Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ჯავახეთში მკვეთრად გაძვირდა საწვავი შეშა


ზამთრის მოახლოებასთან ერთად ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საშეშე მერქნით მომარაგება ერთ-ერთი მთავარი საკითხი გახდა. გაზიფიკაციის მიუხედავად, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ შეშით თბება, თუმცა ადგილობრივებს საშეშე მერქნის მომარაგება ჯერ არ დაუწყიათ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ტყეკაფებისათვის სპეციალურად ადგილებია გამოყოფილი. რა უჯდება ახალქალაქში ერთ ოჯახს შეშით მომარაგება და რა სირთულეებს აწყდებიან ადგილობრივები?

გაზიფიცირების მიუხედავად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ზამთრის მოახლოებასთან ერთად გასათბობად კვლავ შეშას იმარაგებს. ადგილობრივების განმარტებით, ტყეკაფები ტერიტორიულად შორს მდებარეობს, რის გამოც მოსახლეობის დიდ ნაწილს შეშის ყიდვა უხდება. ახალქალაქში ამბობენ, რომ რეგიონში მკაცრი კლიმატის გამო ისინი ზამთრის პერიოდში 11 კუბმეტრამდე შეშას წვავენ, ეს კი ერთ ოჯახს კოლოსალური თანხა უჯდება.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მოთხოვნით, ის ოჯახები აღრიცხეს, რომელთაც ბუნებრივი აირი არ აქვთ შეყვანილი. სიები შესაბამის სტრუქტურებს გადაეგზავნათ და მოსახლეობას შეშის დასამზადებლად ლიბერთი ბანკის ფილიალში ბილეთის აღების საშუალება მიეცა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ჰამლეტ მოვსესიანის თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახების საშეშე მერქნით მომარაგებას თავად მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.

სამცხე-ჯავახეთის უფროსი მეტყევე ლევან თედიაშვილი ამბობს, რომ საშეშე მერქნის გამოწერა მოსახლეობისთვის შეუზღუდავად ხდება. მოსახლემ ბილეთის ასაღებად ბანკში თანხა უნდა გადაიხადოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს იგი ტყიდან შეშის გამოტანას. ლევან თედიაშვილი განმარტავს, რომ მომავალი წლიდან საშეშე მერქნის გამოწერა შეზღუდული რაოდენობით იქნება შესაძლებელი.

ქვეყნის მასშტაბით, ერთი კუბური მეტრი წიწვოვანი საშეშე მერქნის გამოწერა 5 ლარი ღირს, ხოლო ფოთლოვანის - 6 ლარი. გარკვეული პროცედურების გავლის შემთხვევაში, მოსახლეობას საშუალება აქვს გამოყოფილ ადგილას შეშა დანომროს, შემდეგ კი ტყიდან გამოიტანოს.
XS
SM
MD
LG