Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Bellingcat: "ბოშიროვი" გრუ-ს პოლკოვნიკ ანატოლი ჩეპიგას ფსევდონიმია


„რუსლან ბოშიროვი“ არის რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმარველოს (გრუ) პოლკოვნიკის, ანატოლი ჩეპიგას ფსევდონიმი - ნათქვამია Bellingcat-ისა და The Insider-ის ერთობლივი გამოძიების ანგარიშში. გამოძიების მონაცემებით, ბოშიროვ-ჩეპიგას, რომელიც ეჭვმიტანილია რუსეთის ყოფილი მზვერავის, სერგეი სკრიპალის მოწამვლაში დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში, რუსეთის გმირის წოდება აქვს მინიჭებული.

Bellingcat-ი იმოწმებს რამდენიმე წყაროს, რომლებიც იცნობენ „ბოშიროვს“ და რომლებმაც დაადასტურეს მისი პიროვნება. გამომძიებლებს მოჰყავთ დეტალები მისი ბიოგრაფიიდან. კერძოდ, ამტკიცებენ, რომ ის ხაბაროვსკში მსახურობდა სპეცდანიშნულების მე-14 ბრიგადაში, საკვანძო როლს თამაშობდა ჩეჩნეთის მეორე ომში და 2014 წელს შემჩნეულია რუსეთ უკრაინის საზღვრის მახლობლად.

გამოძიების მიხედვით, ფსევდონიმი „რუსლან ბოშიროვი“ გაჩნდა 2010 წელს, გრუ-ს პოლკოვნიკმა მაშინვე მიიღო პასპორტი ამავე სახელზე და ის მოსკოვში გადავიდა. რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა 2014 წელს.

"რუსლან ბოშიროვი" (მარცხნივ) და "ალექსანდრ პეტროვი" RT-ის ტელეეთერში.
"რუსლან ბოშიროვი" (მარცხნივ) და "ალექსანდრ პეტროვი" RT-ის ტელეეთერში.

ბრიტანეთის პოლიციის მიერ „რუსლან ბოშიროვი“ და „ალექსანდრ პეტროვი“ ეჭვმიტანილი არიან გრუ-ს ყოფილ აგენტზე, სერგეი სკრიპალსა და მის ქალიშვილზე თავდასხმაში ქალაქ სოლსბერიში. ადამიანები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ „რუსლან ბოშიროვი“ და „ალექსანდრ პეტროვი“ ჰქვიათ, გამოდიოდნენ კრემლის კონტროლქვეშ მყოფი ტელეარხის, RT-ის ეთერით. მასში ისინი უარყოფდნენ სოლსბერის ინციდენტთან დაკავშირებულ ბრალდებას, ასევე რაიმე კავშირს რუსეთის დაზვერვასთან. მას შემდეგ „ბოშიროვსა“ და „პეტროვს“ აღარ ჰქონიათ კავშირი მასმედიასთან, მათი ადგილსამყოფელი უცნობია.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ «პეტროვი“ და „ბოშიროვი“ სამოქალაქო პირები არიან. რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო სკრიპალების მოწამვლასთან რაიმე კავშირი.

XS
SM
MD
LG