Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თინათინ გოზალიშვილი: ”ვემსახურები მთავრობას”


ახალციხელმა რობერტ აკოფიანმა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი პოზიცია ვერ გამოხატა, რადგან ამომრჩეველთა ერთიან სიაში დაფიქსირებული არ აღმოჩნდა. იგი დღეს, 27 ოქტომბერს, პირველ და 29–ე უბნებზე იმყოფებოდა, სადაც აღნიშნული დასახლების მკვიდრნი კენჭისყრის პროცედურებს გადიან, მაგრამ საკუთარი სახელი და გვარი ვერც ერთ უბანზე ვერ ამოიკითხა. რობერტ აკოფიანს ხმის მიცემასთან დაკავშირებით პრობლემა პირველად შეექმნა.

დარღვევები დაფიქსირდა აწყურში მდებარე საარჩევნო უბანშიც. „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ახალციხის შტაბის წევრების მტკიცებით, ახალციხის ციხის დირექტორი გუჯა ბიჭაშვილი აწყურში მოსახლეობას 41-ე ნომრის შემოხაზვას ურჩევდა. გარდა ამისა, უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეოკამერით არჩევნებში მონაწილეებსაც აფიქსირებდა, – აცხადებს შტაბის ხელმძღვანელი გაგა ივანიძე.

ახალციხის ციხის დირექტორი გუჯა ბიჭაშვილი პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის - ნინო ბურჯანაძის - მხარდამჭერთა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მსგავს ფაქტებს მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

სამცხე-ჯავახეთში საპრეზიდენტო არჩევნებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი აკვირდება. დარჩიაშვილი ირწმუნება, რომ რეგიონში ,,ქართული ოცნების” მხრიდან კანონდარღვევის მცდელობებს აქვს ადგილი, არჩევნების წინა დღეებში კი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებიც დაფიქსირდა.

”ისეთი ფაქტები ფიქსირდება, რაზეც ,,ნაციონალურ მოძრაობას” გვედავებოდნენ და რაზეც საქმეებს აღძრავდნენ. დაშინების ელემენტებიც გამოიკვეთა და ამ ყველაფრით სურს კოალიციას მაღალი პროცენტი აიღოს. მე სამცხე–ჯავახეთში მთელი დღის განმავლობაში დავრჩები, საკმაოდ დიდი რეგიონია და ყველაფერზე საჭიროა რეაგირება. ასეთი მცდელობები საგანგაშოა”, – აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი.

კოალიცია “ქართული ოცნების” აქტივისტები ახალციხის მეათე საარჩევნო უბანზე კანონდარღვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ნიკოლოზ ხიზაძემაც დაადანაშაულა - საარჩევნო უბნის ეზოში აგიტაციისა და კაბინაში გაკრული პლაკატების გამო ბრალი ქალბატონებს დასდო.

ნიკოლოზ ხიზაძის ბრალდებებს უარყოფენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები. თინათინ გოზალიშვილი და ეკატერინე ხითარიშვილი აცხადებენ, რომ აგიტაციას თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ეწევიან.

დარღვევების შესახებ ინფორმაციას 37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაშიც ფლობენ. ოლქის თავმჯდომარე თეა გავაშელი ირწმუნება, რომ სერიოზული დარღვევა ოლქში არ დაფიქსირებულა.

ადგილობრივი მოსახლეობა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად გახსნილ საზღვრებს, ფაბრიკა-ქარხნების ამუშავებასა და საქართველოს გაერთიანებას ელის.

სამცხე-ჯავახეთში ყველაზე უხუცესი ამომრჩეველი 103 წლის სონია დოშოიანია. მან საკუთარი არჩევანი გადასატანი ყუთის მეშვეობით დააფიქსირა. თამარაშვილის ქუჩის 7 ნომერში სონია დოშოიანთან 32–ე საარჩევნო უბნიდან მივიდნენ. უხუცესმა ქალბატონმა ფიზიკური მდგომარეობის გამო ბიულეტენზე სასურველი კანდიდატის ნომერი შვილის დახმარებით შემოხაზა.
XS
SM
MD
LG