Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილს აფხაზეთში „ყველაზე მაღალი კლასის“ სასტუმროს აშენება სურს


არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელი ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აფხაზებს სთავაზობს ბოტანიკური ბაღის გაშენებასა და უმაღლესი კლასის სასტუმროს აშენებას, მთელი მოგების ადგილზე დატოვების პერსპექტივით. ეს ინფორმაცია 26 სექტემბერს გახმაურდა, როცა ყოფილი პრემიერ-მინისტრი რუსთავში ჟურნალისტებთან მორიგ შეხვედრას მართავდა. ოკუპირებული აფხაზეთიდან მკაფიო პასუხი ჯერ არ შემოუთვლიათ, თუმცა ბიძინა ივანიშვილის შეთავაზების გარშემო მოსაზრებები უკვე გამოითქვა თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე: რამდენად გამართლებულია შეთავაზების შინაარსი თუ ფორმა, როგორ შეიძლება აღიქვან ის აფხაზეთში და იმუშავებს თუ არა უმაღლესი კლასის სასტუმრო აფხაზეთის უკუპირებულ ტერიტორიაზე?

ვარსკვლავების რაოდენობა არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ აფხაზი ძმებისთვის შეთავაზებული სასტუმრო იქნება „უნიკალური“ და „ყველაზე მაღალი კლასის“ სასტუმრო - ისეთივე, როგორიც განმუხურში უნდა აშენდეს, საოკუპაციო ხაზთან ძალიან ახლოს.გარდა ამისა, განმუხურში, სასტუმროს უკანა მხარეს, დაგეგმილია ბოტანიკური ბაღის გაშენება, სადაც, ივანიშვილის თქმით, კოლხური მცენარეების გარდა, თავს მოიყრის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი უნიკალური მცენარეები. თუკი აფხაზებიც ისურვებენ, ასეთი ბოტანიკური ბაღი ე. წ. „გამყოფი ზოლის“ იქითაც გაშენდება. როგორც ექს-პრემიერი ამბობს, სასტუმროს პროექტზე თანაინვესტირების ფონდის ფული დაიხარჯება, ხოლო ბოტანიკურ ბაღს ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს. პირველი პირის მხოლობითი რიცხვი მიგვანიშნებს, რომ ივანიშვილი შეთავაზებას საკუთარი სახელით აკეთებს:

„გამყოფ ხაზს იქითაც ვთავაზობ საქმიან წინადადებას, რომ ასეთივე კლასის სასტუმროს ავაშენებდი, თუ მათი კეთილი ნება იქნება (ჩვენი ძმების) და, ასევე, გავაგრძელებდი ბოტანიკურ ბაღს და უფრო დიდიც, უფრო მასშტაბურიც შეიძლებოდა ყოფილიყო გამყოფ ხაზს იქით. ამავდროულად, სასტუმროდან მიღებული ყველა მოგება მოხმარდებოდა (თანხმობის შემთხვევაში) ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას. ამით მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა ჩვენი ურთიერთობის აღდგენაში და გარკვეული საფუძველი ჩაყროდა იმ ნდობის აღდგენასა და დაბრუნებას, რაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გაგვაჩნდა“.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, იყო ამ შეთავაზების აფხაზებამდე მიტანის მცდელობა. მან არ იცის, საბოლოოდ რა შედეგით დასრულდა, მაგრამ ვარაუდობს, რომ,„სამწუხაროდ, ვერ მოხდა ამ საკითხის შეჯერება“.

ექს-პრემიერის შეთავაზება მოქმედმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმაც გაიმეორა დღის მეორე ნახევარში, როდესაც განმუხურში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროსა და ბოტანიკური ბაღის პრეზენტაცია გაიმართა. „ეს არის უკვე კონკრეტული წინადადება, რომ ჩვენი აფხაზი ძმები გავხადოთ ჩვენი განვითარების მონაწილე და თანაზიარი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ზოგადად, გასაგებია, რომ ქვეყნის გამთლიანება გადის სხვადასხვა მიმართულებით ინტეგრაციულ პროცესებზე. ეს არის კულტურული რეინტეგრაცია, ეკონომიკური რეინტეგრაცია, მაგრამ არა ამ სახით, როცა საუბრობს, მე აგიშენებთ, მე გაგიკეთებთო...
გია ხუხაშვილი

შეთავაზება საინტერესოდ მიაჩნია "მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტ - საქართველოს" ხელმძღვანელს, ლევან გერაძეს, და დარწმუნებულია იმაშიც, რომ ინტერესი ოკუპირებულ ტერიტორიაზეც გაჩნდება, თუმცა, როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, საეჭვოა, რომ დაინტერესება თანხმობასა და კონკრეტულ საქმეში გადაიზარდოს. გასათვალისწინებელია, რომ ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და, როგორც რეალობა ცხადყოფს, ოკუპანტები ხელს უშლიან აფხაზებისა და ქართველების შერიგებას.

„მოგეხსენებათ, (აფხაზები) საკუთარ თავზე ნაკლებად არიან დამოკიდებული და ძალიან ბევრი რამე წყდება არა აფხაზეთში, არამედ აფხაზეთს გარეთ. სამწუხაროდ, ასე ადვილად არ ხდება და მხოლოდ აფხაზებისა და ქართველების სურვილით არ გვარდება ეს კონფლიქტი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლევან გერაძემ.

„არ მგონია, რომ ამ შეთავაზებას რაიმე დატვირთვა ჰქონდეს“ - ეს უკვე "საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის" დამფუძნებლის, გია ხუხაშვილის, სიტყვებია. ბიძინა ივანიშვილის მიერ 26 სექტემბერს გახმაურებულ შეთავაზებას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ექსპერტმა „უხეში საჯარო შეთავაზება“ უწოდა. ის ფიქრობს, რომ შეთავაზება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი უფროა იმის დემონსტრირებისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი მზად არის მასშტაბური ინვესტიციის ჩასადებად. გია ხუხაშვილის თქმით, აფხაზებსა და ქართველებს შორის არსებული პრობლემები მხოლოდ ეკონომიკური ხასიათის არ არის და ასეთი შეთავაზება არ იმუშავებს, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ნდობა არ არსებობს:

„ზოგადად, გასაგებია, რომ ქვეყნის გამთლიანება გადის სხვადასხვა მიმართულებით ინტეგრაციულ პროცესებზე. ეს არის კულტურული რეინტეგრაცია, ეკონომიკური რეინტეგრაცია, მაგრამ არა ამ სახით, როცა საუბრობს, მე აგიშენებთ, მე გაგიკეთებთო... თანამშრომლობის ინიციატივები უნდა იყოს და ყველაფერი ნებაყოფლობით უნდა ხდებოდეს. ორმხრივი მოძრაობა უნდა იყოს და არა ცალმხრივი“.

იმ ფონზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი შეთავაზებას საკუთარი სახელით ახმაურებს,ეკონომისტ ვახტანგ ჭარაიას აინტერესებს, ხომ არ აღმოჩნდება ეს სვლა წინააღმდეგობაში კანონთან ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, როდესაც კერძო პირებს ეკრძალებათ პირდაპირი ინვესტიციების განხორციელება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. თუმცა, რადგანაც ბიძინა ივანიშვილის თქმით, შეთავაზებული სასტუმროს მთელი მოგება ადგილზე უნდა დაიხარჯოს, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ვახტანგ ჭარაია ვარაუდობს, რომ კანონი არ დაირღვევა:

„მაშინ ეს გამოდის საჩუქარი და, აი, ასეთი ფორმით თუ განვიხილავთ, მაშინ პრობლემა არ იქნება. პირიქით, თუკი უფრო მეტი ინვესტორი გამოჩნდება, ვინც შეძლებს ჩვენი აფხაზი მოქალაქეებისთვის კეთილდღეობის უზრუნველყოფას, მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ“.

გაამართლებს 5-ვარსკვლავიანი ძვირად ღირებული სასტუმრო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელსაც ძირითადად იაფი სერვისის მაძიებელი რუსი ტურისტები სტუმრობენ? - ამ შეკითხვაზე ეკონომისტების უმრავლესობას უარყოფითი პასუხი აქვს და ასე ფიქრობს ვახტანგ ჭარაიაც, თუმცა იმის გამო, რომ, შეთავაზების თანახმად, სასტუმრო ნაჩუქარი იქნება და ინვესტორი დახარჯული ფულის ამოღებაზე არ იფიქრებს, ეკონომისტის აზრით, სასტუმროში შესაძლებელი იქნება დაბალი ფასების დაწესება, რაც, საბოლოო ჯამში, საკმაოდ მომგებიანი იქნება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG