ტენდენციურობა, ნეპოტიზმი, მუქარა – ამ ბრალდებებს უყენებს გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ყოფილი უფროსი. ნატა კოპაძე აცხადებს, რომ ის გაათავისუფლეს მიზადასახულად, რათა მის ადგილას გამგებლის ახლობელი დანიშნულიყო. პრესსამსახურის ყოფილი უფროსი იმასაც ამტკიცებს, რომ გაჩუმების სანაცვლოდ მას კულტურის სამსახურში ხელშეკრულებით აყვანა შესთავაზეს, რაზეც კატეგორიული უარი განაცხადა.
ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და კატეგორიულად უარყოფს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯომარე. ზაზა ჩაჩანიძე მედიასთან განმარტავს, რომ ნატა კოპაძესა და მას შორის მუქარის ტონით საუბარი არ ყოფილა. საკრებულოს თავმჯდომარე იმასაც აღნიშნავს, რომ გამგეობის პრესსამსახურის ყოფილ უფროსთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და მისთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდა ნატა კოპაძეს მსგავსი კომენტარების გაკეთება.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ყოფილი უფროსი მუნიციპალიტეტის გამგებელს ნეპოტიზმში სდებს ბრალს და ამბობს, რომ ყველა ტენდერში, რომელიც ბორჯომში ცხადდება, დიმიტრი ყიფიანის ახლობლები იმარჯვებენ. საკრებულოს თავმჯდომარის მსგავსად, ყოფილი თანამშრომლის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი.
ნატა კოპაძე ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წელიწად-ნახევარი პრესსამსახურის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა. ამბობს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საყვედური არასდროს მიუღია. საკუთარი უფლებების დაცვას იგი სასამართლოს გზით აპირებს.