ოსური სააგენტო „რესი“ იუწყება, რომ ახალგორის რაიონში ხიდის ქვეშ აღმოჩენილია თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა. სააგენტო ეყრდნობა დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციისა და ბეჭდვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს მარია კოტაევას, რომელმაც ბრიფინგზე განაცხადა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ადგილობრივ მოსახლეობას აღმოუჩენია, რომელთა გვარებიც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ დაასახელა: „თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა შედგებოდა მაგნიტის ნაჭრების, ასაფეთქებელი ნივთიერებისა და სადენებისგან. ეს ყველაფერი ერთმანეთზე და აგრეთვე მობილურ ტელეფონზე იყო მიმაგრებული საიზოლაციო ლენტით“, განუცხადებია მარია კოტაევას. „რესი“ იუწყება, რომ მიმდინარეობს ინცინდენტის გამოძიება. „უნდა აღინიშნოს, რომ მდინარე ქსანზე მდებარე ხიდი, რომლის ქვეშაც აღმოაჩინეს ასაფეთქებელი მოწყობილობა, ერთადერთია, რომელიც ლენინგორს რესპუბლიკის დანარჩენ ნაწილთან აკავშირებს“, - განუცხადებია დე ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციისა და ბეჭდვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს. სააგენტო „რეს“-ი წერს: „მარია კოტაევას აზრით, აღმოჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობა დაკავშირებულია არჩილ ტატუნაშვილის მიერ დაგეგმილ დივერსიებთან, რადგან სამართალდამცავი ორგანოების ხელში არსებული სარწმუნო ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ის ამზადებდა პროვოკაციებს სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებისთვის“. სააგენტოს მოჰყავს კოტაევას კიდევ ერთი ციტატა: „ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება უკანონო ქმედებისა, რომელსაც ის ამზადებდა რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ამ მოწყობილობის ჩადება მიმართული იყო არჩევნების წინ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციისკენ“.
ყველაზე პოპულარული
1