Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებული არასრულწლოვანი გაათავისუფლეს


მავთულხლართები საოკუპაციო ხაზზე
მავთულხლართები საოკუპაციო ხაზზე

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის მცხოვრები 17 წლის მიხეილ ხუბულაშვილი გუშინ საღამოს მოლაპარაკების შემდეგ გაათავისუფლეს. არასრულწლოვანი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფლის განაპირას დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს.

გადმოწერა

მიხეილ ხუბულაშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია, მას მეტყველება უჭირს. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მეზობელი ოსური სოფლის, არცევის, მცხოვრებლებმა მას ცხენი ათხოვეს. მცირეხნიანი გასეირნების შემდეგ, როდესაც ხუბულაშვილი ცხენის დასაბრუნებლად ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა, იქ ჩასაფრებული რუსეთის მესაზღვრეები მას უკვე ელოდნენ. ხუბულაშვილი "საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს, ვილისის მარკის მანქანაში ჩასვეს და ჯერ არცევის სამხედრო ბაზაზე, იქიდან კი ცხინვალში გადაიყვანეს. ჯანმრთელობის პრობლემების მქონე არასრულწლოვანის დაკავების გამო მთელი სოფელი შეშფოთდა და ეს ამბავი სასწრაფოდ ქართველ სამართალდამცავებს შეატყობინეს. მიხეილ ხუბულაშვილის დედის, ნადია ხუბულაშვილის, თქმით, მისმა შვილმა სულ არ იცის, სად გადის საოკუპაციო ხაზი.

ხუბულაშვილის დაკავების ამბავი სოფელში ჯარიაშენის სასაფლაოსთან მყოფმა მწყემსებმა ჩამოიტანეს. მათ სთხოვეს კიდეც მესაზღვრეებს, რომ არასრულწლოვანი გაეთავისუფლებინათ, მაგრამ ამ თხოვნამ არ გაჭრა. თვითმხილველების თქმით, დაკავებაში სამი შეიარაღებული პირი მონაწილეობდა.

დაკავების შემდეგ ქართველ სამართალდამცავებთან ერთად საქმეში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ. მოლაპარაკებები დიდხანს არ გაგრძელებულა - არასრულწლოვანი სწრაფად, ეგრეთ წოდებული ჯარიმის გადახდის გარეშე გაათავისუფლეს. ამ და სხვა ინციდენტებზე ქართული მხარე ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ოსურ მხარესთან 30 ნოემბერს იმსჯელებს.

XS
SM
MD
LG