდებაროს სამართლიანი სასამართლოს განხილვას, ვინაიდან თურქეთში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ბრალდებულებს წაერთვათ ადვოკატთან კონფიდენციალური წვდომის უფლება, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ფიქრობს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს თურქეთში შეიძლება არაადამიანური მოპყრობის საფრთხე დაემუქროს:
„ევროკავშირის წევრი მთელი რიგი ქვეყნები უარს ეუბნებიან თურქეთის რესპუბლიკას ექსტრადიციის თაობაზე და ადგილობრივი სასამართლოები ასევე არ მიიჩნევენ სათანადო დასაბუთებად თურქეთის მიერ გაცემულ დიპლომატიურ გარანტიებს და, ვფიქრობ, ჩვენი სასამართლოს მიერაც აღნიშნული გარემოებები უნდა იყოს გათვალისწინებული“.
6 თებერვლის სასამართლო სხდომის შემდეგ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ თუ მოსამართლე 19 თებერვალს ჩაბუქის ექსტრადირების გადაწყვეტილებას მიიღებს, მას ჯერ უზენაეს, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებს:
„არ იქნა გათვალისწინებული, რომ სწორედ იმის გამო, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ოჯახის წევრების მიმართ მუქარას აქვს ადგილი, ოჯახის წევრები ჩართული არიან დაცვის სპეციალურ პროგრამაში. წარმოდგენილია სახალხო დამცველის ვრცელი მოსაზრება, როგორც სასამართლოს მეგობრის, არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები და ვფიქრობ, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო გადაიდო სხდომა 19 თებერვლისათვის. იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა, მას, ბუნებრივია, უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებთ“.
დემირელის სახელობის კოლეჯის ყოფილი მმართველი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი, 2017 წლის მაისიდან იმყოფება წინასაექსტრადიციო პატიმრობაში. მის გადაცემას საქართველოსგან ითხოვს თურქეთის ხელისუფლება, რომელიც ჩაბუქს ადანაშაულებს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში. მუსტაფა ემრე ჩაბუქი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ თურქეთში ექსტრადიციის შემთხვევაში მას ემუქრება პოლიტიკური მოტივით დევნისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხე. მუსტაფა ემრე ჩაბუქს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა 24 თებერვალს უმთავრდება.
ბრალდების მხარემ საპატიმრო ვადის ამოწურვა მიიჩნია, როგორც პროცესისათვის ხელის შემშლელი ფაქტორი, სასამართლო პროცესის 19 თებერვლამდე გადადების, გაპროტესტების საფუძვლად.
„მათ განაცხადეს, რომ სჭირდებათ გარკვეული დრო, რათა გაეცნონ ჩვენ მიერ წარდგენილ პოზიციას სასამართლოში, რასაც ჩვენ არ დავეთანხმეთ, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, გარკვეულწილად შეზღუდული ვართ საპატიმრო ვადებში. თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ გარდა დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობისა, მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი იყო სასამართლოს მეგობრის პოზიციები, საჭირო იყო გარკვეული დრო ამ მასალების გასაცნობად და, შესაბამისად, სხდომა გადაიდო 19 თებერვლისათვის“, თქვა პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა.
საკითხის პოლიტიკურ მნიშვნელობას უსვამენ ხაზს ოპოზიციის წარმომადგენლები. „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე ვარაუდობს, რომ სასამართლო იხელმძღვანელებს ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობით და გულდასმით შესწავლილი საქმის გარემოებებზე დაყრდნობით გამოიტანს გადაწყვეტილებას:
„თუ არ აღმოჩნდა ასე და ჩვენი მართლმსაჯულება ვერ უპასუხებს შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებს, ადვოკატს ექნება შესაძლებლობა, რომ მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და მოითხოვოს დროებითი ღონისძიების გამოყენება“.
ხელისუფლების წარმომადგენლები სასამართლოს ანდობენ გადაწყვეტილების მიღებას. მედიასთან ამის თაობაზე „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა დავით მათიკაშვილმაც ილაპარაკა.
დღეს, როდესაც თურქეთში საკმაოდ მწვავე სიტუაციაა (და ამას მხოლოდ ჩვენ არ ვამბობთ, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს), რაღაც ისეთი ფორმა უნდა მოვიფიქროთ, რომ ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემა არ მოხდეს, იმიტომ რომ არანაირი გარანტია არ გვაქვს მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის მიმართ...გუგული მაღრაძე
„სასამართლოს საქმის მსვლელობისას, ცხადია, პოლიტიკოსი ვერ ჩაერევა და, შესაბამისად, ვერ მოახდენს პოლიტიკურ გავლენას. ეს არის სასამართლოს საქმე. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ გადაწყვეტილება იქნება ობიექტური “.
მმართველი გუნდის წარმომადგენელთაგან განსხვავებული პოზიცია აქვს დეპუტატ გუგული მაღრაძეს.
„დღეს, როდესაც თურქეთში საკმაოდ მწვავე სიტუაციაა (და ამას მხოლოდ ჩვენ არ ვამბობთ, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს), რაღაც ისეთი ფორმა უნდა მოვიფიქროთ, რომ ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემა არ მოხდეს, იმიტომ რომ არანაირი გარანტია არ გვაქვს მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის მიმართ. თუკი იქნება რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც თავის თავზე აიღებს, რომ ჩაბუქს არაფერი დაემუქრება თურქეთში, მაშინ შეიძლება სხვანაირად გადავწყვიტოთ. თუმცა ჩვენ უნდა გვქონდეს გარანტია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან", - თქვა გუგული მაღრაძემ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
თურქეთში ჩაბუქის ექსტრადიციას დაუშვებლად მიიჩნევენ ქართველი უფლებადამცველები და არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია. 2017 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრომ ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა.
ჩაბუქის ადვოკატის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ბრძანებას ექსტრადირების შესახებ. განკარგულებაზე ხელის მოწერის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულდება.
იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის მინისტრი ხელს არ მოაწერს სასამართლოს გადაწყვეტილებას ექსტრადირების შესახებ, მაშინ პირი საექსტრადიციო პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს.
ადგილობრივი სასამართლო ინსტანციების ამოწურვის შემდეგ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატები, საჭიროების შემთხვევაში, დავას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში განაგრძობენ.