კასპის საკრებულოს შუალედური არჩევნები მეტეხის თემში შედარებით მშვიდად ჩატარდა. პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ალექსანდრე მერებაშვილმა 65 პროცენტით გაიმარჯვა და არჩევნების დასრულების შემდეგ მომხრეებთან ერთად გამარჯვება იზეიმა.
მეტეხში სამი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. 2 680 ამომრჩევლიდან საარჩევნო უბნებს მხოლოდ 50-მა პროცენტმა მიაკითხა. კასპის საკრებულოს წევრის ერთი თავისუფალი ადგილისთვის სამი კანდიდატი იბრძოდა: ციცინო აბუაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, სოლომონ ტატანაშვილი „სახალხო ხელისუფლებიდან“ და ალექსანდრე მერებაშვილი პარტია „ქართული ოცნებიდან“. არჩევნების დასრულების შემდეგ მერებაშვილმა რადიო თავისუფლებასთან განაცხადა, რომ საკრებულოში სოფლის პრობლემების გადასაჭრელად საკითხების ინიცირებას დაიწყებს.
მეტეხში არჩევნების დღეს დაძაბულობა დილიდან შეინიშნებოდა. „ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნებას“ პროცედურულ დარღვევებსა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაში ადანაშაულებდა. გარდა ამისა, საარჩევნო უბნებთან სპორტული აღნაგობის ახალგაზრდებიც მრავლად ირეოდნენ. მეტეხში რეგიონის ხელისუფლებიდან ყველა გამგებელი და გორის მერიც იმყოფებოდა, თუმცა ისინი ძირითადად დროს პარტიის ოფისში ატარებდნენ. „ნაციონალური მოძრაობიდან“ კი მეტეხში გიგი წერეთელი, დავით კირკიტაძე და ზურაბ ჭიაბერაშვილი იმყოფებოდნენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი რობერტ კავთიაშვილი არჩევნების მიმდინარეობისას არსებულ დარღვევებზე ლაპარაკობდა.
პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ოლეგ იაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებები უსაფუძვლოდ მიიჩნია და დასძინა, სოფელში ყველა კანდიდატს მოსახლეობა კარგად იცნობს და თვითონ გააკეთებენ არჩევანსო.
შუადღის შემდეგ დაძაბული ფონი მოიხსნა. სპორტსმენებიც სადღაც გაქრნენ. გიგი წერეთლის აზრით, კორცხელის ინციდენტის შემდეგ ხელისუფლებამ საერთო დირექტივა გასცა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციულ რესურსსაც იყენებდა და, ამასთანავე, არჩევნების დღეს საარჩევნო კამპანიას ატარებდა.
საღამოს, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ყველა 22-ე საარჩევნო უბანთან შეიკრიბა, სადაც ხმის დათვლის პროცესი ჭიანურდებოდა. „ოცნების“ აქტივისტებმა დროშები და მეგაფონიც მოიტანეს. გამოჩნდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი არაერთი ადამიანი. ერთ-ერთს ნერვებმა უმტყუნა და ხმამაღლა გაჰყვიროდა, თუ „ნაციონალები“ ხმას ამოიღებენ, კორცხელის მსგავსად, მეტეხშიც არ ასცდებათ ცემაო, თუმცა მას ბევრმა ზურგი შეაქცია და ეს ინციდენტი მალევე ჩაცხრა. ამ უბანზე „ოცნების“ კანდიდატმა ყველაზე დიდი უპირატესობით მოიგო და მეტეხსაც, პარტიის დროშებითა და ყიჟინით, „ოცნების“ აქტივისტები და მხარდამჭერები მოედნენ. მათი ზეიმი დილამდე გაგრძელდა.