ვინ ჭრის და რა მიზეზით იჭრება ხეები ბორჯომში, ე. წ. პლატოს ტყეში? ამ ფაქტს მწვანეთა მოძრაობა აპროტესტებს. რა საფრთხეებზე ლაპარაკობენ და რას პასუხობენ გარემოს დამცველებს ეროვნულ სატყეო სააგენტოში?
ბორჯომში წიწვოვან ხეებს მასიურად ჭრიან. მუნიციპალიტეტის გამგეობამ ჯერ კიდევ 2015 წელს 1300 კუბური მეტრი დაზიანებული ხე ტყიდან საკუთარი ძალებით გამოიტანა, თუმცა პარაზიტი დიდ ტერიტორიას მოედო. ა/ო მწვანეთა მოძრაობის კოორდინატორი ბორჯომში ე.წ. პლატოს ტყის ტერიტორიაზე წიწვოვანი ხეების მასობრივ ჭრას აპროტესტებს. მარიზა ჯიქია ვარაუდობს, რომ დაზიანებულ ხეებთან ერთად საღი ხეებიც იჭრება.
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენელთან ერთად პლატოს ტყეში ჭრის პროცესს დააკვირდნენ და სიტუაციას ადგილზე კიდევ ერთხელ გაეცნენ. სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი მედიასთან განმარტავს, რომ მბეჭდავ ქერქიჭამიასთან ბრძოლის პრევენციული ღონისძიებები ბოლო წლებია ხორციელდება და მათ შორის არის სანიტარული ჭრებიც.
დაზიანებული ხე-ტყის მოჭრისთვის ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ტენდერი ოთხ კვარტალზე გამოაცხადა. ოთხივე ტენდერი შპს "777“-მა მოიგო. აღნიშნული სამუშაოებისთვის სულ 122 271 ლარია გამოყოფილი. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიას გამოყოფილ ტყეკაფებში 3 300 კუბური მეტრი საშეშე მერქნის მოჭრა, გაქერქვა და ადგილზე დასაწყობება ევალება. სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსი მამუკა ცინცაძე აცხადებს, რომ მოჭრილი ხეები კატეგორიებად დაიყოფა და მას შესაბამისი სამსახურები განკარგავენ.
სანიტარულ ჭრებს მონიტორინგს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა უწევს. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ტყეში ბუნებრივი განახლების პროცესი დაწყებულია, თუმცა მას ასობით წელი სჭირდება.