Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი


საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტში „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მსჯელობენ.

რა ძირითადი ცვლილებებია მოსალოდნელი საბიუჯეტო პარამეტრებსა და ცალკეული პროგრამების დაფინანსებაში?

ცვლილებების პაკეტის მიხედვით, შემოსულობები განისაზღვრა 9 მილიარდ 900 მილიონი ლარით. შემცირებული ეკონომიკური ზრდის ფონზე, 200 მილიონი ლარით შემცირდა გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების გეგმა, თუმცა გაზრდილია შემოსავლის მიღების სხვა წყაროები, მაგალითად, გრანტები და პრივატიზებიდან მისაღები შემოსულობები. ჯამში, ბიუჯეტის შემოსულობები გაზრდილია 25 მილიონი ლარით.

ცვლილებაა სესხების მიმართულებითაც: სახელმწიფო ვალების აღება, ჯამურად, 15 მლნ. ლარით იზრდება, საგარეო ვალი, - დაახლოებით, 185 მლნ. ლარით. მცირდება დონორების დაფინანსებული პროექტები. ჯამში, საგარეო ვალის ნაწილი 115 მილიონით იზრდება, ხოლო საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვება 100 მლნ. ლარით მცირდება.

გადასახდელები, ჯამში, უცვლელი დარჩა და 9 მილიარდ 575 მილიონი ლარით განისაზღვრა, თუმცა მიმდინარე ხარჯები იზრდება 15 მლნ ლარით, ხოლო კაპიტალური ხარჯები მცირდება 55 მლნ ლარით. ამასთან, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება მხოლოდ 48 მლნ ლარით, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი იზრდება 99 მლნ ლარით.

კონკრეტულ ასიგნებებს რაც შეეხება: ყველაზე დიდი - 8-პროცენტიანი - კლებაა სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სამინისტროების დაფინანსებაში, 7 პროცენტით არის შემცირებული შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება, 6 პროცენტით შემცირდა გარემოს დაცვის სამინისტროს პროგრამების დაფინანსება, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი შემცირდა, დაახლოებით, 55 მილიონი ლარით. კერძოდ, შემცირებულია საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებისკენ მიმართული და გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის ხარჯები. 4 პროცენტით არის გაზრდილი თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, უმეტესად - შრომის ანაზღაურებისა და კაპიტალური დანახარჯების ზრდის კუთხით.

განათლების მიმართულებით: შემცირებულია ზოგადი განათლების, კვლევითი ღონისძიებების, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესება, საზაფხულო სკოლები.

მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებში გამოთავისუფლებული რესურსი მიმართულია საერთო სახელმწიფოებრივ გადასახდელებში. კერძოდ, თანხები გადანაწილდა ბიუჯეტით გათვალისწინებულ ფონდებში, რათა გამოთავისუფლებული რესურსით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდეს. ამასთან, დამატებითი თანხები გადამისამართდა საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებასა და დაფარვაზე, რაც სახელმწიფო ვალუტის გაუფასურების გამო გარდაუვალი იყო.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ კორექტირებული ბიუჯეტი ვერ უზრუნველყოფს ლარის გაცვლითი კურსის დამატებითი გაუფასურების განეიტრალებას და არ ემსახურება ეკონომიკის სტიმულირებას.

XS
SM
MD
LG