Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ძალა ერთობაშია“ საგანგებო განხადებას ავრცელებს


დავით ქაცარავა, "ძალა ერთობაშია"-ს ლიდერი
დავით ქაცარავა, "ძალა ერთობაშია"-ს ლიდერი

მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელიც თბილისი-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე საპროტესტო აქციების ორგანიზების განზრახვას შეეხება. „ძალა ერთობაშიას“ სახელით, დავით ქაცარავა განმარტავს, რომ მოძრაობა ბოლო რამდენიმე დღეა თავს იკავებს აქციების დაგეგმვისგან: „მას შემდეგ, რაც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახმა გადაწყვიტა, დაელოდოს ცხედრის გადმოცემის მიზნით საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის შედეგებს, „ძალა ერთობაშია“ თავს იკავებდა მწვავე საპროტესტო აქციების დაგეგმვისგან, აცნობიერებდა რა, რომ პირველ რიგში სწორედ ხელისუფლების ვალია, შეძლებისდაგვარად უზრუნველყოს როგორც ცხედრის გადმოცემა, ასევე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირების დასჯა“. დავით ქაცარავა წერს, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის გაჭიანურებისთვის: „ამ ვარაუდის საფუძველს გვაძლევს ისიც, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ჩვეული სტილით მოქმედებას აგრძელებენ და 1 მარტს კიდევ ერთ ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე მალხაზ წურწუმია გაიტაცეს, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაავრცელეს განცხადება, რომ ახალგორში თითქოსდა ნაპოვნი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, შესაძლოა, არჩილ ტატუნაშვილის დამონტაჟებული ყოფილიყო. ეს „ახალი“ გარემოება შემთხვევითი არ არის, რადგან რუსეთის ფედერაციაში მოქმედი კანონით, ტერორიზმში ბრალდებულის ცხედარი ოჯახს არ უბრუნდება“. ამ ფონზე, დავით ქაცარავა თვლის, რომ „ერთადერთი, რამაც საოკუპაციო რეჟიმი, შესაძლოა, აიძულოს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის პროცესი დააჩქაროს, ახალგორში დატყვევებულ კიდევ ორ საქართველოს მოქალაქეს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის უფლება მისცეს და 1 მარტს ენგურის ხიდიდან გატაცებული მალხაზ წურწუმია გაათავისუფლოს, სწორედ საპროტესტო აქციებია, თბილისი-სტეფანწმინდა-ლარსის გზის გადაკეტვისა და ლარსის გავლით შემოსული ტრანზიტული ტვირთების ბლოკირების ჩათვლით, რაც რეალურად, დისკომფორტის შემქმნელი იქნება რუსეთისთვის“. მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ აცხადებს, რომ თუკი უახლოესი დღეების განმავლობაში არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი არ გადაეცემა ოჯახს, ან არ დაზუსტდება გადმოსვენების თარიღი, დაიწყება საპროტესტო აქციების ორგანიზება თბილისი-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე და სხვა ადგილებში, რომელთა მიზანიც რუსეთიდან შემოსული ტვირთების ბლოკირება იქნება.

XS
SM
MD
LG