Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსუფაშვილის ახალი პოლიტიკური ცენტრის მოლოდინში


დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

დაახლოებით, 10 დღეში გახდება ცნობილი საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის, პოლიტიკური გეგმები. 13 აპრილს, ჟურნალისტებთან საუბრისას, მან პრესკონფერენცია უკვე დააანონსა და განაცხადა, რომ მისი ახალი პოლიტიკური ძალის შესახებ დაგროვილ ყველა შეკითხვას სწორედ ამ პრესკონფერენციაზე უპასუხებს. უსუფაშვილი უკვე გეგმავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და მზადებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. როგორც ირკვევა, დავით უსუფაშვილი უახლოეს მომავალში თბილისის მერობის კანდიდატსაც დაასახელებს.

გადმოწერა

10 დღეში გავიგებთ, რა ერქმევა ახალ პოლიტიკურ ძალას, რომლის ლიდერიც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი „რესპუბლიკელი“ დავით უსუფაშვილი იქნება. სწორედ ამ დროისთვის არის დაგეგმილი პრესკონფერენცია, რომელზეც უსუფაშვილმა თავისი ახალი გუნდის წევრები უნდა გააცნოს საზოგადოებას და სამომავლო გეგმებზეც ილაპარაკოს. 13 აპრილს, ჟურნალისტებთან საუბრისას, მან მხოლოდ ის თქვა, რომ მისი პოლიტიკური გუნდი მონაწილეობას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში, მათ ეყოლებათ მერობის კონკრეტული კანდიდატიც, გუნდი კი მოემზადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

პოლიტიკაში ახალი ძალით და ახალი გუნდით დაბრუნებაზე დავით უსუფაშვილმა, დაახლოებით, ერთი თვის წინ 16 მარტის გადაცემა „აქცენტებშიც“ ისაუბრა და თქვა, რომ ის მალე გამოჩნდება პოლიტიკურ არენაზე. მან თქვა, „ვაპირებ სერიოზულ აქტიურობას და ამ საკითხზე მექნება არაერთი შეთავაზება საქართველოში აქტიური პოზიციების მქონე ადამიანებთანო“.

უსუფაშვილის მიმართ ამ ოთხი წლის განმავლობაში, სანამ ის პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მოსახლეობას საკმაოდ დადებითი განწყობა ჰქონდა. თუმცა რას და როგორ გააკეთებს ახლა, ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული...
ვახტანგ ძაბირაძ

რამდენად არის მომზადებული ნიადაგი ახალი პოლიტიკური ცენტრის შესაქმნელად და დაიკავებს თუ არა ამ ცენტრის ადგილს სწორედ უსუფაშვილის პოლიტიკური ძალა? ვინ იქნება უსუფაშვილის გუნდში? რას შესთავაზებს ახალს ახალი პოლიტიკური ძალა ამომრჩეველს? დეტალებზე თავად უსუფაშვილი ჯერჯერობით არ ლაპარაკობს, პოლიტოლოგები კი მიიჩნევენ, რომ უკვე აშკარაა როგორც ოპოზიციისადმი საზოგადოების კრიტიკული დამოკიდებულება, ისე თავად პოლიტიკური ოპოზიციის კრიზისიც. ასე ფიქრობს, მაგალითად, პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე. მისი შეფასებით, საზოგადოებისთვის ნელ-ნელა მიუღებელი ხდება როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების პოლიტიკა. ამ დროს კი ახალი პოლიტიკური ძალის არარსებობა უფრო მკაფიო ხდება. დღეს, ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ქართული ოპოზიციური სპექტრი, ფაქტობრივად, ცარიელია. მისი აზრით, რეალურად, მოსახლეობის 60 % არც „ქართულ ოცნებას“ გულშემატკივრობს და არც „ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო ის ფაქტი, რომ ბოლო დროს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის რეიტინგი გაზრდილია, იმის ნიშანია, რომ მოსახლეობა თავისთვის მისაღებ, მაგრამ არსებული პოლიტიკური პარტიებისგან დისტანცირებულ ძალას ეძებს. იქცევა თუ არა სწორედ ასეთ ძალად დავით უსუფაშვილის პოლიტიკური გუნდი?

„უსუფაშვილის მიმართ ამ ოთხი წლის განმავლობაში, სანამ ის პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მოსახლეობას საკმაოდ დადებითი განწყობა ჰქონდა. თუმცა რას და როგორ გააკეთებს ახლა, ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. იქნება თუ არა საკმარისი, რომ ეს პოლიტიკური ძალა ძლიერ ცენტრად ჩამოყალიბდეს ან გახდეს გამაერთიანებელი ოპოზიციური სპექტრისა, ცხადია, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს უსუფაშვილი, როგორი იქნება მისი პოლიტიკა როგორც ერთ, ისე მეორე პოლიტიკურ ძალასთან, ასევე პრეზიდენტთან“.

რა რესურსი არსებობს დღეს ახალი პოლიტიკური პარტიის შესაქმნელად საქართველოში? ვის დაეყრდნობა დავით უსუფაშვილი და საკმარისი იქნება თუ არა მისი, როგორც პოლიტიკოსის, რეიტინგი ახალი პოლიტიკური ძალის წარმატებისათვის? ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, საქართველოში ირჩევენ ლიდერის და არა გუნდის ნიშნით. თუ უსუფაშვილი შეძლებს და ლიდერთან ერთად გუნდსაც წარმოაჩენს, ამბობს ძაბირაძე, და, ამასთან, გასაგებ და მისაღებ ენაზე დაელაპარაკება ხალხს, მის პოლიტიკურ ძალას პერსპექტივა ნამდვილად ექნება. თუმცა კი, პოლიტოლოგის შეფასებით, დღეს საქართველოში არსებული პოლიტიკური რესურსი ორი პარტიის სამყოფია:

„თუმცა, ცხადია, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ეს რესურსი მხოლოდ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობაშია“ გადანაწილებული. და კიდევ ერთი: მე მგონია, რომ პარტიას მაინც სჭირდება თავისი იდეოლოგია. მისი არსი უნდა იყოს არა მხოლოდ მემარჯვენეობა ან მემარცხენეობა, არამედ, ზოგადად, კონცეპტუალური ხედვა უნდა ჰქონდეს ამ პარტიას ქვეყნის მომავალი განვითარებისა“.

დავით უსუფაშვილს, როგორც პოლიტიკოსს, პარლამენტის სპიკერს, ყოველთვის ჰქონდა მოსახლეობის მხარდაჭერა, გვითხრა პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ, თუმცა, მისივე შეფასებით, ის ყოველთვის ასოცირდებოდა შედარებით სუსტ პოლიტიკურ პარტიასთან. ახალი გუნდით მოსვლის შემთხვევაში მან ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს. კაკაჩია ფიქრობს, რომ ეს პარტია უნდა იყოს ფართო სოციალურ მოძრაობაზე დაყრდნობით შექმნილი პოლიტიკური პარტია. ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნა რომ გარდაუვალია, ამას კორნელი კაკაჩია კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს:

„ბოლო ორი წლის განმავლობაში პრაქტიკულად დასრულდა პოლიტიკური პარტიების ფრაგმენტაციის პროცესი და დღეს უკვე ძლიერი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია არ გვყავს. არ არსებობს ძლიერი პოლიტიკური ცენტრი, რომელსაც შეეძლება მმართველი პარტია ჩაანაცვლოს მომავალ არჩევნებში. ეს, ცხადია, წარმოშობს პრობლემებს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, რადგან არც ერთ ქვეყანაში დემოკრატია არ ვითარდება ძლიერი ოპოზიციისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე და, ბუნებრივია, ეს წარმოშობს საჭიროებას შეიქმნას რაღაც ახალი ძალა“.

საჭიროა თუ არა ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ძალა?
please wait

No media source currently available

0:00 0:02:38 0:00

შეკითხვით, არის თუ არა ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის მოთხოვნილება საზოგადოებაში და კონკრეტულად რა მოლოდინი აქვს ხალხს დავით უსუფაშვილისა და მისი ახალი გუნდის მიმართ, რადიო თავისუფლებამ თბილისის ქუჩებში სახელდახელო გამოკითხვაც ჩაატარა. ხალხის აზრი ასეთია:

„ვფიქრობ, საჭიროა, კი, ასეთი ახალი ძალის გამოჩენა, ოღონდ ეს უნდა იყოს რაღაც მყარი პოლიტიკური გუნდი და არა ისეთი, როგორიც არაერთხელ ვნახეთ, რომელიც ჩნდება, მერე ქრება... უსუფაშვილი კი, ალბათ, ჭკვიან ხალხს შემოიკრებს გარშემო. ვნახოთ“...

„უსუფაშვილის მიმართ არ მაქვს მაინცდამაინც კარგი განწყობა. თავის დროზე არ გაამართლა და რა ვიცი, რაღა უნდა ისევ პარლამენტში?“

„მგონი, საჭიროა ახალი ძალის გამოჩენა, რადგან რასაც ვუყურებთ, მხოლოდ ორი ძირითადი მხარეა და სულ ერთმანეთს ებრძვიან“.

„რაც მეტი პოლიტიკური ძალა იქნება, უკეთესია, ასე მგონია. ხალხიც შეძლებს დააკვირდეს, გააანალიზოს და აარჩიოს“.

„’ოცნებიდან’ ყველაზე დიდ პატივს უსუფაშვილს ვცემდი. მცოდნე კაცია, საგარეო პოლიტიკაც ესმის. მცოდნე ჯობია. დღევანდელ ხელისუფლებაში 80 % უცოდინარია და დანარჩენი 20 % კიდევ ვერ ქაჩავს“.

„ახალი პოლიტიკური ძალა თუ იქნება და უკეთესობისკენ შეიცვლება ყველაფერი, ეგრე ხო, მაგრამ რა ვიცი, უსუფაშვილი კიდევ ძველია და ახალს რას გვპირდება? ეგ არის საინტერესო“...

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG