Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ახალციხის თემის 2016 წლის ბიუჯეტი 4 მილიონ 452 ათასი ლარია


ახალციხის მუნიციპალიტეტის თემის 2016 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. დეპუტატებმა მთავარ ფინანსურ დოკუმენტს კენჭი უყარეს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მისთვის მხარი არ დაუჭერიათ. მათ ბიუჯეტთან დაკავშირებით გაზრდილ სახელფასო ფონდზე აქვთ პრეტენზიები, მმართველი პარტიის წევრები კი აქცენტს ინფრასტრუქტურულ და ჯანდაცვის პაკეტებზე აკეთებენ.

21 მომხრე და 5 წინააღმდეგი – ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. სხდომას 30 დეპუტატიდან 26 დაესწრო. მთავარ ფინანსურ დოკუმენტს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. ფრაქციის ხელმძღვანელი მედიასთან აცხადებს, რომ პროექტის მიმართ ბევრი შენიშვნა ჰქონდათ, თუმცა მაკა სუდაძეს რეკომენდაცია წარმომადგენლობით ორგანოში წერილობითი არ წარუდგენია.

2016 წლის ბიუჯეტის გარდა, საკრებულოს სხდომაზე მომავალი წლის სოციალური დახმარების გაცემის წესიც დამტკიცდა. ამ კუთხით ფინანსურ დოკუმენტში 20 000 ლარი გაიწერა. შეიცვალა სოციალური დახმარების პაკეტი. ახალციხის თემის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი თამილა ადვაძე განმარტავს, რომ დაფინანსება ონკოლოგიურ დაავადებებზეც გაიზარდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები განმარტავენ, რომ მომავალ წელს მთავარი პრიორიტეტები უცვლელი რჩება და კვლავ ინფრასტრუქტურული, სოციალური და საგანმანათლებლო პროექტები განხორციელდება. ახალციხის თემის გამგებელი ზაზა მელიქიძე აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურის სფეროში დახარჯული თანხა 4 მილიონამდე გაიზარდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, 2016 წლის ფინანსური დოკუმენტის გარდა, მიმდინარე წლის ბიუჯეტზეც ისაუბრეს. თემის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე აცხადებს, რომ 2015 წლის ბიუჯეტში მეათე ცვლილება განხორციელდა.

ახალციხის თემის საკრებულოს წლის ბოლო სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 12 საკითხზე იმსჯელეს. 2016 წლის ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი კი 4 მილიონ 452 ათასი ლარით განისაზღვრა.

XS
SM
MD
LG