Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

რატომ შეიძლება ხორცი გაძვირდეს


ახალციხის „ალფა მარკეტში“ შესაძლოა ხორცზე ფასებმა იმატოს. სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის გაფრთხილებამ, რომ ბიზნესოპერატორებმა ფორმა #2 უნდა წარადგინონ, მოვაჭრეების პროტესტი გამოიწვია, რადგან მათ ამ დოკუმენტის მოპოვება მუნიციპალიტეტში არ შეუძლიათ. ამის გამო მცირე მეწარმეები ბაზარში პროდუქტის გაძვირებას არ გამორიცხავენ. არის თუ არა აუცილებელი, ახალი დადგენილებით, საკლავი ცხოველის ვეტერინარული დადასტურება და რა ფორმით დაჯარიმდებიან მოვაჭრეები?

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა ახალციხის ბაზარში ხორცით მოვაჭრეები გააფრთხილა: იმ შემთხვევაში, თუ მათ ობიექტზე არ ექნებათ დოკუმენტი, რომელიც პირუტყვის ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ დაკვლას დაადასტურებს, დაჯარიმდებიან. ამ ფაქტმა ადგილობრივ ბაზარში პროტესტი გამოიწვია. ახალციხის „ალფა მარკეტის“ თანამშრომლები ამბობენ, რომ სურსათის უვნებლობის სამსახურს ფორმა ნომერ ორს ვერ წარუდგენენ, რადგან მათ მხოლოდ ლაბორატორიის დასკვნა აქვთ. მოვაჭრეთა განმარტებით, მუნიციპალიტეტში პირუტყვის სასაკლაო არ არსებობს, სადაც შესაბამისი დოკუმენტი უნდა გაიცეს, სურსათის სხვა მუნიციპალიტეტებში ტრანსპორტირება კი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. შექმნილი პრობლემის გამო, „ალფა მარკეტის“ მოვაჭრეები ხორცზე ფასის ზრდას არ გამორიცხავენ.

სამცხე-ჯავახეთში შინაური პირუტყვის სასაკლაო მხოლოდ ასპინძისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში ფუნქციონირებს. ეს საკითხი ახალციხეში ხორცის რეალიზატორებს პრობლემას უქმნის, აცხადებს „ალფა მარკეტის“ ხელმძღვანელი. გიორგი ნიჟარაძე განმარტავს, რომ მცირე მეწარმისათვის ხორცის ტრანსპორტირება სხვა მუნიციპალიტეტებში დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. იგი კანონის წინააღმდეგი არ არის, თუმცა ირწმუნება, რომ აუცილებელი იყო ჯერ სასაკლაო გაეხსნათ, რომლის მშენებლობაც ახალციხეში უკვე დასრულდა. უკიდურეს შემთხვევაში გამოსავალს გიორგი ნიჟარაძე პირუტყვის მცირე სასაკლაოების გახსნაში ხედავს.

ხორცკომბინატი და სასაკლაო, რომლის მშენებლობაც ახალციხის მუნიციპალიტეტში დასრულებულია, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, ფუნქციონირებას მალე დაიწყებს. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ კომბინატის გახსნის ზუსტი თარიღი არ იცის, თუმცა ამბობს, რომ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სასაკლაოსა და ხორცკომბინატში ადგილობრივები დასაქმდებიან. მისი გახსნით ხორცის რეალიზატორი მცირე მეწარმეების პრობლემებიც მოგვარდება, იმედოვნებს ოლეგ სანდროშვილი.

სამცხე-ჯავახეთის სურსათის უვნებლობის სამსახურში განმარტავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ფორმა ნომერი ორი ობიექტზე არ აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირუტყვი ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ არ დაიკლა, მცირე მეწარმე კანონით განკუთვნილი თანხით - 1000 ლარით - დაჯარიმდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსის, ლია ბექაურის განმარტებით, ისინი ეტაპობრივად ყველა იმ ობიექტს გადაამოწმებენ, სადაც ხორცით ვაჭრობაა.

ახალი დადგენილების განხორციელების აუცილებლობაზე იურისტებიც საუბრობენ. გიორგი ჯვარიძე მიიჩნევს, რომ დარღვევებისა და ხორცის შეძენისას სხვადასხვა პრობლემის თავიდან ასაცილებლად ახალი დადგენილების დამტკიცება აუცილებელი იყო. იურისტი გიორგი ჯვარიძე შენიშნავს, რომ, დადგენილების მიხედვით, აუცილებელი არ არის პირუტყვის ვარგისიანობაზე ფორმა ნომერი ორი სასაკლაოზე გაიცეს, აღნიშნული დოკუმენტის გაცემა ადგილზე მომუშავე სერტიფიკატის მქონე ვეტერინარებსაც შეუძლიათ.

სურსათის ბაზარზე გატანას საქართველოს მთავრობის # 444 დადგენილება არეგულირებს, რომელიც 2013 წლის 31 დეკემბერს მიიღეს. დადგენილების თანახმად, საკლავი ცხოველი ვეტერინარულად უნდა შემოწმდეს და ხორცისა და ხორცპროდუქტების ლაბორატორიული ექსპერტიზა ჩაუტარდეს.
XS
SM
MD
LG