Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

C ჰეპატიტის მართვის ზუგდიდის ცენტრს აფხაზი პაციენტებიც მიმართავენ


C ჰეპატიტის მართვის ზუგდიდის ცენტრი
C ჰეპატიტის მართვის ზუგდიდის ცენტრი

ზუგდიდში მოქმედ C ჰეპატიტის მართვის ცენტრის მომსახურებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობის პარალელურად, ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლები - მათ შორის ეთნიკური აფხაზები - სარგებლობენ. უახლესი აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულება ვირუსის გამოვლენის გარდა მის გენოტიპს ადგენს, დადასტურების შემთხვევაში კი მოქალაქეები ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ერთვებიან.

კლინიკის ხელმძღვანელ ვლადიმერ მიქავას განცხადებით, წელიწად-ნახევრის მანძილზე, რაც ცენტრი ფუნქციონირებს, 1 700-მდე ადამიანი მიიღეს. აქედან C ჰეპატიტი 375-ს აღმოაჩნდა. მკურნალობის სრული კურსი უკვე გაიარა 300-მა პირმა, განკურნების თითქმის 100 %-იანი მაჩვენებლით. ამ ეტაპზე მკურნალობას 139 პაციენტი განაგრძობს. ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მიღებული პაციენტების 20% აფხაზეთიდან იყო გადმოსული.

ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორია
ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორია

„დღეში საშუალოდ ვიღებთ 15-20 პაციენტს. მათ შორის არიან აფხაზეთიდან გადმოსული იძულებით გადაადგილებული პირები, დაახლოებით, 15-20 %. არიან ეთნიკური აფხაზებიც. 20 ადამიანამდე უკვე გვყავდა. მათ ნეიტრალური პასპორტები ჰქონდათ. არიან ისეთებიც, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს პროგრამაში ჩართვის და ამ პასპორტების აღების“, - განმარტავს C ჰეპატიტის მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ მიქავა.

სამედიცინო დაწესებულება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით მუშაობს, დილის ათის ნახევრიდან საღამოს ხუთ საათამდე. აქ მოქმედებს ლაბორატორიაც, სადაც ყველა საჭირო გამოკვლევა ტარდება. პროცესი რამდენიმე საფეხურს მოიცავს, რომელიც 12 ან 24 კვირას გრძელდება.

ვირუსის გავრცელების მაჩვენებლით, უკვე რამდენიმე წელია, სამეგრელო-ზემო სვანეთი პირველ ადგილზეა რეგიონებს შორის, ქალაქებს შორის კი მოწინავე პოზიციაზე ზუგდიდია. სწორედ ეს გახდა მიზეზი რეგიონში C ჰეპატიტის მართვის ცენტრის გახსნისა. ცენტრის ექიმ-ინფექციონისტ მზია გაბედავას განმარტებით,დაწესებულებას ვირუსის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე აქტიურად მიმართავენ პაციენტები, რომელთა დიდი უმრავლესობა უკვე განიკურნა:

C ჰეპატიტის მართვის ზუგდიდის ცენტრი
C ჰეპატიტის მართვის ზუგდიდის ცენტრი

„სამეგრელოს მოსახლეობა ძირითადად დადის რუსეთში, უკრაინაში და ვფიქრობთ, რომ იქიდან არის შემოსული, რომელიც უკვე სხვადასხვა მანიპულაციებით ვრცელდება აქ. რაც შეეხება აფხაზებს, მათ უმრავლესობას მიწერა აქ აქვს. 30 %-ს სახელმწიფო უფინანსებს, დანარჩენს მერია, იმის მიხედვით, თუ სად არიან მიწერილი. თუ არ აქვს მიწერა, თვითონ იხდის თანხას, 250 ლარამდე, დაახლოებით, მკურნალობის მონიტორინგის დროს კი კიდევ 150 ლარამდე“, - გვითხრა მზია გაბედავამ.

მისივე განმარტებით, მიმდინარე წლის აპრილიდან მოქმედებს საპილოტე პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უბნის ექიმები კარდაკარ დადიან და მოქალაქეებს სკრინინგს უტარებენ. გაბედავა ამბობს, რომ შედეგად ვირუსით დაავადებულთა გამოვლენის მაჩვენებელმა იმატა.

„სკრინინგის შემდგომ მოგვმართავენ და ამიტომაც იმატა რაოდენობამ. შეიძლება პაციენტს C ჰეპატიტი ჰქონდა, მაგრამ არ იცოდა და ამ კარდაკარ შემოვლის შემდეგ დადგინდა და მოგვმართა“.

C ჰეპატიტის მართვის ზუგდიდის ცენტრი
C ჰეპატიტის მართვის ზუგდიდის ცენტრი

ექიმის განმარტებით, დიაგნოზის მიმართ შიში ბევრ მოქალაქეს აქვს, თუმცა ვირუსი ადვილად ინკურნება. ამიტომაც, რაც უფრო საწყის ეტაპზე მიმართავენ ცენტრს პაციენტები, შედეგიც ბევრად ეფექტური იქნება.

ზუგდიდში C ჰეპატიტის მართვის ცენტრი 2017 წლის 22 მარტს გაიხსნა. მისი მშენებლობისთვის მილიონ 88 ათასი ლარი დაიხარჯა.

XS
SM
MD
LG