ჯერ ისევ დგას ეს შენობა გალაკტიონის ხიდთან, ვერის დაღმართის ბოლოში, საგარეუბნო ავტობუსების ყოფილი სადგური. ახალგაზრდებს ალბათ ბევრს არაფერს ეუბნება ეს უკაცრიელი ნაგებობა, მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში აქ დიდი ხმაური და ხალხმრავლობა იყო. ამ ადგილს უკავშირდება ერთ-ერთი პირველი ქართველი მსახიობი ქალის, „ხანუმას“ როლის ალბათ ყველაზე ცნობილი შემსრულებლის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის დრამატული ცხოვრების დასასრული, რომლის შესახებაც გალაკტიონ ტაბიძე წერს 1949 წლის 19 ოქტომბრით დათარიღებულ დღიურში.
„გარდაიცვალა ელისაბედ ჩერქეზიშვილი. ვერის ხიდთან, სადაც დარიალისკენ მიმავალი ავტობუსების ბილეთებსა ჰყიდიან, ისიც იდგა თურმე რიგში ბოლნისში გასამგზავრებლად. იქ წარმოდგენაზე იყო მიწვეული. „ხანუმა“ უნდა ეთამაშნა. „ბოლნისიდან კვერცხები უნდა ჩამოვუტანო ჩემს შვილსო“, - ამბობდა (შვილი საზღვარგარეთიდან, დიდი ხანი არაა, რაც დაბრუნდა. ხიზანიშვილიდანა ჰყავს, ტუბერკულიოზითაა ავადო). სულ იმ შვილზე დარდობდა საწყალი ელისაბედი. უკანასკნელადაც მასზე ჰფიქრობდა, ის უდგა თვალწინ. აღმერთებდა მას. რიგში მდგარ ამხანაგებს ეხლაც მასზე ესაუბრებოდა: „ბოლნისიდან რამეები უნდა ჩამოვუტანოვო“. უეცრად გული შეუწუხდა, ჩაიკეცა, გათავდა კიდეც”, წერს გალაკტიონი, რომელსაც გამორჩეულად უყვარდა ეს ადგილი ვერის ხიდთან და იდუმალი მტკვარი, საიდანაც „ასე ნათლად სჩანს კავკასიონის მთის მწერვალები, ყაზბეგი, სადაც ლესელიძის ძეგლია, სადაც ამდენ ამბავშია მტკვარი, სადაც სანაპიროა და ახალი სანაპირო შენდება - წავიდა ამ სანაპიროდან სხვა სანაპიროში ელისაბედ ჩერქეზიშვილი“.
ამ გამოცარიელებულსა და უსიცოცხლო ნაგებობაში, რომლის გარშემო ახლა ავტოსახელოსნოებია გახსნილი, 25 წლის წინაც დიდი ხალხმრავლობა იყო. ბილეთების რიგში, რომელიც კიბეებით ტროტუარამდე ჩადიოდა, რუსთავსა და თბილისის გარეუბნებში მცხოვრები მთელი სტუდენტობა იყრიდა თავს. აქ ნახავდი ყველას, ვინც უნივერსიტეტში, „გეპეიში“, სამედიცინოზე, აკადემიაში და სხვა "უმაღლესში" სწავლობდა. იყო კონსპექტების შრიალი, ფორმატების გაშლა და წიგნების გაცვლა. იყო დიდი ჟრიამული და ერთმანეთისთვის ბილეთების აღება, ნაცნობების რიგში ჩაყენება და ნაცნობებისთვის რიგიდან გამოსვლა. ამ კედლებს ეს ყველაფერი ახსოვთ.