Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილის სათქმელი


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

ორ-ნახევარი საათი გაგრძელდა კოალიცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა საქართველოში მოქმედი ტელეკომპანიების ჟურნალისტებთან. მოახლოებული არჩევნები, კორცხელში მომხდარი ინციდენტი, არაფორმალური მმართველობა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესი, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა - ასეთია არასრული ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რომელთა შესახებაც ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ ეთერში ილაპარაკა.

ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციის მსვლელობისას ბევრი ილაპარაკა „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს მიღწეულ წარმატებებზე როგორც დემოკრატიის, ასევე ეკონომიკის მიმართულებით. მისი მტკიცებით, საქართველო ბევრი მაჩვენებლით ლიდერია რეგიონში და დემოკრატიის ხარისხით არ ჩამოუვარდება ევროპის მთელ რიგ ქვეყნებსაც კი. კითხვას, თუ რა დაპირება ვერ შეასრულა „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა:

„იმედი მქონდა, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში საკონსტიტუციო კომისია მოახერხებდა უფრო მეტს. რეალურად საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება ვერ მოხერხდა. სხვა ბევრი წვრილმანიც შეიძლება გავიხსენოთ, შეიძლებოდა ოდნავ უკეთ, მაგრამ პრინციპულად ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა. გაჩნდა რეალური პერსპექტივა იმისა, რომ უახლოეს წლებში გავხდეთ განვითარებული ქვეყნების მსგავსი ქვეყანა როგორც დემოკრატიული ღირებულებებით, ასევე ეკონომიკურად“.

მიუხედავად იმისა, რომ ამტკიცებს, მე არავითარი ზეგავლენა არ მაქვსო, ამავე დროს სიამოვნებს კიდეც, რომ ეს გავლენა აქვს და მას აკითხავენ რჩევებისთვის. ამავე დროს, რეალურად თამაშობს წაუგებელ თამაშს...
კორნელი კაკაჩია

თუმცა ბიძინა ივანიშვილმა იქვე შენიშნა, რომ ამისათვის 10-15 წელი იქნება საჭირო, რადგანაც „ქართულ ოცნებას“ წინა ხელისუფლებისგან უმძიმესი მემკვიდრეობა ერგო. 2012 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ მოეგო არჩევნები, ახლა ქვეყანაში პენსიების დარიგების პრობლემა იქნებოდაო, განაცხადა მან. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ასევე „ნაციონალურ მოძრაობას“ მიუძღვის ბრალი კორცხელში შუალედური არჩევნების დროს მომხდარ ძალადობაში, რომლის დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს:

„ეჭვიც კი არ მეპარება, რომ ეს პროვოკაცია იყო დაგეგმილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ. კადრებიც ვნახე. ისიც კარგად შევამჩნიე, როგორ მოსწონდა ბოკერიას, რომ შედეგი მიიღო, მაგრამ ეს არაფრის გამართლების საფუძველი არ გახლავთ“.

ბიძინა ივანიშვილმა დარწმუნებით თქვა, რომ ოქტომბრის არჩევნები ამგვარი ძალადობის გარეშე და დემოკრატიულობის მაღალი ხარისხის ნიშნით ჩაივლის. მან ისიც თქვა, რომ, შიდაკვლევებზე დაყრდნობით, დარწმუნებულია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნება. ივანიშვილი კვლავინდებურად ფიქრობს, რომ საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობს, თუმცა, მხარდაჭერის კლების შემთხვევაში, მარტივად გავა პენსიაში:

„როგორც კი ვნახავ, რომ ნახევარზე ნაკლებზე წამოვიდა მხარდაჭერა, თქვენც დაგემშვიდობებით იქ და საზოგადოებასაც და დავუბრუნდები ისეთ ცხოვრებას, როგორც მსურდა და სადაც ვიყავი“.

პრესკონფერენციის მსვლელობის დროს ბიძინა ივანიშვილს სასამართლო ხელისუფლებისა და შერჩევითი მეხსიერების შესახებაც ჰკითხეს. რატომ ხდება, რომ ნიკა გვარამიას ხშირად შეახსენებენ პროკურორულ წარსულს, ხოლო გირგვლიანის მკვლელობის საქმის მოსამართლეს ლევან მურუსიძეს აწინაურებენ? ბიძინა ივანიშვილის თქმით, ლევან მურუსიძეს ოდიოზურ პიროვნებად წარმოაჩენენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან მართული „რუსთავი ორი“:

„ამის მიზეზი ხომ არ გახლავთ ის, რომ მოახერხა მურუსიძემ და თავი დაიხსნა მათგან? ააგორეს ამბავი, რომ ეს არის ცუდი მოსამართლე. ესე იგი, მთელი სასამართლო არის ცუდი და, შესაბამისად, „რუსთავი ორს“ არასამართლიანად ასამართლებენ. მარტივია ეს ყველაფერი“.

აი, პირველად საჯაროდ ვამბობ: ვთხოვდი, გარანტად დავუდგებოდი და ფინანსურ ზარალს ავუნაზღაურებდი... არ შეეხონ გვარამიას და არ შეეხონ მენეჯმენტს და საფასურად ჩემგან მოითხოვონ, რაც უნდათ, ოღონდ სალაპარაკოდ არ დაგიტოვონ თქვენ...
ბიძინა ივანიშვილი

„რუსთავი ორის“ სასამართლო პროცესის შესახებ დასმული კითხვის პასუხად, ივანიშვილმა თქვა, რომ სასამართლოზე არანაირი ზეწოლა არ ხორციელდება და რომ ეჭვების გამოსარიცხად მზადაა თავისი ფინანსური რესურსით დადგეს თავდებად და ქიბარ ხალვაშს, გამარჯვების შემთხვევაში, სთხოვოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება არჩევნების დასრულებამდე:

„აი, პირველად საჯაროდ ვამბობ: ვთხოვდი, გარანტად დავუდგებოდი და ფინანსურ ზარალს ავუნაზღაურებდი... არ შეეხონ გვარამიას და არ შეეხონ მენეჯმენტს და საფასურად ჩემგან მოითხოვონ, რაც უნდათ, ოღონდ სალაპარაკოდ არ დაგიტოვონ თქვენ“.

ბიძინა ივანიშვილის მიერ პრესკონფერენციის მსვლელობისას გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ თქვა, რომ ეჭვს არაფორმალური მმართველობის შესახებ თავად ბიძინა ივანიშვილი ამყარებს და ამას აკეთებს ისე, რომ მკაფიოდ არ აქვს წარმოდგენილი თავისი როლი.

„ის არის ქართული ვერსია დენ სიაო-პინისა? მორალური ავტორიტეტი? მისი ადგილი არის ძალიან გაურკვეველი. მიუხედავად იმისა, რომ ამტკიცებს, მე არავითარი ზეგავლენა არ მაქვსო, ამავე დროს სიამოვნებს კიდეც, რომ ეს გავლენა აქვს და მას აკითხავენ რჩევებისთვის. ამავე დროს, რეალურად თამაშობს წაუგებელ თამაშს. ფორმალურად მას ხელისუფლება არ აქვს“, უთხრა კორნელი კაკაჩიამ რადიო თავისუფლებას.

კორნელი კაკაჩიას თქმით, არჩევნების წინ ივანიშვილის გააქტიურება ემსახურება ერთადერთ მიზანს, ხელი წააშველოს თავის მიერ დაფუძნებულ და მართულ პოლიტიკურ ძალას, რომლისადმი ნდობა მნიშვნელოვნად დაეცა, ისევე როგორც შემცირდა ივანიშვილის რეიტინგი:

კორნელი კაკაჩია
კორნელი კაკაჩია

„მან თითქმის ამოწურა თავისი შესაძლებლობები. ძალიან ცოტა დარჩა ისეთი, ვისაც მისი ბოლომდე სჯერა. თუმცა ერთი მიზეზი, რის გამოც მას მაინც აქვს გარკვეული ავტორიტეტი საზოგადოების ნაწილში, არის ალტერნატივის პრობლემა. არ ჩანს ალტერნატივა - პარტია, ლიდერი. „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი დიდი ხანია არ არის მეინსტრიმი“.

რაც შეეხება თავად ჟურნალისტებთან შეხვედრის ფორმატს - პრესკონფერენციას, რომელსაც რესპონდენტის მიერ შერჩეული მოდერატორი წარმართავს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი ფორმატი ემსახურება არა საზოგადოების, არამედ რესპონდენტის ინტერესებს.

„ის არის ამ პრესკონფერენციის წარმმართველი. ის სვამს იმ აქცენტებს, რაც მას უნდა, და ჟურნალისტს არ ეძლევა საშუალება შემხვედრი კითხვებით იმ მიმართულებით წაიყვანოს რესპონდენტი, როგორც თვითონ თვლის საჭიროდ. ფაქტობრივად, ეს არის ტრიბუნა, სადაც მას საშუალება მიეცა, რომ მის მიერ გამოქვეყნებული წერილი უფრო განევრცო, რისი დიდი სურვილიც ჰქონდა და რაც ვერ შეძლო საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში“, უთხრა ნატა ძველიშვილმა რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG