Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა უცხოელ ექსპერტებს ჩააბარებს კონტროლს გამოძიებაზე


ავიაკატასტროფის ადილი
ავიაკატასტროფის ადილი

უკრაინა აპირებს უცხოელ ექსპერტებს ჩააბაროს კონტროლი გამოძიებაზე მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას. ამასთან, უკრაინა გამოდის ინიციატივით, რომ პროცესს ნიდერლანდი გაუძღვეს - ქვეყანა, რომელმაც ყველაზე მეტი ადამიანი დაკარგა 17 ივლისს მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად. ავიაკატასტროფამ სულ 298 ადამიანი შეიწირა. მათ შორის იყო ნიდერლანდის 193 მოქალაქე. ამასობაში გავრცელდა მალაიზიის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომლის თანახმადაც, აღმოსავლეთ უკრაინაში მეამბოხეებმა პირობა დადეს, რომ მალაიზიას გადასცემენ თვითმფრინავის ე.წ. შავ ყუთებს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენი იაცენიუკის განცხადებით, კიევი „დასავლელ პარტნიორებს“ მიანდობს ავიაკატასტროფის გამოძიების კოორდინირებას. როგორც იაცენიუკმა 21 ივლისს კიევში თქვა, უკრაინა მზადაა მოახდინოს ყველა გვამის ამსტერდამში ტრანსპორტირება სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად.

„უკრაინის მთავრობა მზად არის ჩვენს ნიდერლანდელ მეგობრებს გადასცეს საერთაშორისო გამოძიება. ნიდერლანდის მხარეს შეუძლია გაუძღვეს გამოძიების პროცესს მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასა და უკრაინის ხელისუფლებასთან ერთად“.

მოპოვებული გვაქვს (რაკეტის) ამ გასროლის ამსახველი მასალა. ვიცით ტრაექტორია, ვიცით, ის საიდან წამოვიდა. ვიცით დრო. ეს იყო ზუსტად იმ დროს, როცა თვითმფრინავი რადარიდან გაქრა...
ჯონ კერი

იაცენიუკის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის ადგილზე ამ დროისთვის ნაპოვნია 272 გვამი. 17 ივლისის ავიაკატასტროფამ სულ 298 ადამიანი შეიწირა.

ეუთოს პრესმდივან მაიკლ ბოციურკივის განცხადებით, ამ ორგანიზაციის გამომძიებლების მიერ მოპოვებული მასალის საფუძველზე ვარაუდობენ, რომ გვამების ნაწილი დამწვარია და მათ ვეღარ მიაკვლევენ.

ორშაბათს აღმოსავლეთ უკრაინაში ჩავიდნენ ნიდერლანდელი გამომძიებლებიც: ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს განცხადებით, ექსპერტები მონაწილეობას მიიღებენ მსხვერპლის იდენტიფიცირებაში - მარკ რუტემ „ნომერ პირველ პრიორიტეტად“ დაასახელა დაღუპულთა სამშობლოში გადასვენება. უკრაინის მთავრობას უკვე მომზადებული აქვს ობიექტები ამ პროცესის ხელშესაწყობად: ქალაქ ხარკოვში, რომელსაც უკრაინის მთავრობა აკონტროლებს, მომზადებულია შენობები, რომლებშიც შესაძლებელია დაღუპულებისა და თვითმფრინავის ნამსხვრევების მოთავსება, გამოძიების გასაგრძელებლად.

როგორც პრემიერ-მინისტრმა იაცენიუკმა აღნიშნა, უკრაინა დარწმუნებულია, რომ ავიალაინერი ჩამოგდებულ იქნა რაკეტით, სავარაუდოდ, Buk M1 ტიპის სარაკეტო სისტემის გამოყენების შედეგად. ამასთან, იაცენიუკის თქმით, მოსკოვი იარაღით ამარაგებს და წვრთნის სეპარატისტებს უკრაინელ ჯარისკაცებთან საბრძოლველად.

რუსეთს სეპარატისტების დახმარების ბრალდება წაუყენა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმაც.

ჯონ კერი
ჯონ კერი

„ნათელია, რომ რუსეთი მხარს უჭერს სეპარატისტებს, ამარაგებს სეპარატისტებს, ახალისებს სეპარატისტებს, წვრთნის სეპარატისტებს და რუსეთმა აქ ზომებს უნდა მიმართოს და შეცვალოს მიდგომა“, განაცხადა ჯონ კერიმ კვირას ტელეკომპანია „NBC“-თან ინტერვიუში, მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდებასთან მიმართებით რუსეთის როლზე საუბრისას.

„მოპოვებული გვაქვს (რაკეტის) ამ გასროლის ამსახველი მასალა. ვიცით ტრაექტორია, ვიცით, ის საიდან წამოვიდა. ვიცით დრო. ეს იყო ზუსტად იმ დროს, როცა თვითმფრინავი რადარიდან გაქრა. ხმის იდენტიფიცირების შედეგად ვიცით აგრეთვე, რომ სეპარატისტები ტრაბახობდნენ მისი ჩამოგდებით. ასე რომ, არსებობს მთელი წყება მტკიცებულებებისა, რომლებზე პასუხის მოპოვებასაც რუსეთმა ხელი უნდა შეუწყოს“, განაცხადა კერიმ ამერიკულ ტელეკომპანია „NBC“-თან ინტერვიუში.

რუსეთის სახელმწიფო მედია და ოფიციალური პირები კი ავრცელებენ ვერსიას, რომ უკრაინამ მალაიზიის ავიალაინერი განზრახ ჩამოაგდო იმ მიზნით, რომ სეპარატისტები დაადანაშაულოს და დასავლეთი დააჯეროს უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევის მიზანშეწონილობაში.

რახან თითქმის სავსებით ნათელია რუსეთის მხარდაჭერის მქონე მეამბოხეების ბრალეულობა თვითმფრინავის ჩამოგდებაში, ამ ხალხის მიერ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილის გაკონტროლება, ცოტა არ იყოს, იმას ჰგავს, რომ ბოროტმოქმედებს გააკონტროლებინო დანაშაულის ადგილი...
ტონი აბოტი

კრემლის ვებსაიტზე 21 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინის ხელისუფლებას აკრიტიკებს მეამბოხეებთან ცალმხრივი ზავის შეწყვეტის გამო. ის იმეორებს კიევის მიმართ ბრალდებას: აღმოსავლეთ უკრაინაში 28 ივნისს ბრძოლა რომ არ განახლებულიყო, არც ეს ტრაგედია მოხდებოდაო.

„ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ყველა დაპირისპირებულ მხარეს სისხლისღვრის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისაკენ. დარწმუნებით შეიძლება ითქვას: 28 ივნისს აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები რომ არ განახლებულიყო, მაშინ არც ეს ტრაგედია მოხდებოდა“, ამბობს პუტინი კრემლის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ტონი აბოტმა, 21 ივლისს აუწყა ავსტრალიის მედიას, რომ ტელეფონით ესაუბრა ვლადიმირ პუტინს, რომელმაც ამ საუბრისას, აბოტის თქმით, სწორი, ადეკვატური განცხადებები გააკეთა. ახლა აბოტი პუტინისაგან შესაბამის ქმედებასაც მოელის - ავიაკატასტროფის ადგილზე ექსპერტების შეშვების ხელშესაწყობად.

„ეჭვი არ არის, რომ ამჟამად ამ ადგილს აკონტროლებენ რუსეთის მხარდაჭერის მქონე მეამბოხეები. და რახან თითქმის სავსებით ნათელია რუსეთის მხარდაჭერის მქონე მეამბოხეების ბრალეულობა თვითმფრინავის ჩამოგდებაში, ამ ხალხის მიერ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილის გაკონტროლება, ცოტა არ იყოს, იმას ჰგავს, რომ ბოროტმოქმედებს გააკონტროლებინო დანაშაულის ადგილი“, განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა. ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულებს შორის 35-მდე ავსტრალიელია.

XS
SM
MD
LG