Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

C ჰეპატიტის ელიმინაცია - გამოსავლენია 100 ათასამდე ინფიცირებული


მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან C ჰეპატიტის მკურნალობაში ჩართვისთვის ვირუსის გენეტიკური ტიპის კვლევის ღირებულებას სახელმწიფო დააფინანსებს.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში

  • C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში კომპანია „გილეადისა“ და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახმარებით ხორციელდება.
  • პროგრამაში მონაწილე ადამიანების განკურნების მაჩვენებელი 98 პროცენტს შეადგენს.
  • ჯანდაცვის სამინისტრო და სამოქალაქო აქტივისტები პოტენციურად ინფიცირებულ 100 000 ადამიანს მოუწოდებენ, მინიმალური დანახარჯებით დაამარცხონ ვირუსი.
  • 1 სექტემბრიდან, კვლევების ღირებულების 140 ლარით შემცირების შემდეგ, პაციენტის მაქსიმალური ხარჯი, დაახლოებით, 160 ლარი იქნება.

ეს კი, ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, 140 ლარით გააიაფებს კვლევების ჯამურ ღირებულებას. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სპეციალური შეღავათი ამოქმედდება ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის - პროგრამაში ჩართვისთვის საჭირო კვლევებს სახელმწიფო მათ 70 %-ით დაუფინანსებს. კიდევ ერთი სიახლე განხორციელდა პროგრამის ადმინისტრირების მიმართულებით -კერძოდ, პროგრამაში ჩართვისთვის რეგისტრაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს გვერდის ავლით, პირდაპირ პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებებში იქნება შესაძლებელი. პროგრამის ფარგლებში, დაწყებულია სამედიცინო დაწესებულებების დეცენტრალიზაციის პროცესიც.

როგორ ვიპოვოთ 100 000 "დაკარგული" ადამიანი

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებისთვის საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა, სპეციალური პოპულაციური კვლევით, 150 000 ადამიანი უნდა ყოფილიყო. სამი წლის განმავლობაში მკურნალობა 50 000-მდე პაციენტმა დაასრულა. მათი განკურნების მაჩვენებელი 98 პროცენტია. პოტენციურად დარჩენილია კიდევ 100 000 ადამიანი, რომელთა გამოვლენასაც სახელმწიფო პროაქტიულად გეგმავს. დაახლოებით, ერთი თვის წინ, შესაბამისად, C ჰეპატიტის ელიმინაციის მეორე ეტაპი გამოცხადდა, რაც სწორედ ამ 100 000 ადამიანის მკურნალობას ითვალისწინებს. ამ ეტაპის სირთულე, პირველისგან განსხვავებით, ისაა, რომ ამ ადამიანების 90-მა პროცენტმა არ იცის, რომ დაავადებულია და თავისი C სტატუსის დადგენას არ ჩქარობს. როგორც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე გვიხსნის, „დაიწყო უკვე ეგრეთ წოდებული აქტიური გამოვლენა, ანუ არა იმათი გასინჯვა, ვისაც ეჭვი აქვს, რომ C ჰეპატიტი აქვს, არამედ ვისაც ეჭვი არა აქვს, და ამისთვის სხვადასხვა მეთოდები არსებობს, მათ შორის კარდაკარ და ბინა-ბინა სიარული, ან უმაღლეს სასწავლებლებში, ან ორგანიზებულ ჯგუფებში, ქარხნებში, უნივერსიტეტებში, ძალოვან ფორმირებებში, საჯარისო ფორმირებებში. მოკლედ, ბევრი მეთოდი არსებობს“.

ინფიცირებულთა გამოვლენის ერთ-ერთი მეთოდია სტაციონარებში გამოკვლევა, რაც, პრაქტიკულად, უკვე მიმდინარეობს. სამინისტრო, ცალკეული სამსახურების დახმარებით, ეძებს იმ ადამიანებსაც, ვისაც ტესტირებით თუ პირველადი გამოკვლევით დაუდგინდა C ჰეპატიტი, მაგრამ პროგრამაში აღარ ჩაერთო.

ბარიერები, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს

იმ 100 000 ადამიანს შორის, ვის გამოვლენასაც C ჰეპატიტის ელიმინაციის მეორე ეტაპზე პროაქტიულად გეგმავს სახელმწიფო, ექიმ ინა ინარიძის შეფასებით, მართლაც არიან ადამიანები, რომლებმაც იციან თავიანთი დაავადების შესახებ, მაგრამ გარკვეული ბარიერების გამო ვერ ერთვებიან პროგრამაში. მისივე თქმით, ბარიერებს შორის არის მოსახლეობის ინფორმირებულობის დაბალი დონე, დაავადებასთან დაკავშირებული მითები და სტერეოტიპები, ნარკოტიკების ინტრავენური მომხმარებლების ხილვადობის პრობლემა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. ამ ჩამონათვალში ინა ინარიძე პირველ ადგილზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობის პრობლემას განიხილავს:

ინა ინარიძე
ინა ინარიძე

„გეოგრაფიული ბარიერი მერე თავისთავად ებმება ფინანსურ ბარიერსაც, თუ ფინანსური ებმება გეოგრაფიულს. ეს არის ის ორი ბარიერი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია აღმოიფხვრას, იმიტომ რომ ამის გარეშე ძალიან ძნელი იქნება ელიმინაციის მიღწევა, ზოგადად, ქვეყანაში. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში არ არის არც ერთი კლინიკა, სადაც ადამიანი მივა და ჩაერთვება სახელმწიფო პროგრამაში, ანუ ადამიანმა სამცხე-ჯავახეთის ამხელა რეგიონიდან უნდა იაროს ან თბილისში, ან გორში. თან, ფინანსურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, თვეში ორჯერ უნდა ჩამოხვიდე წამლის ასაღებად“.

საქართველოს მთავრობის გათვლებით, უახლოეს მომავალში ვირუსის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ბენეფიციარები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეძლებენ. ყველა მუნიციპალიტეტში ამოქმედდება სპეციალური სამკურნალო ცენტრი და, ამას გარდა, პროცესში ასევე ჩაერთვებიან ზიანის შემცირების ცენტრები.

„დეცენტრალიზაცია გულისხმობს, რომ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იქნება მინიმუმ ერთი დაწესებულება, სადაც ჩატარდება როგორც დიაგნოსტიკა, ასევე მკურნალობა ერთი ფანქრის პრინციპით“, - გვითხრა ეკატერინე ადამიამ, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა.

ეკატერინე ადამია
ეკატერინე ადამია

“პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა ამ მიმართულებით. პირველ ეტაპზე ჩვენ ვგეგმავდით 8 დაწესებულების ჩართვას. აქედან 4 დაწესებულება არის პირველადი ჯანდაცვის, 4 დაწესებულება არის ზიანის შემცირების ცენტრი. აგვისტოს განმავლობაში მიდიოდა მოსამზადებელი სამუშაოები იმისთვის, რომ ეს დაწესებულებები ჩართულიყო და უკვე ისინიც ჩაერთვებიან ამ პროგრამაში. კლინიკები საჭიროებენ გარკვეულ მომზადებას პროცესისთვის, რომ დააკმაყოფილონ მოთხოვნები, რაც აქვს პროგრამას. პირველადი ჯანდაცვის ცენტრებშიც არის შესაძლებელი ამ პაციენტების მკურნალობა და, შესაბამისად, მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ ისინი დარეგისტრირდებიან სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმწოდებლებად და პროგრამაში ეტაპობრივად ჩაერთვებიან“.

ეკა ადამიას თანახმად, დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო შეძლებს მოიცვას ყველა მუნიციპალიტეტი და ყველგან მინიმუმ თითო დაწესებულება გაიხსნას. თავისი მიზანი აქვს პროგრამაში ზიანის შემცირების ცენტრების ჩართვას.

ინტრავენური ნარკომომხმარებლები

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მომსახურე დაწესებულებებში ერთვებიან ზიანის შემცირების ცენტრებიც. სახელმწიფო იმედოვნებს, რომ, ამ უკანასკნელთა დახმარებით, პროგრამაში ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფის - ნარკომომხმარებელთა - ჩართულობა გაიზრდება. თუმცა C ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნების მიღწევაში მისთვის ეს ჯგუფი, ინტრავენური ნარკომომხმარებლების სახით, სერიოზულ გამოწვევად რჩება. როგორც"ჰეპა+"-ისა და "ახალი ვექტორის" სოციალური აქტივისტი კოტე რუხაძე ამბობს, იმისათვის რომ ეს ადამიანები ხილვადები გახდნენ, მათ კრიმინალის სტატუსი უნდა მოეხსნათ.

კოტე რუხაძე
კოტე რუხაძე

„რეალურად რა გამოდის? - სახელმწიფო ერთი ხელით აკეთებს ძალიან კარგ საქმეს, რასაც ელიმინაცია ჰქვია, მაგრამ, მეორე მხრივ, უშლის და ბლოკავს ძირითად პროცესს, რამაც უნდა გამოიწვიოს ამ ადამიანების მიდინება და ჩართულობა ელიმინაციის პროგრამაში. ვერანაირ ელიმინაციას ვერ მივაღწევთ, თუ ეს ადამიანები იქნებიან კრიმინალიზებულები. ეს კი მიგვიყვანს იმასთან, რომ, სამწუხაროდ, მოხდება რეინფექციის ფაქტები და რეალურად ძალიან დიდი თანხა, რომელიც მართლა კარგ საქმეს ხმარდება, შეიძლება წყალში გადაყრილი აღმოჩნდეს“.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში კომპანია „გილეადისა“ და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახმარებით ხორციელდება და იგი უნიკალურია მთელ მსოფლიოში. პროგრამაში მონაწილე ადამიანების განკურნების მაჩვენებელი 98 პროცენტს შეადგენს. ჯანდაცვის სამინისტრო და სამოქალაქო აქტივისტები პოტენციურად ინფიცირებულ 100 000 ადამიანს მოუწოდებენ, გამოიყენონ უნიკალური შანსი და მინიმალური დანახარჯებით დაამარცხონ ვირუსი. 1 სექტემბრიდან, კვლევების ღირებულების 140 ლარით შემცირების შემდეგ, პაციენტის მაქსიმალური ხარჯი, დაახლოებით, 160 ლარი იქნება.

ვადაგასული მედიკამენტები

მაშინ, როდესაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში პაციენტების ჩასართავად 100 000 ადამიანი ჯერაც გამოსავლენია, ძვირად ღირებული მედიკამენტების გარკვეულ რაოდენობას, რომელიც 2000 პაციენტისთვის იყო გათვლილი, ვადა გაუვიდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო C ჰეპატიტის ელიმინაციის ფარგლებში მედიკამენტების განაწილების პროცესში არსებულ შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, პროგრამა თვეში დაახლოებით 3500 ადამიანის მკურნალობაზეა გათვლილი, თუმცა მიმდინარე წლის აპრილის თვეში მხოლოდ 1000 ადამიანმა ისარგებლა. მისივე თქმით, ბოლო დროს, საშუალოდ პროგრამაში ყოველთვიურად 800-1200 ადამიანი ერთვება მაშინ, როდესაც ეს რიცხვი 2015-2016 წლებში 3 ათასამდე იყო.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი, თავის მხრივ, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და 31 სამედიცინო დაწესებულებაშიC ჰეპატიტის პროგრამით განსაზღვრული სამკურნალო მედიკამენტების აღწერის მიზნით ინვენტარიზაციას აწარმოებს.

XS
SM
MD
LG