Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩი შეპი


არჩი შეპი
არჩი შეპი
გასულ კვირას არჩი შეპის დაბადების დღე გახლდათ. ამერიკელ საქსოფონისტს, კომპოზიტორს, დრამატურგსა და მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის პროფესორს 76 წელი შეუსრულდა. სიუჟეტს მუსიკოსის 1969 წლის მედიტაციური თემით დავიწყებ, რომელიც საოცარი ვოკალური შესაძლებლობების მომღერალთან, ჯინ ლისთან ერთად ჩაწერა.



არჩი შეპი 1937 წელს ფლორიდის შტატის ქალაქ ფორტ-ლოდერდეილში დაიბადა. 19 წლის გახლდათ, როცა სიეტლში გადაბარგდა, სადაც გოდარის კოლეჯში თეატრალური ხელოვნების საიუდუმლოებებში 4 წლის მანძილზე ერკვეოდა, სულიერ საზრდოს კი სესილ ტეილორისა და ჯონ კოლტრეინის მუსიკაში პოულობდა. ამ ბატონების ხელწერას აღმერთებდა და მათთან ერთად დაკვრას ნატრობდა. ოცნება 60-იანი წლების დასაწყისში აუხდა, როცა პიანისტის რამდენიმე ალბომში ტენორ-საქსოფონზე გამოჩნდა. მათგან, ალბათ, ყველაზე ღირებული "Jumpin' Punkins"-ს გახლავთ, რადგან სხვა ავანგარდისტებთან ერთად მამაპაპური ჯაზური ფორმების ფრი-ჯაზურ დესტრუქციაში პირველად მიიღო მონაწილეობა.



არჩი შეპის ნიჭი უყურადღებოდ არც ჯონ კოლტრეინს დაუტოვებია. ჟურნალ "დაუნბითბის" მიერ ორგანიზებულ ფესტივალზე ჯერ ჩიკაგოში, ხოლო შემდეგ ნიუ-პორტის სცენაზე დაიყენა გვერდით, იმავე წელს კი თავისი ლეგენდარული ალბომის "Ascension"-ის ჩაწერაზე მიიწვია, სადაც ისეთი ბატონების მარაქაში გარია, როგორებიც იყვნენ: ტენორ-საქსოფონისტი ფეროუ სანდერსი, ალტ-საქსოფონისტები მერიონ ბრაუნი და ჯონ ჩიკაი, მესაყვირეები ფრედი ჰაბარდი და დიუი ჯონსონი, კონტრაბასისტები ჯიმი გარისონი და არტ დეივისი, დრამერი ელვინ ჯოუნსი და პიანისტი მაკოი ტაინერი. არჩი შეპმა ტოლი არავის დაუდო. ზემოხსენებულ მუსიკოსებთან ერთად, 40 წუთის განმავლობაში ატონალური ფრაზებით იმეტყველა და ხაზი გადაუსვა აქამდე მიღებულ აკორდულ-ჰარმონიულ პრინციპებს.



"ტრეინის ყაიდაზე დაკვრა ჩემს შესაძლებლობებს გვარიანად აღემატებოდა და ამაზე ოცნებასაც ვერ ვბედავდი. რასაც დღეს წარმოვადგენ, მისი დამსახურებაა... ჩემი მოძღვარი გახლდათ, რომელმაც შემქმნა, მუსიკის ენაზე თავისუფალი მეტყველება და საკუთარი თავის რწმენა მასწავლა, ამიტომ სიცოცხლის ბოლომდე მის ვალში ვიქნები" – შეგირდი ასე იხსენებდა საკუთარ მასწავლებელს. მართლაც, კოლტრეინმა უდიდესი როლი ითამაშა მისი, როგორც შემსრულებლისა თუ კომპოზიტორის ჩამოყალიბებაში. სოლო კარიერაც ტრეინის წყალობით დაიწყო ხმის ჩამწერ სტუდია Impulse!-ში, რომელიც იმხანად რადიკალური ფრთის ავანგარდისტებისა და პოლიტიკურად ანგაჟირებული მუსიკოსების თვითგამოხატვის ალაგს წარმოადგენდა. ჰოდა, არჩი შეპისთვის ფრი-ჯაზი ჯერ რასობრივ სეგრეგაციასთან ბრძოლის საშუალება გახლდათ და მხოლოდ შემდეგ – იმპროვიზაციული მუსიკალური სამყარო. თითქმის ყველა კონცერტს ერთი კაცის მიტინგად, სცენას კი ტრიბუნად აქცევდა ხოლმე: საკუთარი პოეზიით ამხელდა უსამართლობასა და მთავრობას შავკანიანთა დევნის ხელშეწყობაში ადანაშაულებდა. არჩი შეპის ყველაზე პოლიტიკური დისკებიდან ამჯერად ორს გამოვყოფდი: ფრი-ჯაზურ პერკუსიულ როკვას "Magic of Ju Ju"-ს და ჯაზ-როკულ ალბომს, სახელწოდებით "Attica Blues". ამ უკანასკნელს საფუძვლად ერთ-ერთ ნიუ-იორკულ ციხეში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები დაედო – შავკანიანმა პატიმრებმა, რომლებიც საკუთარი უფლებების დაცვასა და პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ, აჯანყება მოაწყვეს. ამბოხებულებს ცეცხლი გაუხსნეს, შედეგად კი 40 კაცი დაიღუპა, მათ შორის, პოლიციელებიც.



დიახ, არჩი შეპის ხელწერა მეამბოხეა, მისი საქსოფონი ხშირად გაბრაზებული გმინავს და იღრინება, თუმცა ზოგჯერ უზომოდ მშვიდი და ტკბილხმოვანიც გახლავთ. ამის დასტურად, ერთ ულამაზეს ნამუშევარს მოვიშველიებ, რომელიც მის მუსიკალურ მრავალმხრივობაზეც მეტყველებს და მის ფაქიზ შინაგან სამყაროსაც წარმოაჩენს. 1977 წლის სტოკჰოლმის ჩანაწერს – "Goin' Home"-ს ვგულისხმობ, სადაც არჩი შეპი მისთვის ყველაზე ახლობელ მუსიკაზე, საეკლესიო საგალობლებზე იმპროვიზირებს პიანისტ ჰორეის პარლანთან ერთად. "Goin' Home"-ს იმ ალბომებში მოვიაზრებ, რომელთაც მხოლოდ მოსმენა სჭირდება, ღირებულებაზე საუბარი კი ზედმეტი გახლავთ. ჰოდა, ჯობს თავად ავტორის მოგონებებს დავჯერდეთ: "...ამ ალბომით ჩემი ხალხის საუკუნოვანი დევნისა და დამცირების ამბის თხრობა დავაპირე. მათი გულისნადები თუ ტკივილი მუსიკის ენაზე ისე უნდა მეთქვა, ყველას სულს რომ ჩასწვდომოდა... დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, ემოციურ დაძაბულობასაც ვგრძნობდი. მუშაობის პროცესი რამდენჯერმე ლამის ჩავშალე, რადგან პირველივე აკორდებზე ყელში თითქოს მუშტისოდენა ბურთი მაწვებოდა, სუნთქვა მიჭირდა... ცრემლმორეულმა ათივე თემა დიდი ძალისხმევით ჩავწერე..."

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG