Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

თებერვლიდან ახალციხის მუნიციპალიტეტი ახალი შემადგენლობით დაიწყებს მუშაობას


ახალციხე
ახალციხე
ახალციხის თვითმმართველობაში საკონკურსო კომისიამ განცხადებების შესწავლა და გასაუბრების მეორე ეტაპი დაასრულა. ცხრაკაციან კომისიას საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი ხელმძღვანელობს. მისი განცხადებით, მეორე ეტაპის შემდეგ 207 კონკურსანტი დარჩა. ადგილობრივ ხელისუფლებაში თავდაპირველად 71 ვაკანსიაზე 547 განაცხადი შევიდა. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ის პირები, რომლებმაც თვითმმართველობის მიერ მოთხოვნილი საკვალიფიკაციო პირობები ვერ დააკმაყოფილეს, კონკურსიდან ავტომატურად მოიხსნენ. ხარვეზები იყო რეზიუმეების შევსების დროსაც. იყო შემთხვევა, როცა პრეტენდენტებს განაცხადები რამდენიმე პოზიციაზე ჰქონდათ შევსებული, ამის გამო მათი კანდიდატურები არ განუხილავთ, – განმარტავს ოლეგ სანდროშვილი.
საკონკურსო კომისიის პარალელურად, საპრეტენზიო კომისიაც შეიქმნა, რომელიც სხვადასხვა ფრაქციის თავმჯდომარეებით დაკომპლექტდა. იმ ადამიანებს, ვისაც კონკურსში მონაწილეობაზე უარი ეთქვათ, საშუალება ჰქონდათ საბუთები განსახილველად საპრეტენზიო კომისიაში შეეტანათ. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ამ ეტაპზე კომისიაში ოთხი ადამიანის განაცხადი შევიდა. მაკა სუდაძე ამბობს, რომ მათგან მხოლოდ ერთი პრეტენდენტის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მას საშუალება აქვს კონკურსში ხელახლა მიიღოს მონაწილეობა.

ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობას საპრეტენზიო კომისიაში ვალის ყოფილმა რწმუნებულმა ზურაბ ნასყიდაშვილმა და სოფელ ანდრიაწმინდის გაერთიანებული თემის რწმუნებულმა ნიკოლოზ ტაბატაძემ მიმართა, თუმცა მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. სპეციალურად შექმნილი საპრეტენზიო კომისია მანამდე იმუშავებს, სანამ ვაკანტურ პოზიციებზე პრეტენდენტები არ დაინიშნებიან. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბლიაძე აცხადებს, რომ შემაჯამებელი სხდომის გასამართად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებას ელოდება.
რეორგანიზაცია მიმდინარეობს სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულ-გუბერნატორის აპარატშიც. ახალი წლიდან რეგიონის პირველი პირის მოადგილედ კოალიცია “ქართული ოცნების“ ადიგენის შტაბის უფროსი დაინიშნა. ავთანდილ კაჭკაჭაშვილის თქმით, იგი სამცხე-ჯავახეთის მხარეს კარგად იცნობს და პრობლემები, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს, მისთვის უცხო არ არის. გუბერნატორის პირველი მოადგილის განმარტებით, პირველ რიგში, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში მიმდინარე რეორგანიზაციის საკითხია გადასაწყვეტი, რაც თვის ბოლოსთვის დასრულდება. გუბერნიის თანამშრომლები გასაუბრების მეშვეობით შეირჩევიან.
XS
SM
MD
LG