Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლება, რომელიც შშმ პირებს ბავშვთა სახლებმა წაართვეს


დასაქმების რა შანსი აქვთ შშმ პირებს, რომლებიც ბავშვთა სახლებში გაიზარდნენ და რომლებსაც განათლება არ მიუღიათ? რას გეგმავენ განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები მათთვის განათლებისა და დასაქმების შანსის მისაცემად?

დილის ექვსის ნახევარზე დგება, იმიტომ რომ გზა მის სამსახურამდე ძალიან გრძელია. მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პანსიონატიდან სამგორში ჩადის. შემდეგ მეტროთი ჯერ სადგურის მოედნამდე მიდის, სადგურის მოედნიდან გზას, ისევ მეტროთი, ვაჟა-ფშაველამდე აგრძელებს. ვაჟა-ფშაველადან ნუცუბიძის ჩვილ ბავშვთა სახლამდე რაღა დარჩა, შეუძლია ფეხითაც გაუყვეს გზას. სამსახურში 9 საათზე უნდა იყოს. 30 წლის დავით ჭეიშვილი სამეგრელოში, ბავშვთა სახლში გაიზარდა. სკოლაში არასდროს უვლია. წერა-კითხვა, თავისივე სურვილით, 13 წლის ასაკში ისწავლა. მას შემდეგ გამუდმებით ცდილობს, რომ, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სხვადასხვა საქმე შეისწავლოს და სამუშაოც იპოვოს. ცოტა ხნის წინ გაუმართლა: ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დახმარებით, სამსახური ჩვილ ბავშვთა სახლში იპოვა.

„რას ვაკეთებ ბავშვთა სახლში და რომ მივალ, თუ პროდუქტია გასატანი, ის გამაქვს, ბავშვებისთვის მიმაქვს ტანსაცმელი და საფენები. მიმაქვს და მომაქვს მათთვის საკვები. ეზო-კარში ყვავილებს ვუვლი, მებაღეობასაც ვითავსებ. რასაც დამავალებს ხელმძღვანელობა, იმას ვაკეთებ. ჩემი ხელფასი 184 ლარია, აქედან თითქმის 90 ლარი გზაში მიმდის. კარგი იქნება, ცოტა მეტი ხელფასი რომ გვქონდეს. მე მიჩვეული ვარ ბავშვებთან ყოფნას. მინდა, რომ მათ სულით და გულით ამოვუდგე გვერდში და მინდა, რომ ბედნიერები იყვნენ და, ჩემსავით, უკეთესები გამხდარიყვნენ“, - მეუბნება დავით ჭეიშვილი.

დავით ჭეიშვილი
დავით ჭეიშვილი

მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თავშესაფრამდე მანქანით მივდივართ. გზას კითხვა-კითხვით ვიკვლევთ. ხალხიც კანტიკუნტად გვხვდება. ქარია. ყინავს. აქა-იქ ნამქერი მოაქვს ქარს. პანსიონატში, რომელიც 2012 წლიდან ფუნქციონირებს, 69 ბენეფიციარი იყრის თავს. იქ ის ადამიანები მოხვდნენ, რომლებიც წლების მანძილზე, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა შშმ პირებისთვის განკუთვნილ ინსტიტუციებში ცხოვრობდნენ, ინსტიტუციების გაუქმების შემდეგ კი ისინი მარტყოფში გადაიყვანეს. 18 წლიდან ზევით - ასეთია ბენეფიციართა ასაკი. თითოეულ მათგანს განსაზღვრული აქვს სტატუსი სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების, მათ შორის, როგორც სომატური, ისე ფსიქიკური დაავადებების მიხედვით. პანსიონატის მკვიდრებს სტუმრის მისვლა უხარიათ. დერეფნებში თითქმის ყველა ოთახის კარი იღება, ოთახებიდან სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები შეთანხმებულებივით გამოდიან. ხმა უცებ გავრცელდა, სტუმრები მოვიდნენო. ზოგი ჩუმად ზის ეტლში. შორიდან გადევნებს თვალს. ზოგი უფრო თამამია, ადვილად პოულობს სტუმრებთან საერთოს. 30 წლის ნინო ჩხუტიაშვილი სენაკის ჩვილ ბავშვთა სახლში გაიზარდა. 18 წლის რომ შესრულდა, ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში გადაიყვანეს, ქუთაისიდან კი - მარტყოფში. ახლა იმაზე დარდობს, რომ საქმე ვერ იპოვა. არადა, მეუბნება, რომ ბევრი რამ შეუძლია:

ნინო ჩხუტიაშვილი
ნინო ჩხუტიაშვილი

„აი, დალაგება, ქსოვა, ქარგვა, თმის შეჭრა, კომპიუტერი. ჩემი ოცნებაა, რომ სამსახური მქონდეს. და მერე უკვე სახლი“, - ამბობს ნინო.

ნინოს მეზობლად, მოპირდაპირე ოთახში, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ცხოვრობს. სოფოს თავის ოთახში შევყავართ. საწოლზე საქარგავი უდევს. სუფრას ქარგავს. ქარგვა მარტყოფის პანსიონატში ისწავლა. რომ მოქარგავს, მერე გასაყიდად გაიტანს. ის და მისი ქმარი, ორივე ერთად, წინდებს ქსოვენ, ესეც დამატებითი შემოსავალია მათთვის. ანატოლი, სოფოს ქმარი, შრომას არ ერიდება - ხან ბარვაში ეხმარება ხალხს, ხან თესვაში, ხან ტვირთის ზიდვაში. არაფერს თაკილობსო, მეუბნება სოფო. ერთმანეთი ქუთაისში, ხანდაზმულთა პანსიონატში, გაიცნეს. ორივე ბავშვთა სახლში გაიზარდა. მათ ერთი შვილი ჰყავთ. რამდენიმე დღეში ნიკა 3 წლის ხდება. ახლა ის მინდობით აღზრდით ერთ-ერთ ოჯახში ცხოვრობს. მშობლები მის სახელზე ფულს აგროვებენ:

„როგორც კი თენდება, მაშინვე სამუშაოდ მივდივარ. 24 საათი ვმუშაობ. ვბარავ. შეშას ვაპობ, ფულს ვიღებ, მომაქვს სახლში, მეორე დღეს კი ბავშვის სანახავად მივდივარ“, - ამბობს ანატოლი. საუბარში სოფო ერთვება: „ორ კაპიკს ვაგროვებთ, ანაბარი გვაქვს ბავშვის სახელზე გახსნილი და იქ შეგვაქვს ფული. აი, ახლა ლილოში პულტიანი მანქანა ვუყიდეთ. კვირას დაბადების დღე აქვს და მივუტანთ. ღმერთს ვთხოვ, რომ მე, ჩემი შვილი და ჩემი ქმარი ერთად ვიყოთ, ერთად ვიცხოვროთ და ჩემი შვილისთვის რაც შემეძლება, ყველაფერს გავაკეთებ“, - ამბობს სოფო.

ლელა კიკნაძე
ლელა კიკნაძე

ლელა კიკნაძე, მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის დირექტორი, გვეუბნება, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და სხვადასხვა ინსტიტუციებში გაფანტულმა ადამიანებმა თავი მოიყარეს მარტყოფში, გამოიკვეთა, რომ ბევრ მათგანს იმაზე გაცილებით მეტი უნარი აქვს, ვიდრე მათ წარმოედგინათ. ლელა კიკნაძე იმ მთავარ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, რის გამოც ამ ადამანების არცთუ მცირე ნაწილისთვის დიდ ინსტიტუციაში გატარებული წლები შეზღუდული შესაძლებლობის მიზეზად იქცა:

„იმ წლებში, როცა ისინი ბავშვთა სახლებში იზრდებოდნენ, მათ განათლებაზე არავის უზრუნვია. ჰელსინკის ადამიანის უფლებათა დაცვის ფონდის დახმარებით, შემუშავდა ამ ადამიანების ინდივიდუალური განვითარების გეგმები. გამოიკვეთა, რომ მათი შესაძლებლობები ბევრად უფრო მეტია, ვიდრე წარმოგვიდგენია. დღეისათვის ჩვენს პანსიონატში რვა ადამიანი უკვე მომზადებულია იმისათვის, რომ დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყოს, დასაქმდეს და ჰქონდეს ფინანსური დამოუკიდებლობა. ამ ადამიანებს სამსახური რომ ჰქოდნეთ, თავისუფლად შეძლებდნენ საზოგადოებაში გასვლას და დამოუკიდებლად ცხოვრებას და ისინი აღარ იქნებიან მიბმულნი სახელმწიფო ინსტიტუციაზე. ასეთი მიდგომა, დასაქმება, მათ თვითშეფასებას ძალიან ამაღლებს“.

სანამ საქმე დასაქმებამდე მივიდოდეს, მანამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიული გადამზადება და გარკვეული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების საკითხი დგება დღის წესრიგში. ამისათვის 2013 წლიდან პროფესიული განათლების სისტემაში შშმ პირებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების ჩართვა გახდა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამისათვის გამოიყო ბიუჯეტიც, ერთი მილიონი ლარის ოდენობით. პროცესში მონაწილეობს ორი მხარე - განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტრო, რომელიც გრანტის ფარგლებში აფინანსებს პროფესიულ სასწავლებლებში შშმ პირთა ჩართულობას. ამ ეტაპზე უკვე მზადების პროცესშია საკანონმდებლო პლატფორმა, რომელიც პროცესის რეგულირებას შეუწყობს ხელს, რათა ინდივიდუალური სწავლება გახდეს გაცილებით მოქნილი. რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, 2013 წლიდან დღემდე, საერთო ჯამში, 203 შშმ პირმა გაიარა და გადის გადამზადებას 16 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ისინი 18 სხვადასხვა პროფესიას ეუფლებიან. მათგან ხუთი დასაქმდა.

მარიკა ზაქარეიშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების პროგრამის დირექტორი, გვეუბნება, რომ ერთადერთი ბიუროკრატიული ბარიერი, რომელიც შშმ პირებს პროფესიულ სასწავლებელში მოსახვედრად ექმნებათ, ეს არის 9 კლასის ატესტატი. ასეთი საბუთის უქონლობის შემთხვევაში, შშმ პირი პროფესიულ სასწავლებელში ვერ მოხვდება. შესაბამისად, თუკი ადამიანი, რომელმაც ბავშვობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის განკუთვნილ დიდ ინსტიტუციაში გაატარა და სკოლაში არ უვლია, პროფესიულ სასწავლებელში ჩაბარებას და დახელოვნებას ვერ შეძლებს. მარიკა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რათა იმ შშმ პირებს, რომლებსაც არ გააჩნიათ 9 კლასის ატესტატი, პროფესიული დახელოვნების საშუალება მიეცეთ:

„პროფესიული განათლების შესახებ კანონშიც გაჩნდება გარკვეული შესაძლებლობა, რომ მოსამზადებელი მოკლევადიანი პროგრამები მაინც იყოს მათთვის ხელმისაწვდომი, რომელიც გარკვეულ უნარ-ჩვევებამდე მიიყვანს მათ. ასევე მიმდინარეობს მუშაობა პროგრამაზე „განათლების მეორე შანსი“ და ვფიქრობ, რომ ამ პროგრამის ფარგლებში შეიქმნას ნიშა, რომელიც ტრანსფერის საშუალებას მისცემს ატესტატის არმქონე პირებს პროფესიულ განათლებაში. მიმდინარეობს სერვისების შემუშავება. ამაზე ძალიან აქტიურად, ყოველდღიური მუშობა მიდის. მოკლევადიანი პროგრამები ყველა შემთხვევაში ხელმისაწვდომი გახდება, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მეტი, რომ ამ ადამიანებს სრული კვალიფიკაციის პროგრამებზე ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა, რადგან, მაგალითად, მე შეიძლება ძალიან მძიმე სოციალური ფონის გამო ვერ ვიარე სკოლაში და მე უნდა მქონდეს იმის შანსი, რომ ცხოვრება გავაგრძელო და ეკონომიურად ვიყო დამოუკიდებელი. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი“.

კიდევ ერთი სირთულე, რაც შშმ პირთა დასაქმებას ახლავს თან, ეს თავად დამსაქმებლები არიან. მარიკა ზაქარეიშვილის თქმით, დღეს მიმდინარეობს მუშაობა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, რათა შემუშავდეს დასაქმების ერთიანი პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც, დამსაქმებლებს ხელისუფლების მხრიდან გაუჩნდება გარკვეული ხელშეწყობა, რომელიც მისცემს მათ სტიმულს დაასაქმონ შშმ პირები:

„წინააღმდეგ შემთხვევაში, მართლა კრახით დასრულდება შრომა, რადგან უამრავ ფულსა და ძალისხმევას ვდებთ განათლებაში და თუკი შედეგიდასაქმება არ დადგა, მაშინ აზრზს კარგავს მთელი პროცესი. ცოტა ხნის წინ ჩავატარეთ დამსაქმებელთა დამოკიდებულების კვლევა, ანუ რას ფიქრობენ ისინი შშმ პირების დასაქმებაზე და რა ბარიერებს ხედავენ. ვისაც არანაირი შეხება არ ჰქონია მათთან, ისინი სკეპტიკურად უყურებენ მათ დასაქმებას, აქვთ უამრავი სტიგმა და სტერეოტიპი. ისინი ფიქრობენ, რომ ეს ადამიანები ვერ შეასრულებენ მათთვის დაკისრებულ მოვალეობას. და არსებობს კიდევ მეორე, პრაქტიკული პრობლემა, თუ როგორ უნდა მოაწყონ მათ გარემო ამ ადამიანების დასასაქმებლად“.

მარიკა ზაქარეიშვილის თქმით, „კარიტასი ჩეხეთის რესპუბლიკის“ მხარდაჭერით, არასამთავრობო სექტორისა და განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ჩართულობით, შეიქმნა შშმ პირთა დასაქმების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტები, რომლებიც უახლოეს მომავალში პრემიერ-მინისტრს გადაეგზავნება გასაცნობად და შემდეგ უკვე დასამტკიცებლად.

XS
SM
MD
LG