ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიიდან 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს უკვე გადაეგზავნა. ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანო მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველი ვერსიის გადახედვასა და შენიშვნების შეტანას უახლოეს დღეებში საჯარო განხილვებით დაიწყებს. მიუხედავად ამისა, ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით პრეტენზიები უკვე აქვთ საკრებულოში შემავალოპოზიციურ ძალებს. დაუჭერენ თუ არა მხარს ისინი მთავარ ფინანსურ დოკუმენტს და რომელი საკითხებია ყველაზე პრიორიტეტული მოსახლეობისათვის?
ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარება, სოციალური პრობლემები და კულტურა –ეს იმ მთავარი პრიორიტეტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ახალციხის მერიის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში გაიწერა. ქალაქის მერის განმარტებით, მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველი ვერსია საკრებულოს კანონით გათვალისწინებულ ვადაში უკვე გადაეგზავნა და მას ფრაქციები განიხილავენ და შენიშვნებით კვლავ აღმასრულებელ ორგანოს დაუბრუნებენ. მერიის საკრებულოს თავმჯდომარე პროექტში შენიშვნების შეტანას საჯარო განხილვების პროცეში აპირებს, რომელშიც, კახა ბერიძის თქმით, ჩაერთვებიან როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე მოსახლეობა.
2015 წლის ბიუჯეტის პროექტისათვის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ჯერ არ გადაუხედავთ. ცნობილია, რომ მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენელი მხარს არ დაუჭერს. ჯიმშერ გოგოლაური ამბობს, რომ ბიუჯეტის პროექტში ის დაპირებები, რაც ქალაქის მერმა მოსახლეობას წინასაარჩევნოდ მისცა, გაწერილი არ არის.გარდა ამისა, მისთვის ფინანსურ დოკუმენტში შეტანილი მუხლების უმეტესობა ბუნდოვანი და არაფრის მთქმელია.
ახალციხელები ამბობენ, რომ ისინი მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ. მათი თქმით, ქალაქში ბევრი პრობლემაა, რასაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყურადღებაუნდა მიაქციოს და ბიუჯეტის დაგეგმარების დროს გაითვალისწინოს. ახალციხელები სოციალურ პრობლემებთან ერთადქალაქში ნაგავსაყრელების, კანალიზაციისა და გარეუბნებში ამორტიზებული გზების პრობლემას ასახელებენ.
2015 წლის ბიუჯეტი, შენიშვნებით, კანონით გათვალისწინებულ ათი დღის ვადაში კვლავ მერიას დაუბრუნდება. თავის მხრივ, ცვლილებების შეტანის შემდეგ მერია ისევ საკანონმდებლო ორგანოს გადაუგზავნის, რომელიც საბოლოო სახით დამტკიცდება. ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ბიუჯეტის პროექტი დეკემბრის თვეში უნდა დამტკიცდეს. მიმდინარე წელს ახალციხის მერიისათვის 6 მილიონ ლარზე მეტია ბიუჯეტით გათვალისწინებული.