Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აღმოსავლეთის პარტნიორობა“ რუსული დეზინფორმაციის კანონადის ქვეშ


„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რუკა
„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რუკა

“აღმოსავლეთის პარტნიორობის” ესტონეთის ცენტრის ინიციატივითა და უკრაინის „კრიზისის მედიაცენტრის“ ორგანიზებით, კიევში საქართველოს ჟურნალისტების დელეგაცია იმყოფებოდა.

დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაც ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე “აღმოსავლეთის პარტნიორობის” ქვეყნების მთავარი გამოწვევების განხილვა იყო, უკრაინის რეგიონალური ჟურნალისტებიც მონაწილეობდნენ. ერთ-ერთ და დღემდე დაუძლეველ პრობლემად რუსეთის მიერ წარმოებული საინფორმაციო ომი დასახელდა.

უკრაინელი და ესტონელი ექსპერტები, როცა კი ევროინტეგრაციის გზაზე მთავარ გამოწვევებზე ამახვილებდნენ ყურადღებას, იქვე ბარიერად რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას ასახელებდნენ, რომლის ნაწილიც საინფორმაციო ომია. ეს აწუხებს არა მხოლოდ უკრაინას და საქართველოს, ეს აწუხებს მთელ ცივილიზებულ დასავლეთს, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ჰანეს რუმი, ესტონეთის საგარეო უწყების მრჩეველი:

ჰანეს რუმი
ჰანეს რუმი

„პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას, არის ის, რომ საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს ასეთი ომის არსებობა. ეს ჩვენ გავაცნობიერეთ საქართველოსა და ესტონეთში, მაგრამ ამას უარყოფენ საფრანგეთში. ფრანსუა მაკრონმა საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნების დროს განაცხადა, რომ რუსეთი მის წინააღმდეგ საინფორმაციო ომს დაიწყებდა -ასეც მოხდა, ოღონდ მაკრონმა თქვა, აგრეთვე, ამ ომისთვის მზად ვარო. მაგრამ ფრანგი პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები ამისთვის მზად არ არიან“.

ჩვენ შევქმენით სტრატფორი, სამუშაო ჯგუფი, სადაც ევროკავშირის მრავალი ქვეყნიდან მივავლინეთ საუკეთესო ექსპერტები, სწავლობენ პრობლემას და მასზე მუშაობენ.
იან რეინჰოლდი

ჰანეს რუმის თქმით, მეორე ნაბიჯი იქნებოდა სახელმწიფოების მიერ პასუხისმგებლობის დაკისრება სოციალური ქსელებისთვის, ისეთის, როგორიცაა ფეისბუკი და ტვიტერი. გლობალურმა ქსელებმა არ უნდა მისცენ საშუალება რუსეთს საკუთარი პლათფორმები პროპაგანდისთვის გამოიყენოს.

ესტონეთის ელჩი „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ფორმატში იან რეინჰოლდი, რომელიც ასევე შეხვდა ჟურნალისტებს კიევში, ამბობს, რომ ევროკავშირი რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში გულხელდაკრეფილი არ არის:

„ჩვენ შევქმენით სტრატფორი, სამუშაო ჯგუფი, სადაც ევროკავშირის მრავალი ქვეყნიდან მივავლინეთ საუკეთესო ექსპერტები, სწავლობენ პრობლემას და მასზე მუშაობენ“.

იან რეინჰოლდი
იან რეინჰოლდი

ესტონელი ელჩის თქმით, ამ მიმართულებით 2018 წელს და შორეულ პერსპექტივაშიც ევროკავშირი უფრო მეტი თანხის გამოყოფასა და კომპეტენციის გაზრდას აპირებს.

საქართველოდან ჩასულ ჟურნალისტებს ძალიან ეცნოთ ის სურათი, რომელიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის მთავრობის ვიცე-პრემიერის კომუნიკაციის ოფიცერმა ანდრეი კლიმჩუკმა წარმოადგინა. მისი თქმით, უკრაინის რუსულენოვანი პროპაგანდისტული მედია კრემლის მიერ ფინანსდება და მოსახლეობაში ანტიდასავლურ კონტენტს ავრცელებს, აღმოსავლეთ უკრაინაში წარმოებულ აგრესიას ყალბი, ე. წ. ფეიკ-ნიუსებით აძლიერებს. თუმცა, კლიმჩუკის თქმით, ბოლო ხანებში გამოჩნდა იმავე შინაარსის უკრაინულენოვანი მედიაც.
ანდრეი კლიმჩუკის თქმით, უკრაინა ჯერჯერობით მარცხდება საინფორმაციო ომში რუსეთთან:

ანდრეი კლიმჩუკი
ანდრეი კლიმჩუკი

„წინააღმდეგობის გაწევა შესაძლებელია, მაგრამ კაგებეს უფრო მეტი ფული და შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ჩვენ, ამიტომ საინფორმაციო ომში მათივე მეთოდებით ბრძოლას ვერ შევძლებთ. საჭიროა წინმსწრები მუშაობა, ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ უნდა ვიყოთ, მხოლოდ ასე შეგვიძლია მოვიგოთ“.

საგულისხმოა, რომ, საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინულ საკაბელო ქსელებში აკრძალულია რუსული ტელეარხების ტრანსლირება. ის კი არა, როგორც უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა, პრეზიდენტ პოროშენკოს საპარლამენტო დეპუტაციის წევრმა, იგორ შვერკმა, განაცხადა, კრემლი საინფორმაციო ომს ერთი შეხედვით უწყინარი მულტფილმებითაც კი ეწევა. ამიტომ, მისი თქმით, როცა არ მუშაობს მედიის თვითრეგულირება, იქ საჭიროა სახელმწიფო რეგულირება, იმის მიუხედავად, რას იტყვიან საერთაშორისო ინსტიტუტებში:

„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივის მიმოხილვის შემდეგ, პრემიერი პროპაგანდის თემასაც შეეხო. მისი აზრით, დადგა დრო, ორივე ქვეყნის სკოლებში დაწყებითი კლასიდან მედიაწიგნიერების საგანი შემოვიღოთ...

„როგორც კი პროპაგანდის წინააღმდეგ ხისტ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, იქვე გამოდის, პირობითად, დუნია მიატოვიჩი ეუთოდან და ყვირის, ხელს ნუ ახლებთ, ეს ხომ სიტყვის თავისუფლების ხელყოფააო. შედეგად, ვღებულობთ არარსებულ ჯვარზე გაკრულ ბავშვებს, სიყალბეს ყველა მხრიდან, რომელთან ბრძოლაც ძნელია“.

თუმცა, რადას წევრის დაკვირვებით, ტელევიზიების აკრძალვა მაინც უშედეგოა, რადგან არსებობს ინტერნეტი. ესეც რომ არა, უკრაინაშიც არსებობენ პრორუსული პარტიები და მათ მიერვე დაფინანსებული მედია.

ქართულ დელეგაციას ევროპულ სტრუქტურებთან ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერ ივანნა კლიმპუშ-ცინცაძესთან გასაუბრების შესაძლებლობაც მოგვეცა.

„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივის მიმოხილვის შემდეგ, პრემიერი პროპაგანდის თემასაც შეეხო. მისი აზრით, დადგა დრო, ორივე ქვეყნის სკოლებში დაწყებითი კლასიდან მედიაწიგნიერების საგანი შემოვიღოთ.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG