საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობაში განსახორციელებელი სტრუქტურული ცვლილებების მიზნად დაასახელა უფრო მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბება და ბიუროკრატიის შემცირება. „ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩატარებული მორიგი დემოკრატიული არჩევნები და ამომრჩევლის მიერ გამოცხადებული უდიდესი ნდობა გვანიჭებს მანდატს, შეუქცევადად განვაგრძოთ აღებული კურსი და მეტიც, გამოვაცხადოთ ცვლილებების ახალი ტალღა, რომელიც კიდევ უფრო უკეთ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და მოემსახურება ჩვენს უმთავრეს მიზანს - თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველყოფას და ქვეყნის სწრაფ განვითარებას“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, 13 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე. პრემიერ-მინისტრის თქმით, სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებები, რომლებზეც სამთავრობო გუნდი აქტიურად მუშაობდა, მოემსახურება მეტ პროგრესს და თანამედროვე სახელმწიფოსა და კიდევ უფრო მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას, რაც ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურად შემცირებასაც. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის გზაზე დადგა ეტაპი, რომ ცვლილებები შეეხოს მმართველობით სტრუქტურებს, რათა მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია.