Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგანგებო მდგომარეობა ახალგორში


ახალგორი
ახალგორი

ახალგორში სპეცდანიშნულების რაზმებია მობილიზებული. განსაკუთრებით აქტიურობს ე.წ. ომონი, რომელიც დაბაში ცხინვალიდან ჩაიყვანეს. ამ ინფორმაციას რადიო თავისუფლებას ახალგორიდან ორი წყარო აწვდის. სპეცდანიშნულების რაზმების წარმომადგენლები ჩხრეკენ დაბაში შემსვლელ და გამომსვლელ მანქანებს და ადგილობრივ მოსახლეობას ეუბნებიან, რომ საგანგებო მდგომარეობა რუსეთის პრეზიდენტის მოახლოებულ არჩევნებსა და მოსალოდნელ პროვოკაციებს უკავშირდება. ჩვენი წყაროებისავე ცნობით, ახალგორის გამგებელმა ფილიპ ხაჩიროვმა დაბის მოსახლეობა შეკრიბა და სიტყვით მიმართა. მან ახალგორელებს სიფრთხილისკენ მოუწოდა და პროვოკაციების საფრთხეზე ესაუბრა. იქვე განმარტა, რომ მას არჩილ ტატუნაშვილთან კონფლიქტი არ ჰქონია და ამ საქმესთან დაკავშირებული არ არის. რამდენიმე დღის წინ სადამკვირვებლო სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ გაავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილიპ ხაჩიროვი ტატუნაშვილის მკვლელობის შემკვეთია.

საგანგებო მდგომარეობა ახალგორში
please wait

No media source currently available

0:00 0:06:20 0:00
გადმოწერა

ახალგორის გამგებელი დე ფაქტო რესპუბლიკის მმართველი პარტიის, „ედინაია ოსეტიას“, წევრია. რადიო თავისუფლების წყაროების ცნობით, მას ურთიერთობა თანაპარტიელებთანაც დაეძაბა. მის წინააღმდეგ სხვადასხვა ბრალდებით გამოვიდნენ ადგილობრივი პარტიული ოფისის წარმომადგენლები - სპარტაკ დრიაევი და მაია ქისიევა. ფილიპ ხაჩიროვი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ კამპანიის დაწყებას და ტატუნაშვილის დაღუპვასთან მისი სახელის დაკავშირებას სწორედ თანაპარტიელები ცდილობენ. ადგილობრივი მოსახლეობა დაბაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით და შეიარაღებული სპეცრაზმების ჩაყვანით შეშფოთებულია და კითხვებსაც არ სვამს.

ერთადერთი, რამაც საოკუპაციო რეჟიმი, შესაძლოა, აიძულოს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის პროცესი დააჩქაროს, ახალგორში დატყვევებულ კიდევ ორ საქართველოს მოქალაქეს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის უფლება მისცეს და 1 მარტს ენგურის ხიდიდან გატაცებული მალხაზ წურწუმია გაათავისუფლოს, სწორედ საპროტესტო აქციებია.
დავით ქაცარავა

გუშინ საღამოს დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო „რესმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალგორის რაიონში ხიდის ქვეშ აღმოჩენილია თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა. სააგენტო ეყრდნობა დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციისა და ბეჭდვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს მარია კოტაევას, რომელმაც ბრიფინგზე განაცხადა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ადგილობრივ მოსახლეობას აღმოუჩენია, „თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა შედგებოდა მაგნიტის ნაჭრების, ასაფეთქებელი ნივთიერებისა და სადენებისგანო“. მარია კოტაევას აზრით, „აღმოჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობა დაკავშირებულია არჩილ ტატუნაშვილის მიერ დაგეგმილ დივერსიებთან, რადგან სამართალდამცავი ორგანოების ხელში არსებული სარწმუნო ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ის ამზადებდა პროვოკაციებს სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებისთვის“. წილკანში დაღუპულის ოჯახის წევრები და მეგობრები ამ ვერსიას აბსურდულად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ტატუნაშვილი ახალგორში სავაჭრო საქმიანობით იყო დაკავებული და სხვა მიზნები არ ჰქონია. ოჯახი ფიქრობს, რომ ცხედრის გადმოსვენების გაჭიანურება ოსურ მხარეს ძალადობის კვალის წასაშლელად სჭირდება.

დავით ქაცარავა
დავით ქაცარავა

მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელიც თბილისი-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე საპროტესტო აქციების ორგანიზების განზრახვას შეეხება. დავით ქაცარავა მოძრაობის სახელით განმარტავს, რომ „ძალა ერთობაშია“, ბოლო რამდენიმე დღეა, თავს იკავებს აქციების დაგეგმვისგან. ქაცარავას თქმით, „რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის გასაჭიანურებლად, რადგან რუსეთის ფედერაციაში მოქმედი კანონით, ტერორიზმში ბრალდებულის ცხედარი ოჯახს არ უბრუნდება“. ამ ფონზე დავით ქაცარავა თვლის, რომ „ერთადერთი, რამაც საოკუპაციო რეჟიმი, შესაძლოა, აიძულოს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის პროცესი დააჩქაროს, ახალგორში დატყვევებულ კიდევ ორ საქართველოს მოქალაქეს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის უფლება მისცეს და 1 მარტს ენგურის ხიდიდან გატაცებული მალხაზ წურწუმია გაათავისუფლოს, სწორედ საპროტესტო აქციებია, თბილისი-სტეფანწმინდა-ლარსის გზის გადაკეტვისა და ლარსის გავლით შემოსული ტრანზიტული ტვირთების ბლოკირების ჩათვლით, რაც რეალურად, დისკომფორტის შემქმნელი იქნება რუსეთისთვის“.

სოფელ წილკანში დღეს სასულიერო პირები ჩავიდნენ. მანამდე დაღუპულის ოჯახის წევრებმა საქართველოს საპატრიარქოში შეხვედრები გამართეს და პირობა მიიღეს, რომ ცხედრის გადმოსვენების დაჩქარების თხოვნით წერილი რუსეთის საპატრიარქოში გაიგზავნება. მამა შალვა (კეკელია) ამბობს, რომ სასულიერო პირებმა შექმნეს ჯგუფი, რომელიც წილკანში იქნება და ოჯახს გვერდში დაუდგება.

პირველ მარტს კი წილკანში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩავიდა და ოჯახს პირობა მისცა, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან.

პირველ მარტს საქართველოს ხელისუფლების წევრებმა ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ შეხვედრა პროტესტის ნიშნად შეწყვიტეს და ოსურ მხარეს ორი პირობის დაუყოვნებლივ შესრულება მოსთხოვეს - ესაა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება და ახალგორში მყოფი ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე შეუზღუდავი გადაადგილების უფლება. ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ქუტაშვილი და პავლიაშვილი დე ფაქტო ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა, მაგრამ საბუთები ჩამოართვა და ახალგორიდან გადაადგილება შეუზღუდა.

XS
SM
MD
LG