Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი გამგებლები და კანონპროექტი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ პარლამენტში


საქართველოს მთავრობის სხდომა
საქართველოს მთავრობის სხდომა

15 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ, განახლებული შემადგენლობით, პირველი სხდომა გამართა და საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნა კანონპროექტი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ, დედაქალაქის ახალმა მერმა კი თბილისის მერიაში რაიონების ახალი გამგებლები წარადგინა. ფრაქციებისა და კომისიების ფორმირების პროცესი გრძელდებოდა ახალი მოწვევის საკრებულოს მეორე სხდომაზეც.

არჩევნების შემდეგ დედაქალაქის მერიასა და საკრებულოში თანამდებობები ნაწილდება. 15 ნოემბერს ცნობილი გახდა ახალი გამგებლების ვინაობა - გამგებლების ნაწილი პოსტზე დარჩა, ზოგმა კი ერთი რაიონიდან მეორეში გადაინაცვლა. თბილისის მერმა კახა კალაძემ მათი ოფიციალური წარდგენისას განაცხადა, რომ ქალაქის მერისგან მათ მხარდაჭერა ექნებათ, თუმცა, ამავდროულად, იქნება მაქსიმალურად მომთხოვნიც. რაც შეეხება კონკრეტულ გვარებს, თბილისის ათ რაიონში გამგებლებად დაინიშნენ:

„საბურთალოს რაიონის გამგებლობის კანდიდატი გაიოზ ვასაძე იქნება, მთაწმინდის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - დავით კირკიტაძე, კრწანისის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - ლევან ჯაფარიძე, ვაკის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - ნოდარ ტურძელაძე, დიდუბის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - ირმა ზავრადაშვილი, ჩუღურეთის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - ზურაბ ჩიკვილაძე, გლდანის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - ბექა მიქაუტაძე, ნაძალადევის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - ირაკლი ხელაძე, ისნის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - კახა ლაბუჩიძე, სამგორის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - დავით კერესელიძე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე და მისი გუნდი
კახა კალაძე და მისი გუნდი

ახალი გამგებლების კანდიდატურები დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება. დიდუბის რაიონის გამგებლის პოსტზე დარჩენილმა ირმა ზავრადაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, მისი საქმიანობა შესწავლის შედეგად დადებითად შეფასდა და კვლავაც მზადაა სამსახური გააგრძელოს. საკუთარ პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს საბურთალოს რაიონის ახალი გამგებელი გაიოზ ვასაძეც:

„გვინდა, რომ დიდუბის როლი მეტად გაიზარდოს, მეტი პროექტები გავაკეთოთ, მივიღოთ ის გამოწვევები, რაც ახალ გუნდს აქვს“.

„ბოლო სამი წელია საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილედ ვმუშაობდი და ახლაც ვაპირებ და ვპირდები ხალხს, რომ ვიქნებით ოპერატიულები, გახსნილები და ბოლომდე დავიხარჯებით ჩვენი ქალაქისთვის, საბურთალოსთვის“.

სულაც არ ვგულისხმობ, რომ შტატების შემცირება მხოლოდ სპორტის სამინისტროს თანამშრომლებზე აისახება, თუ ერთიანი უწყების პრინციპით განვიხილავთ ამ პროცესს, მაშინ ყველაფერი - ერთიანი საშტატო განრიგი - თავიდან იქნება გადახედილი...
მიხეილ გიორგაძე

15 ნოემბერს ცნობილი გახდა თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების ვინაობაც. თბილისის მერიის ადმინისტრაციას ვლადიმერ ჭიღლაძე უხელმძღვანელებს, იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსად სერგო ბირკაძე დაინიშნა, საფინანსო საქალაქო სამსახურს გაიოზ თალაკვაძე უხელმძღვანელებს, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს - გიორგი ბაგრატიონი, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს - გელა ჩივიაშვილი, კულტურის საქალაქო სამსახურს - სოფიო ხუნწარია, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს - ირაკლი გვილავა, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს - მამუკა მუმლაძე, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს - გიგა გიგაშვილი, შესყიდვების საქალაქო სამსახურს - გიორგი პაპავა, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს - გივი კუბლაშვილი, უსაფრთხოების საქალაქო სამსახურს - ნიკოლოზ ჭონქაძე, ხოლო ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურს ანდრია ბასილაია უხელმძღვანელებს.

რაც შეეხება ახალ მინისტრთა კაბინეტს, 15 ნოემბერს მთავრობის სხდომას უკვე გუნდის ახალი წევრები მიხეილ ჩხენკელი და მამუკა ბახტაძეც ესწრებოდნენ, განათლებისა და ფინანსთა მინისტრების რანგში. მათ და სხვა ახალ და ყოფილ მინისტრებს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა წარმატება უსურვა. პრემიერმა განაცხადა ასევე, რომ სტრუქტურული რეფორმა თვისებრივად შეცვლის მართვის ხარისხს:

„ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რომელიც საკანონმდებლო პაკეტის სახით გამოგვაქვს დღევანდელ სხდომაზე განსახილველად და იმედი გვაქვს, მას პარლამენტიც მხარს დაუჭერს“.

თავად მინისტრებს ჯერჯერობით არ აქვთ კონკრეტული პასუხი კითხვაზე, თუ რა თანხა დაიზოგება სამინისტროების შერწყმით ან რამდენ ადამიანს შეეხება რეორგანზიაცია და რაში გამოიხატება ამ გადაწყვეტილების ეფექტიანობა. კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, მაგალითად, განაცხადა, რომ კითხვებზე პასუხები ექნება, სავარაუდოდ, ერთ კვირაში, როცა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შეერთების შემდეგ თანამშრომლებზე ფუნქციები გადანაწილდება:

„სულაც არ ვგულისხმობ, რომ შტატების შემცირება მხოლოდ სპორტის სამინისტროს თანამშრომლებზე აისახება, თუ ერთიანი უწყების პრინციპით განვიხილავთ ამ პროცესს, მაშინ ყველაფერი - ერთიანი საშტატო განრიგი - თავიდან იქნება გადახედილი“.

თუ ეს ცვლილებები არ აისახა შესაბამის საბიუჯეტო მუხლებში, ოპტიმიზაციას არანაირი აზრი არ ექნება. ეს არის ჩვენი პირველი და მთავარი შეკითხვაც. ცხადია, კითხვები გვაქვს ახალ მინისტრებთანაც, განსაკუთრებით, შს მინისტრთან...
სალომე სამადაშვილი

უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის, განცხადებით კი, მმართველობის რეფორმა პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის 4- პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც ეფექტიან მართვას ისახავს მიზნად:

„ჩვენ გვინდა, რომ კოორდინაციის მექანიზმები გახდეს უფრო სწრაფი და მოქნილი და, რაც მთავარია, მთავრობის შემცირება მოცულობაში იწვევს ადმინისტრაციული დანახარჯების შემცირებასაც“.

თუმცა რეფორმისა და, ზოგადად, სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით არაერთი კითხვა და შენიშვნა აქვს საპარლამენტო ოპოზიციას. სალომე სამადაშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან,“ აცხადებს, რომ რამდენიმე კვირის წინ პარლამენტში ბიუჯეტის განხილვისას ეს ცვლილებები არავის უხსენებია:

„თუ ეს ცვლილებები არ აისახა შესაბამის საბიუჯეტო მუხლებში, ოპტიმიზაციას არანაირი აზრი არ ექნება. ეს არის ჩვენი პირველი და მთავარი შეკითხვაც. ცხადია, კითხვები გვაქვს ახალ მინისტრებთანაც, განსაკუთრებით, შს მინისტრთან. ასევე, კითხვები მაქვს ახალ ფინანსთა მინისტრთან, რომელიც მაინცდამაინც წარმატებული არ იყო „საქართველოს რკინიგზაში“ მოღვაწეობის დროს და გაურკვეველია, რა პრინციპით შეირჩა მისი კანდიდატურა“.

„ევროპულ საქართველოში“ კი ფიქრობენ, რომ საკანონმდებლო პაკეტს ოპოზიციის მხარდაჭერა ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ნამდვილად ბიუროკრატიის შემცირებისკენ გადადგმული გამიზნული ნაბიჯი იქნება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG