Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჰმედ აბდულ-მალიკი


აჰმედ აბდულ-მალიკის ალბომის ყდა
აჰმედ აბდულ-მალიკის ალბომის ყდა
1961 წელს ნიუ-იორკის ჯაზკლუბ „ვილიჯ ვანგარდში“ ჯონ კოლტრეინისა და მისი მეგობრების ლეგენდად ქცეული ოთხდღიანი ანგაჟემენტი გაიმართა, სადაც ამერიკელმა მსმენელმა საქსოფონისტის სრულიად უცხო, ნოვაციური იდეებით ნასაზრდოები მუსიკა მოისმინა. განსაკუთრებული აღფრთოვანება კი ორიენტალური იდუმალებით სავსე მედიტაციურმა თხზულებამ, „ინდოეთმა“, გამოიწვია, რომელიც ჯაზურ სცენაზე დასავლურ და აღმოსავლურ კულტურათა გასაუბრების ერთ-ერთ პირველ და ისტორიული მნიშვნელობის მოვლენად ითვლება. მის შექმნაში ისეთმა არტისტებმა მიიღეს მონაწილეობა, როგორებიც იყვნენ: ერიკ დოლფი, მაკოი ტაინერი, ჯიმი გარისონი, რეჯი უერკმენი, ელვინ ჯოუნსი, გარვინ ბუშელი და სუდანური წარმოშობის ამერიკელი – აჰმედ აბდულ- მალიკი. დღევანდელ სიუჟეტში სწორედ ამ უკანასკნელზე მოგახსენებთ, რომელიც კოლტრეინის ალტ-საქსოფონს „არაბულ ქნარად“ წოდებული ინსტრუმენტით – უდით - შეეპასუხა. თანაც, ისიც იმ ჯაზმენთაგანი ბრძანდება, რომელმაც აღმოსავლური, აფრიკული და დასავლური მუსიკალური ტრადიციების დიდებული სინთეზით გამოიჩინა თავი.



აჰმედ აბდულ-მალიკის ნამდვილი გვარ-სახელი სემ გილია. 1927 წლის 30 იანვარს ნიუ-იორკში, სუდანიდან იმიგრირებულ ოჯახში დაიბადა. მისი პირველი ინსტრუმენტი ვიოლინო გახლდათ, რომელზეც დაკვრის უნარ-ჩვევებს ბავშვობაშივე დაეუფლა და ლუკმაპურს საკუთარი ხელობით შოულობდა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ აჰმედის საკონცერტო დებიუტი 7 წლის ასაკში შედგა – მეტწილად ბრუკლინის ბერძნულ, სირიულ და ბოშურ სათვისტომოთა ლხინის სუფრებზე ართობდა საზოგადოებას, წვალებით შეკოწიწებული ფულით კი ნიუ-იორკის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელონების კოლეჯში სწავლობდა, სადაც ჩინებულ კონტრაბასისტად ჩამოყალიბდა.



აჰმედ აბდულ-მალიკი ჯაზურ მარაქაში 21 წლის ასაკში გაერია, როცა დრამერ არტ ბლეიკის სტუდიურ პროექტზე იმუშავა. თუმცა პირველი საქვეყნო აღიარება 1957 წლის 29 ნოემბერს „კარნეგი ჰოლში“ გამართულ კონცერტზე მოიპოვა, სადაც მსმენელს თელონიუს მონკის კვარტეტის შემადგენლობაში გააცნო თავი. ბუნებრივია, რომ ამ დონის პიანისტთან ერთად გამოჩენა, პირველ რიგში, მისი ნიჭის აღიარებას ნიშნავდა და, რა თქმა უნდა, დიდი ჯაზური სცენის საშვიც გახლდათ. ჰოდა, მომდევნო წლებში აბდულ-მალიკის ბასური ხაზი ისეთი არტისტების მუსიკაში გაისმა, როგორებიც იყვნენ: კოულმან ჰოუკინსი, ჯონი გრიფინი, ჰერბი მენი და ოდეტა ჰოლმსი.



50-იან წლებში, როცა ამერიკელი არტისტების აღმოსავლური კულტურისადმი ინტერესი გამძაფრდა, ორიენტალური ვნებები აჰმედ აბდულ-მალიკსაც აღეძრა. ჯერ არაბული ენა შეისწავლა, შემდეგ ისლამურ რჯულზე მოექცა და ზემოხსენებულ გვარ-სახელს სემ გილსაც შეელია. მეტიც, არაბული მუსიკის ტრადიციული ფორმების კვლევას მოჰყვა, ახლო აღმოსავლეთისა თუ ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში იმოგზაურა, სადაც ზღვა თეორიული მასალა დააგროვა და, როგორც ნიუ-იორკის უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ფაკულტეტის პროფესორმა, ეთნომუსიკოლოგიის თემაზე რამდენიმე სამეცნიერო შრომაც გამოსცა. ალბათ, ამიტომაც არაა გასაკვირი, საკუთარ სოლო ალბომებზე, კონტრაბასითა თუ უდით ალჟირულ, ლიბანურ, მაროკოულ და მშობლიურ, სუდანურ ყაიდაზე რომ უქცევს.



აღმოსავლური და დასავლური მუსიკალური ელემენტების სინთეზით ბევრი მუსიკოსი გახლდათ დაკავებული, რომლებიც თხზულებათა მთავარ, უპირატეს სტრუქტურად რომელიმე ჯაზურ ფორმას ირჩევდნენ და მას, როგორც ძირითად კარკასს, ორიენტალური მოტივებით ამდიდრებდნენ. აჰმედ აბდულ-მალიკის კომპოზიციური ხედვა კი კარდინალურად განსხვავდებოდა კოლეგების ხელწერისგან: მის მიერ შექმნილ ნაწარმოებებში ორი ცივილიზაციის ჰარმონიული დიალოგი მიმდინარეობს, ტრადიციათა აბსოლუტური ბალანსი სუფევს, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ხმები თანასწორნი არიან მუსიკალური სათქმელის გადმოსაცემად.

XS
SM
MD
LG