Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალციხელი მეათეკლასელები ნასაში მიემგზავრებიან


ირაკლი კაპანაძე, კარლო ხუციშვილი
ირაკლი კაპანაძე, კარლო ხუციშვილი

ახალციხელი პატარა გამომგონებლები ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსურ ცენტრში, ნასაში, გასამგზავრებლად ემზადებიან. ირაკლი კაპანაძე და კარლო ხუციშვილი საკუთარ გამოგონებას – მულტიკლიმატიზატორს - მსოფლიოს გააცნობენ. მეათეკლასელმა მოსწავლეებმა მოწყობილობა რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად შექმნეს. დანადგარი ატმოსფეროში ტენიანობას, წნევას და ტემპერატურას სრული სიზუსტით ზომავს. ყოველდღიური შეხვედრის ადგილი ირაკლი კაპანაძის სახლია, სადაც მულტიკლიმატიზატორი, ინახება. ბიჭები ერთ ოთახში იკრიბებიან და გამგზავრებამდე დანადგარს კიდევ ერთხელ ამოწმებენ. ისინი 2 აპრილს უკვე კოსმოსურ ცენტრ NASA-ში საკუთარ გამოგონებაზე ილაპარაკებენ. საერთაშორისო კონკურსზე სამას საუკეთესო გამოგონებას შორის ახალციხელი მოსწავლეების გამოგონებაც შემოწმდება. კარლო ხუციშვილი მიზანდასახულობასა და შრომისმოყვარეობაზე აკეთებს აქცენტს.

მულტიკლიმატიზატორი
მულტიკლიმატიზატორი

ახალციხელმა გამომგონებლებმა დანადგარის ასაწყობად საჭირო მასალა საზღვარგარეთიდან ინტერნეტით გამოიწერეს და ინოვაციური მოწყობილობა შექმნეს. ახალგაზრდების თქმით, მათი გამოგონების მეშვეობით ფერმერებს ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო მოსავალი აღარ გაუფუჭდებათ: მულტიკლიმატიზატორი მათ მოსალოდნელი წვიმის შესახებ 2-3 დღით ადრე შეატყობინებს. ხელსაწყოს დახმარებით ასევე შესაძლებელია ნიადაგის ტენიანობისა და ტემპერატურის გაზომვა, განმარტავს ირაკლი კაპანაძე.

მულტიკლიმატიზატორი
მულტიკლიმატიზატორი

ირაკლი კაპანაძესა და კარლო ხუციშვილს ინსტრუქტაჟს ირაკლის მამა უწევს. ნუგზარ კაპანაძე ბიჭებს ტექნიკური საკითხების მოგვარებაში ეხმარება. NASA-ში ახალგაზრდა გამომგონებლებთან ერთად ნუგზარ კაპანაძეც გაემგზავრება. მისი თქმით, ეს მხოლოდ ორი ადამიანის წარმატება არ არის. საქართველო მსგავს საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობას პირველად იღებს, აცხადებს პატარა გამომგონებლების ინსტრუქტორი და ირაკლი კაპანაძის მამა ნუგზარ კაპანაძე.

ახალციხელმა გამომგონებლებმა მულტიკლიმატიზატორი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ კონკურსისთვის შექმნეს, რომელშიც მონაწილეობა, საქართველოს მასშტაბით, 88 გუნდმა მიიღო. კარლო ხუციშვილმა და ირაკლი კაპანაძემ მათ შორის პირველი ადგილი დაიკავეს. 2 აპრილიდან ისინი ფლორიდაში, კანავერალის კონცხზე, საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს სახელით საკუთარ გამოგონებას წარადგენენ. ორი ახალციხელი მეათეკლასელი ფლორიდაში, ნასას ცენტრში, ორ აპრილს გაემგზავრება.

XS
SM
MD
LG