Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გახდა ასობით შუააზიელი "საზღვარგარეთ სამსახურის" შოვნის თაღლითური სქემის მსხვერპლი


ბრიტანელმა დამსაქმებლებმა, რომლებიც სეზონურ სამუშაოებს სთავაზობენ ცენტრალური აზიის მცხოვრებთ, გააფრთხილეს სამუშაოს მაძიებლები, რომ მხოლოდ ოფიციალურად დაფუძნებულ ფირმებთან ითანამშრომლონ.
ბრიტანელმა დამსაქმებლებმა, რომლებიც სეზონურ სამუშაოებს სთავაზობენ ცენტრალური აზიის მცხოვრებთ, გააფრთხილეს სამუშაოს მაძიებლები, რომ მხოლოდ ოფიციალურად დაფუძნებულ ფირმებთან ითანამშრომლონ.

სობით შუააზიელს ფული დასტყუეს თაღლითებმა, რომლებიც თავს შუამავლებად - ფირმების წარმომადგენლებად - ასაღებდნენ და მათ ვიზებსა და საზღვარგარეთ "კარგად ანაზღაურებად" სამუშაოს სთავაზობდნენ. უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გამოვლინდა თაღლითების ჯგუფი, რომლის წევრებმაც თავიანთ მსხვერპლს წინასწარ გაახდევინეს მთლიანად, დაახლოებით 50 000 დოლარი არარსებული სამსახურებისთვის საზღვარგარეთ. ამის თაობაზე ივნისში იტყობინებოდა უზბეკეთის პროკურატურა.

პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებით, თაღლითები - უზბეკეთის მოქალაქეები - ხალხს ეუბნებოდნენ, რომ მათი ნაცნობები დასავლეთის ქვეყნების საელჩოებში მუშაობდნენ და შეეძლოთ ვიზების გაკეთება, რისთვისაც თანხის წინასწარ გადახდას ითხოვდნენ.

მსგავსი შემთხვევები იყო მეზობელ ყირგიზეთსა და ყაზახეთშიც, სადაც თაღლითები ინფორმაციას თავიანთ "მომსახურებაზე" უცხოეთში სამუშაოთი უზრუნველყოფის შესახებ, უმეტესად სოციალური მედიით ავრცელებდნენ.

სამსახურში მოწყობის მსგავსი თაღლითური სქემები ადრეც მოქმედებდა, მაგრამ ყალბი ფირმებისა და ცალკეული თაღლითების რიცხვმა უკანასკნელ თვეში მკვეთრად იმატა, რადგან საზღვარგარეთ მოგზაურობაზე კორონავირუსის პანდემიის გამო შეზღუდვები შემსუბუქდა, აფრთხილებენ ხალხს მთავრობები და ექსპერტები.

ცენტრალური აზიიდან სამუშაოს მაძიებლები, დაუცველი პირები, თაღლითების სამიზნე გახდნენ რუსეთშიც, სადაც მილიონობით მიგრანტმა მუშამ დაინახა, რომ მათი ხელფასი და დასაქმების შესაძლებლობები შემცირდა ომის შედეგად გამოწვეული მკაცრი ეკონომიკური სანქციების გამო.

150-ზე მეტმა მიგრანტმა ყირგიზეთიდან, სულ მცირე, 1600-1600 დოლარი გადაუხადა კერძო „კომპანიას“ მოსკოვში, რომელიც მათ კარგად ანაზღაურებად სეზონურ სამუშაოს ჰპირდებოდა ევროპაში, მაგრამ საბოლოოდ სამუშაო ვერ მიიღეს და ფულიც დაკარგეს.

კომპანიამ, სახელწოდებით Immigration 365, ყირგიზეთის მოქალაქეებს მოსთხოვა, წინასწარ გადაეხადათ მისი მომსახურების საფასური, რომელიც თითქოს სამუშაო ვიზისა და სამუშაოზე მოწყობის ხარჯებს მოიცავდა, განუცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა რადიო თავისუფლების ყირგიზულ სამსახურს.

44 წლის აიზადა მურადილოვა ამბობს, რომ დაახლოებით 2000 დოლარი გადაუხადა Immigration 365-ს, რომელიც მას სამუშაოს ჰპირდებოდა თებერვალში, ჩრდილოეთ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში, სასოფლო-სამეურნეო სფეროში.

"სულ აჭიანურებდნენ, ჯერ თებერვლიდან მარტამდე, მერე აპრილამდე", ამბობს ის. "როცა მათ ოფისში მივედი აპრილში, მითხრეს, რომ [დამსაქმებელმა] მოწვევა გამომიგზავნა და რომ მალე წავიდოდი [ევროპაში]. მაგრამ [მოწვევა] ჩემთვის არ უჩვენებიათ".

კომპანიამ მურადილოვას უთხრა, გამოეტანა თავისი ვიზა ქალაქ ეკატერინბურგის საკონსულოდან. მურადილოვა მოსკოვიდან ეკატერინბურგში გაემგზავრა, რომელიც 1670 კმ-ის მოშორებითაა რუსეთის დედაქალაქისგან და იქ აღმოაჩინა, რომ საქმე თაღლითებთან ჰქონდა.

მოსკოვში ყირგიზეთის საელჩოს დიპლომატებმა დაადასტურეს, რომ მურადილოვამ და სხვა ყირგიზმა დაზარალებულებმა მათ მიმართეს ზარალის ანაზღაურებაში დახმარებისა და თაღლითების დაჭერის თხოვნით. რუსეთის პოლიციამ თაღლითობის ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო, განაცხადა საელჩომ.

ამ წლის მხოლოდ პირველი სამი თვის განმავლობაში, ყირგიზეთში პოლიციამ სისხლის სამართლის 32 საქმის გამოძიება დაიწყო სავარაუდო საიმიგრაციო თაღლითობის საქმეების შესახებ, მათ შორის იყო ყალბი სამუშაო შეთავაზებები ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და სამხრეთ კორეაში.

"მარწყვის საკრეფად ბრიტანეთში"

უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ათასობით შუააზიელი იყო კანონიერად დასაქმებული სეზონურ ფერმერულ სამუშაოებზე ბრიტანეთში, რათა შეევსოთ იქ არა მხოლოდ ბრექსიტის გამო შემცირებული სამუშაო ძალები.

ცენტრალური აზიიდან მუშები შეირჩა მესამე მხარის მეშვეობით - ოფიციალურად რეგისტრირებული შუამავლების მიერ, რომელთაც კონტრაქტები აქვთ ბრიტანულ ფირმებთან.

ცენტრალური აზიის ქვეყნებში თაღლითები სწრაფად ამოქმედდნენ და თავს ბრიტანეთში დამსაქმებელი ფირმების წარმომადგენლებად აცხადებდნენ.

ყირგიზეთისა და უზბეკეთის პოლიციამ განაცხადა, რომ თაღლითები ხშირად 100-სა და 1000-ს დოლარს შორის თანხას ითხოვდნენ სამუშაოს მაძიებლებისგან იმისთვის, რომ "მარწყვი დაეკრიფათ ბრიტანეთში".

სეზონური მუშა მარწყვის კრეფის დროს ინგლისში
სეზონური მუშა მარწყვის კრეფის დროს ინგლისში

ბრიტანელი დამსაქმებლები აფრთხილებდნენ პოტენციურ მუშებს ცენტრალური აზიიდან, ფხიზლად ყოფილიყვნენ, რათა თაღლითების მსხვერპლი არ გამხდარიყვნენ.

ბრიტანულმა კომპანიამ Fruitful Jobs მოუწოდა სამუშაოს პოტენციურ მაძიებლებს ცენტრალურ აზიაში, რომ განაცხადები შეეტანათ AGRI HR-ის მეშვეობით, ერთადერთი დამსაქმებელი ფირმისა, რომელთანაც ის თანამშრომლობს.

"თაღლითობის მრავალ შემთხვევასთან დაკავშირებით... გვსურს, გაცნობოთ, რომ Osrodek HR (Fruitful Jobs-ის ოფიციალური დამსაქმებელი) არ თანამშრომლობს და არ ჰყავს უფლებამოსილი წარმომადგენლები უზბეკეთში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში ან ყაზახეთში", გაავრცელა ინფორმაცია კომპანიამ.

"ნებისმიერი პირი, რომელიც ამტკიცებს, რომ არის ჩვენი წარმომადგენელი, იქცევა უკანონოდ. გთხოვთ, ნუ გადაუხდით გადასახადს რომელიმე კომპანიას ან ცალკეულ პირს და პირდაპირ დაგვიკავშირდით ჩვენ და შეგვატყობინეთ ამის შესახებ", ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ცენტრალური აზიის ხელისუფლებამ სამუშაოს მაძიებლებს ურჩია, სამუშაო კანონიერი არხების მეშვეობით ეძებონ და გულდასმით შეამოწმონ დამსაქმებელი კომპანიის ოფიციალური მონაცემები.

ის აფრთხილებს სამუშაოს მაძიებლებს, საქმე არ დაიჭირონ მათთან, ვინც წინასწარ გადახდას მოითხოვს.

"არალეგალური კომპანიების რიცხვი, რომლებიც ლიცენზიის გარეშე მუშაობენ, იზრდება", ამბობს უზბეკეთის დასაქმების სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირი, ზოჰიდ ასკაროვი.

"კანონის თანახმად, მხოლოდ ოფიციალურად დარეგისტრირებულ კომპანიას აქვს საზღვარგარეთ დასაქმების უფლება, ამიტომ ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს, შეამოწმონ კომპანიის საქმიანობა [სანამ გადაუხდიან მათ]", თქვა ასკაროვმა ტაშკენტში გამართულ შეკრებაზე.

ექსპერტები ამბობენ, რომ თაღლითები ბოროტად სარგებლობენ იმით, რომ ხალხს საკმარისი ცოდნა არ აქვს სამუშაო და სავიზო რეგულაციების შესახებ და უცხო ენებსაც ვერ ფლობენ საკმარისად.

"როცა კომპანია გეუბნება, რომ სამუშაო ვიზას ორ კვირაში გაგიკეთებს და წინასწარ ფულის გადახდას გთხოვს ამაში, არ უნდა ენდო. ჩვეულებრივ, სამუშაო ვიზის მიღებას სამიდან ექვს თვემდე სჭირდება", ამბობს დანიარ მუკანბეტოვი, კერძო დამსაქმებელი ფირმის მმართველი ყირგიზეთში.

XS
SM
MD
LG