Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მიწის ნაკვეთების რეგისტრაციამ, შესაძლოა, მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვიოს


ხელისუფლების ახალმა ინიციატივამ მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით უკვე გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა. სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობისთვის მიწის ნაკვეთების რეგისტრაციამ, ხარჯების გარდა, სხვა პრობლემებიც წარმოშვა. ახალციხის რაიონის სოფელ ზიკილიის მცხოვრებლებმა მოულოდნელად გაარკვიეს, რომ ის მიწის ნაკვეთები, რომელსაც სოფელი საძოვრებად იყენებდა, სახელმწიფომ იჯარით სხვა სოფლის მცხოვრებს გადასცა. ზიკილიელების მტკიცებით, ჰექტარ-ნახევარი საძოვარი და ერთადერთი გზა, რომლითაც ფერმერებს პირუტყვი წყლის დასალევად მდინარეზე მიჰყავდათ, ახალციხის რაიონის სოფელ მუგარეთში მცხოვრებმა ფერმერმა უკვე დაამუშავა.

ზიკილიაში მცხოვრებლებს 500-მდე მსხვილფეხა პირუტყვი ჰყავთ. მათი ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის წყარო მესაქონლეობაა. ირწმუნებიან, რომ ტერიტორიის გასხვისების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. წლების წინ საძოვრად ქცეული მიწის ფართობი არავის დაუხნავს და იგი მხოლოდ პირუტყვის მდინარემდე ჩასაყვანად გამოიყენებოდა. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ, სოფლის საჭიროებებიდან გამომდინარე, ტერიტორია არასოდეს გასხვისებულა.

საძოვრისა და პირუტყვის გზის გარეშე დარჩენილმა მოსახლეობამ დახმარება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს სთხოვა. ზაზა მელიქიძე ზიკილიის მოსახლეობას ვითარებაში გარკვევას და ალტერნატიული ფართის მოძიებაში დახმარებას დაჰპირდა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მეიჯარე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოა. დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ მიხეილ ჩადუნელმა სოფელ ზიკილიაში 13 258 კვმ სასოფლო სახნავი მიწის ნაკვეთი 2 თებერვალს დაირეგისტრირა. ჩადუნელები ჟურნალისტებთან პირად საუბარში ამბობენ, რომ აღნიშნული ფართობი მათ 15 წლის ვადით გადაეცათ, რისთვისაც სახელმწიფოსთვის ყოველწლიურად 2 000 ლარზე მეტის გადახდა მოუწევთ. ხელისუფლების ინიციატივას არაეფექტურად მიიჩნევენ ა/ო ,,დემოკრატ მესხთა კავშირში“. ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ანდღულაძე განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია, ხარჯებთან ერთად, დოკუმენტაციის პრობლემებსაც უკავშირდება.

ხელისუფლების ინიციატივის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებად დაირეგისტრირებს ყველა იმ მიწის ნაკვეთს, რომელზეც, საჯარო რეესტრის მონაცემებით, სხვა პირის უფლება არ დგინდება. დაინტერესებულ პირებს ექნებათ ერთწლიანი ვადა იმისათვის, რომ მოითხოვონ სახელმწიფოს საკუთრების გაუქმება და კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე მათი უფლების რეგისტრაცია.

XS
SM
MD
LG