თბილისში, ადამიანის უფლებათა სახლში, 21 წლის წინ, 22 სექტემბერს, თვითმფრინავის აფეთქების შედეგად დაღუპულთა ახლობლები შეიკრიბნენ. აფხაზეთის კონფლიქტის დროს თბილისიდან სოხუმის მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავს ზღვიდან ცეცხლი გაუხსნეს. თვითმფრინავი აფეთქდა. 132 ადამიანიდან მხოლოდ 24 გადარჩა. ცხედრების ნაწილი დღემდე არაკონტროლირებად ტერიტორიაზეა.
დღეს ადამიანის უფლებათა სახლში ისინი შეიკრიბნენ, ვინც ომის დროს, 22 სექტემბერს, თავისი ახლობელი სოხუმში თვითმფრინავით გაუშვა. ფსიქოთერაპევტი სოფო ტაბაღუა ამბობს, რომ ამგვარი შეკრებების მიზანი მათი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციაა. მიუხედავად იმისა, რომ 21 წელი გავიდა, დღემდე ყოველ მათგანს ძალიან უჭირს საუბარი.
„ეს რომ გავიგე, წავედი თბილისის აეროპორტში. იქ ვიკითხე და კიო, მართალია, აფეთქდა თვითმფრინავიო. მაინც იმედი მქონდა, იქნებ მატარებლით წავიდნენ-მეთქი, მატარებელიც იყოო იმ დღეს. მერე მითხრა ჩემი მამიდაშვილის მულმა, დავინახე, თვითმფრინავში რომ ადიოდნენო. ოთხშაბათი დღე იყო, 22 სექტემბერი“.
გული ჩხეტიანმა იმ დღეს და-ძმა დაკარგა, რუსუდან და ზურაბ ჩხეტიანები. მოგვიანებით ერთმა გადარჩენილმა უამბო, რომ აეროპორტში დაშვებული თვითმფრინავი შუაზე გადაიხსნა. სალონი ცეცხლსა და კვამლში იყო გახვეული. ხალხი ერთმანეთს თელავდა.
ოლგა ცხოვრებოვს კი ოცი წლის განმავლობაში უმალავდნენ, რომ მისი შვილი დაიღუპა:
„ღამე ტელევიზორს რომ უყურებდა ჩემი მეორე შვილი, ლოგინიდან წამოხტა და გარეთ გავარდა. მე არ ვიცოდი, დღემდე არ მეუბნებოდნენ, მატყუებდნენ, ვითომ ტყვედ არის აყვანილი“.
რამდენიმე თვის წინ, სამმხრივი მოლაპაკებების შედეგად, აფხაზეთში გაიხსნა საერთო სამარხი, რომელშიც ბაბუშერის აეროპორტში დაღუპულები არიან დაკრძალულნი. ამჟამად გარდაცვლილთა მონაცემები (დეენემი), ისევე როგორც მათი სავარაუდო მშობლების მონაცემები, ლაბორატორიაში მუშავდება. ცხედრების გადმოსვენებას წლის ბოლოსთვის ვარაუდობენ. გარდაცვლილთა ახლობლები ამბობენ, რომ მათთვის დიდი შვება იქნება თუნდაც ის, რომ საფლავზე გასვლა შეეძლებათ. ვალერიან ოქრუაშვილს შვილისთვის საფლავი უკვე მომზადებულიც კი აქვს. ზურაბ ოქრუაშვილი მისი მეორე ბიჭი იყო, პირველი ჯერ კიდევ ბავშვი დაიღუპა:
„ძეგლი დავდგი საფლავზე, ორივე ძმა ერთად არის გადაღებული... ავტომატი იყიდა, 300 ათასი მისცა და ისე წავიდა აფხაზეთში. შევარდნაძე რომ ყვიროდა, თქვენი იარაღით, თქვენი ავტომატებით წამოდითო, ამიტომ იყიდა. სამი მცირეწლოვანი შვილი დატოვა სულელმა და მე გავზარდე. მეტი რა გითხრათ, ერთი ეგ მყავდა და ასე დაგვტოვა უპატრონოდ“.
თამაზ კარანაძეს იმედი არა აქვს, რომ მისი შვილის გადმოსვენება მოხერხდება. ის ჯერ კიდევ ჩვილი იშვილეს. შესაბამისად, დეენემის ანალიზით ამ შემთხვევაში ვერაფერი დადგინდება. 22 წლის ზურაბ კარანაძე ომში ისე წავიდა, არც იცოდა, რომ მისი ბიოლოგიური დედა აფხაზი იყო.
„ის თვითონ წარმოშობით აფხაზი იყო. არ იცოდა, რა თქმა უნდა. გაგრაში დაიჭრა გაგრის დაცემის დღეს. ძლივს გამოიყვანეს იქიდან. ხელჯოხით რომ დადიოდა, შევატყვე, კიდევ იქითკენ ეჭირა თვალი. ვუთხარი, შვილო, შენ რაც გეკუთვნოდა, უკვე ყველაფერი გააკეთე, აღარ წახვიდე-მეთქი. შემომხედა და მაგას როგორ მეუბნები, ახლა შენც იქ უნდა იყოო“.
თამაზ კარანაძე ასევე ამბობს, რომ ომში დაღუპულები სათანადოდ არ არიან დაფასებულები. ბევრს ჰგონია, რომ აფხაზეთში წასულების დიდი ნაწილი იქ, უბრალოდ, ხალხის გასაქურდად ჩავიდა და არა საბრძოლველად. მისი თქმით, პატრიოტიზმის თემა განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის უცხოა.
„დღემდე სჯერათ, რომ ამ ახალგაზრდების 99 პროცენტი საშოვარზე იყო წასული. ეს საშინელებაა!“
ფსიქოთერაპევტი სოფო ტაბაღუა, რომელიც დღეს ამ შეხვედრას უძღვებოდა, ამბობს, რომ ცხედრების გადმოსვენება დაღუპულთა ახლობლებისთვის გადატანილი ტრაგედიის შეხსენებაა და ეს შეკრებაც სწორედ ამ ხელმეორე სტრესისთვის მოსამზადებლად ჩატარდა.
„ამიტომ არის ამ ოჯახების ტრავმა ძალიან დიდი, რომ გაურკვევლობასა და ბუნდოვანებაში არიან - არ იციან, ცოცხალია თუ არა, არ უნახავთ ნეშტი, არ იციან, რომ ეს ნამდვილად მისი მიცვალებულია“.
სოფო ტაბაღუას თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, გარდაცვლილთა ახლობლებს ცხედრების გადმოსვენების შემდეგ გაცილებით გაუადვილდებათ საკუთარ ტრაგედიასთან გამკლავება, რადგან ტრავმის გადატანა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც მას სახელი დაერქმევა.