Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის ინტერესშია 26 მაისის მოვლენების კომპლექსური გამოძიება?


აქციის დაშლა რუსთაველის გამზირზე. თბილისი, 2011 წლის 26 მაისი
აქციის დაშლა რუსთაველის გამზირზე. თბილისი, 2011 წლის 26 მაისი
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ხათუნა ოჩიაური, თავისი პოლიტიკური გუნდის სახელით, მთავარი პროკურატურისგან 26 მაისის მოვლენების სრულყოფილ და კომპლექსურ გამოძიებას მოითხოვს და აცხადებს, რომ უნდა დადგინდეს, რა მიზანი ამოძრავებდათ 26 მაისის აქციის ორგანიზატორებს. ხათუნა ოჩიაური იმასაც ამბობს, რომ, პირველ რიგში, სწორედ ”ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებშია გამოძიებამ ყველა კითხვას გასცეს პასუხი, განსაკუთრებით კი ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიასთან მიმართებით. როგორც ცნობილია, ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალურ მდივანს პროკურატურამ 28 მაისს ბრალი სწორედ 2011 წლის 26 მაისის ეპიზოდის გამო დაუმძიმა: პროკურატურა მას დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს.

”ნაციონალური მოძრაობა” და მისი ერთ-ერთი წევრი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ხათუნა ოჩიაური, ვანო მერაბიშვილის საქმის ობიექტურად გამოძიებას და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს აქცია მიმდინარეობდა სწორედ იმ მიზნით, რომ დაშლილყო და დაშლილიყო ძალისმიერი მეთოდით...
ხათუნა ოჩიაური
პასუხის გაცემას მოითხოვს. 29 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ხათუნა ოჩიაურმა განაცხადა, რომ პროკურატურის 28 მაისის განცხადება მერაბიშვილისათვის ბრალის დამძიმების შესახებ ამის იმედს არ იძლევა. ეს იყო პოლიტიკური განცხადება, ამბობს ის:

”ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის, რაც პროკურატურამ განაცხადა, იყო წინასწარი განწყობით გაკეთებული განცხადება. თუნდაც ის, რომ ბრალდებაში წერია, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქციის დაშლა, ეს იწვევს ჩვენში გარკვეულ შეშფოთებას და ეჭვს გვიჩენს, რომ ეს არ იქნება ობიექტური გამოძიება. მათ არ შეუსწავლიათ მასალა, რომელიც გამოქვეყნებული იყო, და ის კადრები, რომლებიც არსებობს ამ აქციის მიმდინარეობის შესახებ, მათ შორის, წინა დღეების შესახებაც: როგორ იყო ეს ხალხი შეიარაღებული, რა მიზნები ჰქონდათ, ვისთან იყვნენ კოორდინირებულები, სად იმალებოდა იარაღი - ეს არ არის გამოსაძიებელი თემა? აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს აქცია მიმდინარეობდა სწორედ იმ მიზნით, რომ დაშლილყო და დაშლილიყო ძალისმიერი მეთოდით”.

ხათუნა ოჩიაური ასევე აცხადებს, რომ თუ ვინმეს ინტერესშია როგორც ვანო მერაბიშვილის, ისე ბაჩო ახალაიას საქმეების გამოძიება, ეს, პირველ რიგში, ”ნაციონალური მოძრაობაა”, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნების წინასწარ დაკავების ფაქტს აპროტესტებს. ოჩიაური დარწმუნებულია, რომ ობიექტური გამოძიება მათ სიმართლის დამტკიცებაში დაეხმარება:

26 მაისს მომხდარ მოვლენებში ვანო მერაბიშვილის დადანაშაულების ფაქტსა და მისი პოლიტიკური გუნდის პროტესტს 29 მაისს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ჟან კლოდ მინიონთან შეხვედრის შემდეგ, პარლამენტის თავჯმდომარე დავით უსუფაშვილიც გამოეხმაურა:

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი
”ჩვენ პოლიტიკურ ოპონენტებთან, რომლებიც ფიქრობენ, რომ 26 მაისის მოვლენების გამო მერაბიშვილსათვის ბრალის დამძიმება პოლიტიკური დევნაა, მე საპასუხო კითხვა მაქვს: თუ მათ იციან, რომ ამ მოვლენებში მერაბიშვილს არ მიუძღვის წვლილი, მაშინ გვითხრან, ვის მიუძღვის წვლილი, თვითონ ხომ იციან ეს?”

გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას 26 მაისის აქციის შედეგების გამო ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე? პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესახებ მან საკუთარი აზრი ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერში, გადაცემა ”პოლიტმეტრში”, ნათლად გამოხატა:

”არ მახსოვს, რომ ვინმეს ოდესმე დაესვა ეს შეკითხვა და დაესვა პასუხისმგებლობის საკითხი 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ორგანიზატორების მიმართ. რატომღაც ყოველთვის ბურჯანაძეა პასუხისმგებელი, როცა ხელისუფლებაში ვიყავი და მერეც, როცა ოპოზიციაში გადავედი. მე, იცით, რაზე ვიღებ პასუხისმგებლობას? იმაზე, რომ დღეს სააკაშვილის რეჟიმი ვეღარ მართავს ამ ქვეყანას. ის, რომ პირველი ოქტომბერი მოხდა, დიახაც, ეს არის 26 მაისის დამსახურება”.
საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარე ღონისძიებები პასუხობს კანონისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ პირობებს...
არჩილ კბილაშვილი

მთავარი პროკურატურა ”ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნას 26 მაისის მოვლენების კომპლექსურად გამოძიების თაობაზე ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. თავად მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებოდა. იქ გამართული შეხვედრების შემდეგ მან მედიასთან საუბრისას მხოლოდ ის განაცხადა, რომ მაღალი რანგის ჩინოვნიკებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, სამართლებრივი თვალსაზრისით, და რომ სრული
ურთიერთგაგებაა იმასთან დაკავშირებით, რომ ”საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარე ღონისძიებები პასუხობს კანონისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ პირობებს”.

26 მაისის მოვლენების გამოძიებას და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას 26 მაისს დაღუპული პოლიციელის, ვლადიმერ მასურაშვილის დედა და აქციის მონაწილე ნიკა კვინტრაძის მეგობარი, რევაზ რეხვიაშვილიც ითხოვენ. 29 მაისს ორივემ საგანგებო პრესკონფერენციაც გამართა. დაღუპული პოლიციელის დედა მომხდარში ნინო ბურჯანაძეს ადანაშაულებს, ნიკა კვინტრაძის მეგობარი კი პასუხისმგებლობას ვანო მერაბიშვილს აკისრებს და მისი ბრძანების უშუალო შემსრულებელი სამართალდამცველების დასჯას მოითხოვს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG