Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტის წერილი ბაქოს ციხიდან


ხადიჯა ისმაილოვა
ხადიჯა ისმაილოვა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ჩვენი რადიოს თანამშრომელი ხადიჯა ისმაილოვა მსოფლიოს მოუწოდებს, ნუ დახუჭავს თვალს აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, ნუ მისცემს შესაძლებლობას ამ ქვეყნის ხელისუფლებას, მთელი ყურადღება გადაიტანოს სპორტულ ზეიმზე – ევროპულ თამაშებზე, რომელსაც ბაქო 2 ივნისიდან მასპინძლობს. ისმაილოვა მსოფლიოს მიმართავს წერილით, რომელიც გაზეთმა „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ გამოაქვეყნა.

ხადიჯა ისმაილოვამ იცის, რომ მსოფლიომედიისა და სპორტის მოყვარულთაყურადღების ცენტრში ამ დღეებში მისი სამშობლო, აზერბაიჯანი დგას. ისმაილოვამ ეს იცის, მიუხედავად იმისა, რომ ექვსი თვეა წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, ბოლოხანს უკვე სამარტოო საკანში და მოკლებულია კონტაქტს ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთანაც კი.

ხადიჯა ისმაილოვას რამდენიმე ბრალდებას უყენებენ, მათ შორის, უკანონო ბიზნეს-საქმიანობის ბრალდებას. თუმცა თვით ჟურნალისტსა და მის მხარდამჭერებს (აზერბაიჯანსა და უცხოეთში) ეჭვი არ ეპარებათ, რომ ისმაილოვას დაპატიმრება არის ანგარიშსწორება ჟურნალისტური გამოძიებისათვის, რომლითაც მან კორუფციაში ამხილა აზერბაიჯანის მმართველი წრეები.

ნაწყვეტი ხადიჯა ისმაილოვას წერილიდან: „მიზანში ამომიღეს ათობით სხვა პოლიტიკურ პატიმართან – სხვა ჟურნალისტებთან, უფლებადამცველებთან, ახალგაზრდა აქტივისტებთან, პოლიტიკოსებთან და სხვებთან – ერთად, ჩემს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე სიმართლის თქმის გამო. აზერბაიჯანში ყველაზე წესიერი და გონიერი ხალხი გამოკეტეს, გადამალეს ევროპული თამაშებისათვის. არ სურთ, რომ თქვენ დაგვინახოთ და მოგვისმინოთ ჩვენ და ჩვენს უხერხულ სიმართლეს. სიმართლე კი ის არის, რომ აზერბაიჯანი, ადამიანის უფლებათა მხრივ, შუაგულ კრიზისშია. ასე ცუდად საქმე არასოდეს ყოფილა. მაშინ, როცა მმართველ წრეებში განაგრძობენ კორუფციით სარგებლის ნახვას, რიგითი ადამიანები განაგრძობენ ბრძოლას სამუშაოს საშოვნელად, თავის გადასარჩენად, ბრძოლას თავისუფლებისთვის. და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მათთან ერთად. ვიბრძოლოთ მათთვის“.

ამ წერილით ხადიჯა ისმაილოვა არამარტო აზერბაიჯანის ხელისუფლებას უპირისპირდება, არამედ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მსოფლიო თანამეგობრობის დამოკიდებულებას ავტოკრატიული რეჟიმების მიმართ. აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევაზე, პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაკავებაზე საკმარისზე მეტი ინფორმცია ვრცელდება. უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, აზერბაიჯანის ციხეებში იმყოფება 100-მდე პოლიტიკური პატიმარი. ბაქოში ევროპული თამაშების დაწყებამდე სამი დღით ადრე, 9 ივნისს, გავრცელდა ცნობა, რომაზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ შეუშვეს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი უფლებადამცველი ორგანიზაციის, „ამნესტი ინტერნეიშნალის“ წარმომადგენლები.

და ეს ხდება ბაქოში საზეიმო განწყობის ფონზე: ტარდება ევროპული თამაშები – მასშტაბური სპორტული ღონისძიება ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით და 50 ქვეყნის 6000-მდე ათლეტის მონაწილეობით.

რადგან ხადიჯა ისმაილოვამ იცის, რომ მსოფლიოს ყურადღება აზერბაიჯანისაკენ არის მიმართული, ის მოგვიწოდებს: „არ დაუშვათ, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ თქვენი ყურადღება გადაიტანოს კორუფციისა და უფლებების დარღვევიდან. გააგრძელეთ ბრძოლა ადამიანის უფლებებისათვის, ბრძოლა იმათთვის, ვისი ხმაც ჩაახშეს. გააგრძელეთ ბრძოლა იმისათვის, რაც სწორია და კარგია. ხმამაღლა და საჯაროდ. აზერბაიჯანელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მის უფლებებს მხარს უჭერენ“.

XS
SM
MD
LG