Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

,,თავისუფალი დემოკრატები“ სამცხე-ჯავახეთში


"თავისუფალი დემოკრატების“ წევრებს რეგიონებში გადაწყვეტილების მიღება უჭირთ. სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ ბორჯომში მიიღეს. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ფერაძე ამბობს, რომ მან ამომრჩეველს დაპირება მისცა, პირობის შესასრულებლად კი ვალდებულია დარჩეს უმრავლესობის წევრად.

თავისუფალ დემოკრატებს ახალქალაქსა და ნინოწმინდაში გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვთ. პარტიის წევრთა განცხადებით, ამის მიზეზი ფრაქციის ჯერ კიდევ ჩასატარებელი სხდომაა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თავისუფალი დემოკრატების მიერ შემდგარმა სამკაციანმა ფრაქციამ ამ დრომდე ვერ შეძლო შეკრება და სხდომის ჩატარება. ფრაქციის თავმჯდომარე ვოსკან ელოიანი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ.

პარტიის პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული დარჩა ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. ალექსანდრე ცინაძე განმარტავს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას გარშემო მიმდინარე პროცესებმა ასპინძაში ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატების“ დაშლა გამოიწვია.

პარტიის წევრად რჩებიან ახალციხელი თავისუფალი დემოკრატები. გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ „თავისუფალი დემოკრატების“ ადიგენის წარმომადგენლებს. მედიასთან ამ საკითხზე არ ლაპარაკობენ პარტიის წევრები, თუმცა აცხადებენ, რომ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას 15 ნოემბრის შემდეგ შეძლებენ - მას მერე, რაც ტრენინგებს დაასრულებენ და საკუთარ მუნიციპალიტეტში დაბრუნდებიან.

XS
SM
MD
LG