26 აპრილს, გამთენიისას, საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო მრავალწლოვანი ნარგავები გაიყინა კახეთის, ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭისა და იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო ჯერ არ ფლობს სრულ ინფორმაციას ზარალის მასშტაბის თაობაზე, თუმცა, როგორც ფერმერები ამბობენ, ზარალი მნიშვნელოვანია. ფერმერთა მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ აგროდაზღვევის მოქმედი პრაქტიკა არ ითვალისწინებს მოსავლის დაზღვევას ყინვებისგან.
26 აპრილს, გამთენიისას, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრმა ვარდნამ დააზარალა ზაზა გაგუა, რომელმაც მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თარგამეულში ოთხი წლის წინ ოჯალეშის ვენახი გააშენა:
„წელს ველოდებოდით პირველ სრულფასოვან მოსავალს, მეხუთე წელშია... ტემპერატურა იყო -1 გრადუსი. წინასწარი პროგნოზით, ყინვა არ უნდა ყოფილიყო და ჩვენც, შესაბამისად, არ ვიყავით მზად, ამიტომ მთლიანად მოიყინა. ყველა ფოთოლი გამხმარია. თან ქარი დაემატა ამ ყველაფერს და სულ გასცვივდა ფოთლები. ახალი ყლორტები უნდა გამოიღოს. წელს მცენარის გადარჩენაზე უნდა ვიზრუნოთ, მოსავლის დაკარგვას უკვე შევეგუეთ. ასეთ მდგომარეობაშია მთელი სოფელი“.
ამ მდგომარეობაშია ბაღები და ვენახები საქართველოს ბევრ რაიონში. სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის წარმომადგენელ შალვა კერესელიძის კომენტარი:
აგროდაზღვევა, რომელიც სახელმწიფო პროგრამით სუბსიდირდება, ფაქტობრივად, მორგებულია მხოლოდ კახეთის რეგიონს. იზღვევა ვენახი სამ რაღაცაზე: წყალდიდობა, სეტყვა და გვალვა, რომელთა რისკები დასავლეთ საქართველოში მინიმალურია. ასევე პრობლემაა ის, რომ არ იზღვევა გაზაფხულის ყინვები და დაავადებები...ზაზა გაგუა
„26 აპრილს -2 და -4 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა სხვადასხვა რეგიონში. დაზიანდა მრავალწლოვანი ნარგავები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, რაჭაში ამბროლაურის რაიონი, ვანის და ბაღდადის მუნიციპალიტეტები იმერეთის მხარეში, კახეთში საგარე, სამეგრელოს ზოგიერთი სოფელი... თუმცა ჯერჯერობით ზუსტი ზარალი არ ვიცით. საჭიროა რამდენიმე დღე იმის გასარკვევად, თუ რა დოზით დაზიანდა მრავალწლოვანი ნარგავები“.
ყინვამ დააზარალა მრავალწლიანი ნარგავები მცხეთასა და მარნეულის რაიონებში. მძიმე მდგომარეობაა გორის რაიონში.
ფერმერების თქმით, ყინვამ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ვენახები, რომლის ყლორტები და კვირტები დააზრო სიცივემ. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორი გიორგი სამანიშვილი ამბობს, სწორედ გაზაფხულის ყინვები უქმნის ვაზს ყველაზე დიდ საფრთხეს:
„ზამთრის პერიოდში, როცა ვენახს სძინავს, ყინვას გაცილებით უკეთ უძლებს, ვიდრე გაზაფხულზე, როცა კვირტი გამოსულია და წვენი მოძრაობს ვაზში. შესაბამისად, გაზაფხულის წაყინვები უფრო მნიშვნელოვან ზარალს აყენებს ხოლმე ვაზს და, ზოგადად, მცენარეს. ყინვების დროს ვენახში ანთებენ ხოლმე ცეცხლს, ძირითადად ღამ-ღამობით, რათა მცენარეში ტემპერატურა არ დაიწიოს ნულზე დაბლა. ცეცხლის გარდა, ასევე მიმართავენ სხვა ტექნიკურ საშუალებებსაც“.
თუმცა ქართველი ფერმერების დიდ ნაწილს არც ამ ტექნიკურ საშუალებებზე მიუწვდება ხელი და არც მოსავლის ყინვისგან დაზღვევაზე. აი, რას ამბობს მარტვილელი მევენახე ზაზა გაგუა:
„აგროდაზღვევა, რომელიც სახელმწიფო პროგრამით სუბსიდირდება, ფაქტობრივად, მორგებულია მხოლოდ კახეთის რეგიონს. იზღვევა ვენახი სამ რაღაცაზე: წყალდიდობა, სეტყვა და გვალვა, რომელთა რისკები დასავლეთ საქართველოში მინიმალურია. ასევე პრობლემაა ის, რომ არ იზღვევა გაზაფხულის ყინვები და დაავადებები. ასევე მიუღებელია ანაზღაურების მოცულობაც. წითელ ყურძენზე 1 ლარი, თეთრზე - 80 თეთრი. ჩვენი ოჯალეშის ფასი 5 ლარია და ერთ ლარად დაზღვევა არარელევანტურია“.
ზაზა გაგუას მსგავსად, აგროდაზღვევის ხარვეზებზე საუბრობს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, რომლის 5 ჰექტარზე გაშენებული ბაღი ასევე დააზიანა ყინვამ:
„რაც სჭირდება ფერმერს, იმას არ აზღვევენ. ეს არის: საგაზაფხულო ყინვა, გვალვა და პირუტყვის დაზღვევა. ეს არის სამი უმნიშვნელოვანესი რამ, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ფერმერისთვის, მაგრამ არ იზღვევა. ცვლილების დიდი იმედი არც ახლა მაქვს, რადგანაც ოთხი წელია უშედეგოდ ვიბრძვით ამისთვის“.
ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსის, სვეტლანა ნიორაძის, თქმით, უახლოეს დღეებში არსად საქართველოს ბარში ყინვა მოსალოდნელი აღარ არის.