Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალასანია და ღარიბაშვილი ევროატლანტიკური მომავლის სარკეში


ირაკლი ალასანია და ირაკლი ღარიბაშვილი. 2012 წ.
ირაკლი ალასანია და ირაკლი ღარიბაშვილი. 2012 წ.

საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელია და მას საფრთხე არ ემუქრება – ბოლო დღეებში მუდმივად იმეორებენ ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები. ისინი ცდილობენ გააქარწყლონ საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთება, გამოწვეული თავდაცვის მინისტრის გათავისუფლებითა და კიდევ ორი მინისტრის გადადგომით. რამდენად დამაჯერებელია ხელისუფალთა რიტორიკა საგარეო პოლიტიკური კურსის სიმტკიცესთან დაკავშირებით და რას ეყრდნობა კოალიციიდან გასული „თავისუფალი დემოკრატების“ შეფასება, რომ ევროატლანტიკური მომავალი საფრთხეშია?

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და მისი მოადგილეები, რის შემდეგაც თანამდებობიდან გადადგნენ სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე. „ჩვენ დიდად ვაფასებდით ამ მინისტრების საქმიანობას თავიანთი ქვეყნისთვის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის პროცესში“, – ვკითხულობთ ოფიციალურ ვებსაიტზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ჯენ საკის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში. ტექსტში ხაზგასმულია მოწოდება საქართველოს მთავრობისადმი, რომ გადადგას ნაბიჯები, „რათა გააქარწყლოს აღქმა, რომ სასამართლო სისტემა გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისათვის და აჩვენოს ერთგულება საერთო დემოკრატიული ფასეულობების მიმართ“. ტექსტში ასევე ნათქვამია:

„რეგიონისთვის მღელვარე დროში და საშინაო ეკონომიკური გამოწვევების პირობებში, საქართველოს ინტერესშია დემონსტრირება სტაბილურობისა, ერთიანობისა და ერთგულებისა სამართლებრივი პროცედურებისა და კანონის უზენაესობის მიმართ და საზოგადოების ნდობისა დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმუშაონ ამ მიზნებისთვის და კონცენტრირება მოახდინონ საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე“.

საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი რომ საფრთხეშია, ამის შესახებ განცხადება თავდაპირველად ირაკლი ალასანიამ გათავისუფლებამდე რამდენიმე საათით ადრე, 4 ნოემბერს გააკეთა. მისი მსჯელობა ეყრდნობოდა ორ ფაქტს, კერძოდ, იმას, რომ თავდაცვის უწყების 5 მაღალჩინოსნის დაკავება სწორედ მაშინ მოხდა, როცა ის საფრანგეთსა და გერმანიაში კოლეგებს ხვდებოდა და „მიმდინარეობდა მოლაპარაკებები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე“, ხოლო 4 ნოემბერს, როდესაც გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი კაპანაძე ამერიკაში იმყოფებოდა თავის ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრის მიზნით, მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს სხვა თანამშრომლებს წარუდგინა ბრალი. ალასანიას მიაჩნია, რომ ეს იყო დარტყმა თავდაცვის სამინისტროზე და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გეგმაზე.

სხვა ფაქტების შესახებ ჯერჯერობით არ ულაპარაკიათ მმართველი კოალიციიდან გასულ „თავისუფალ დემოკრატებს“ და ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლის საფრთხე ჯერჯერობით არც მაია ფანჯიკიძეს განუმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ეს დასახელდა მის მიერაც პოსტის დატოვების მთავარ მიზეზად. ამავე ტიპის საფრთხის არსებობაზე ლაპარაკობდა მისი მოადგილე თამარ ბერუჩაშვილიც, თუმცა 5 ნოემბერს დატოვებულ პოსტს ის, პრემიერთან საუბრის შემდეგ, 6 ნოემბერს, ბევრისთვის მოულოდნელად, დაუბრუნდა და თქვა, რომ საქართველოს ევროპული მომავლისთვის აგრძელებს მუშაობას. დავით ზალკალიანის გარდა, პრემიერის ინფორმაციით, პოსტზე რჩება საგარეო საქმეთა მინისტრის ყველა სხვა მოადგილე.

თუ რაიმე საფრთხე და რაიმე პრობლემები შეექმნა ამ კურსის აღსრულებას, ეს არის ბოლო დღეების განმავლობაში წამყვანი მინისტრების მიერ თანამდებობების დატოვება სხვადასხვა მიზეზით, სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებებით...
დავით უსუფაშვილი

საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან გამოვლენილ შეშფოთებასა და ეჭვებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და საგარეო კურსის შეცვლის საფრთხესთან დაკავშირებით მიზანმიმართულად უპირისპირდება საქართველოს ხელისუფლება. იმის შესახებ, რომ საქართველო არ შეანელებს სვლას ევროპული ოჯახისა და ნატოსკენ, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 6 ნოემბერს „სი ენ ენთან“ ინტერვიუშიც ილაპარაკა და შემდეგ, უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრისასაც, არაერთხელ აღნიშნა. ითქვა ისიც, რომ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭების საფრთხე თავდაცვის ყოფილი მინისტრის „უპასუხისმგებლო“ განცხადებებმა შექმნა.

დაახლოებით ასეთივე აზრი დევს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებებშიც. დავით უსუფაშვილის სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, ვითარება ბოლო დღეების მოვლენებმა დაძაბა და ძირითადად ყველაფერი ყოფილი მინისტრების ბრალია:

„თუ რაიმე საფრთხე და რაიმე პრობლემები შეექმნა ამ კურსის აღსრულებას, ეს არის ბოლო დღეების განმავლობაში წამყვანი მინისტრების მიერ თანამდებობების დატოვება სხვადასხვა მიზეზით, სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებებით და ამან, რა თქმა უნდა, შექმნა პრობლემები ამ კურსის აღსრულების მიმართულებით, იმიტომ რომ წამყვანი სამინისტროები გარკვეული დროის განმავლობაში აღმოჩნდა ხელმძღვანელების გარეშე“.

საზოგადოებისთვის ყველაზე ცნობილი ფაქტი, მაგალითად, არის ის, თუ რა ხდება იგივე მოსმენების კანონთან დაკავშირებით და უკვე 2 წელია, ფაქტობრივად, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმაც ძალიან ბევრჯერ მოუწოდა მთავრობას, რომ ეს საკითხები გადაეწყვიტათ, ამის გაკეთება ვერ მოხერხდა...
ეკა გიგაური

პარლამენტის თავმჯდომარეს მტკიცედ სჯერა, რომ უსაფუძვლოა ყოველგვარი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ „რაიმე საფრთხე ემუქრება ქვეყნის ევროატლანტიკურ განვითარებას“; სჯერა, რომ ძველი მინისტრების ადგილზე ახალი წარმატებული მინისტრები მოვლენ და უცვლელი კურსით სვლა კვლავაც წარმატებით გაგრძელდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის აზრით, საგარეო პოლიტიკური კურსის სიმტკიცე ევროპული ფასეულობების მტკიცე დაცვით უნდა დადასტურდეს, რაც წარმატებული რეფორმებით უნდა გამოვლინდეს. როგორც ის აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, ამ ჭრილში შეკითხვები და ეჭვები ჩნდება:

„საზოგადოებისთვის ყველაზე ცნობილი ფაქტი, მაგალითად, არის ის, თუ რა ხდება იგივე მოსმენების კანონთან დაკავშირებით და უკვე 2 წელია, ფაქტობრივად, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმაც ძალიან ბევრჯერ მოუწოდა მთავრობას, რომ ეს საკითხები გადაეწყვიტათ, ამის გაკეთება ვერ მოხერხდა; იგივე, მაგალითად, ქვეყნის მართვის სტილს რომ შევხედოთ: ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული პრაქტიკაა ე.წ. ოდეერების პრაქტიკა, რომელიც მომდინარეობს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან და ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ თქვა ამაზე უარი; იგივე, ვთქვათ, დამოკიდებულება განსხვავებული აზრის მიმართ: ის, რომ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს „ძირგამომთხრელებს“ უწოდებენ და მათი დისკრედიტაციის მცდელობა ვლინდება; ის, რომ მედიასაშუალებების მიმართაც ისმის აბსოლუტურად გაუმართლებელი კრიტიკა; ის, რომ ქვეყანაში არსებობს არაფორმალური მმართველობის სისტემა“.

ამ ჩამონათვალში ეკა გიგაური ასევე მოიხსენიებს, მაგალითად, ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით ბოლო დროს მოხშირებულ პრობლემებს და მიუღებლად მიიჩნევს, რომ ზოგჯერ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდანაც ისმის ქსენოფობიური და ჰომოფობიური განცხადებები და მათ ამისთვის არავინ კიცხავს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი პრობლემად მიიჩნევს იმასაც, რომ ვერა და ვერ მოხერხდა საარჩევნო სისტემის სათანადოდ დახვეწა და, გარდა ამისა, მისი თვალთახედვით, ქვეყანაში კიდევ არაერთი სხვა მწვავე და გადაუჭრელი პრობლემაა, რომლებიც ხელს უშლის საქართველოს რეალურ დაახლოებას ევროპასთან, კითხვის ნიშნებს აჩენს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან მიმართებით და რომელთა გადაჭრაც სასიცოცხლოდ აუცილებელია იმისათვის, რომ საქმით განმტკიცდეს მთავრობის ევროპული კურსი.

იმ ფაქტს, რომ საქართველომ გააფორმა ასოცირების შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან, ეკა გიგაური უდიდეს მიღწევად მიიჩნევს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ მოქმედი ხელისუფლების დამსახურება არ არის და რომ ეს წლების განმავლობაში მთავრობების, ორგანიზაციებისა და მთლიანად საზოგადოების დამსახურებაა.

იმას, რომ ხელისუფლებას ძალაუფლების ბერკეტებზე უარის თქმა უჭირს და სისტემა მოუქნელად მუშაობს ევროპულ ფასეულობებთან დაახლოების პროცესში, პრობლემად თვლის პრემიერ–მინისტრის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი, თუმცა, მისი აზრით, ეს მაინც არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ქვეყნის მიერ საგარეო პოლიტიკური კურსის საფრთხეზე ვილაპარაკოთ. გია ხუხაშვილი თვლის, რომ ეს არა თვითონ კურსთან დაკავშირებული არჩევანია, არამედ მისი აღსრულების პრობლემაა, რამაც დასავლეთში მართლაც გააჩინა შეკითხვები. როგორც ანალიტიკოსი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ახლა ხელისუფლების ვალია, რომ „ამ შეკითხვებს პასუხები გასცეს და კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი, პირველ რიგში, ინსტიტუციურ მართვაზე გადასვლისთვის, რაც უზრუნველყოფს დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებას, თავისუფალი ბაზრის პრინციპების დამკვიდრებას და ა.შ. და ა.შ.“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG