Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებები პარლამენტში


ნონა - ნანუაშვილი
ნონა - ნანუაშვილი

უახლოეს მომავალში, 1 ივნისს, პარლამენტის ბიუროს წარედგინება
„2014 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი კი 900-გვერდიანი ანგარიშის მიგნებებსა და რეკომენდაციებს 21 და 22 მაისს გამართულ საკომიტეტო სხდომებზე განიხილავდა.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტი დასკვნით სხდომას 2014 წელს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების მდგომარეობის შესახებ 25 მაისს გამართავს. ამ სხდომაზე განიხილავენ მთავრობისა და პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას და კიდევ ერთხელ მოუსმენენ სახალხო დამცველს, რომელმაც თავისი წლიური ანგარიშის წარდგენა საკომიტეტო მოსმენაზე ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების არსებითი გაუმჯობესებისკენ მიმართული ისეთი პოზიტიური მოვლენების ჩამოთვლით დაიწყო, როგორიცაა: ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება, პარლამენტის 2014-2020 წლების ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და მთავრობის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცება, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მიღება და სხვა. რაც შეეხება პრობლემებსა და ნაკლოვანებებს, მან სახალხო დამცველის ანგარიშში მოიცვა ისეთი სფეროები, როგორიცაა: ბავშვთა და ქალთა უფლებები და ძალადობა ოჯახში; ჰომოფობიური დამოკიდებულება ლგბტ პირთა მიმართ და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული; რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის პრობლემები; ეროვნულ უმცირესობათა მონაწილეობისა და ჩართულობის მაჩვენებელი გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში; დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიების მდგომარეობა; მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და ა. შ.. ამ მიმართულებით, როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა,საანგარიშო პერიოდში იმატა პატიმრებისადმი არასათანადო მოპყრობის შესახებ შეტყობინებათა რაოდენობამ:

“2013 წელთან შედარებით, გაიზარდა ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფის შესახებ სახალხო დამცველის წინადადებათა რაოდენობა. გამოძიების დაწყების მოთხოვნით 2014 წელს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურატურას 21 წინადადებით მიმართა სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან დაკავშირებით. 2013 წელს ეს მაჩვენებელი იყო მხოლოდ 9. სამწუხაროდ, პასუხისმგებელ პირთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არც ერთ შემთხვევაში არ დაწყებულა, სახალხო დამცველს არ აქვს დეტალური ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ“.

ვერანაირად ვერ დავეთანხმები ბატონ უჩას, რომ რაიმე არასწორად მიმდინარეობს. სასამართლო პროცესები უკვე დაწყებულია, ნებისმიერ არასწორ ქმედებაზე პროკურატურის მხრიდან სასამართლო გააკეთებს თავის რეაგირებას...
გოგა გოგაძე

უჩა ნანუაშვილის თქმით, აშკარად იკვეთება არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებასთან დაკავშირებული სისტემური პრობლემა და, ამდენად, მნიშვნელოვანია ამ საკითხების გამოკვლევა.

სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით კომიტეტების სხდომაზე განმარტებები გააკეთეს სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლებმაც. მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტების გამოძიებაში სისტემური პრობლემის არსებობასთან დაკავშირებით მთავარი პროკურორის მოადგილემ გოგა გოგაძემ განაცხადა, რომ არის საკითხები, რომლთაც სახალხო დამცველი და პროკურატურა განსხვავებულად აფასებენ:

“ვერანაირად ვერ დავეთანხმები ბატონ უჩას, რომ რაიმე არასწორად მიმდინარეობს. სასამართლო პროცესები უკვე დაწყებულია, ნებისმიერ არასწორ ქმედებაზე პროკურატურის მხრიდან სასამართლო გააკეთებს თავის რეაგირებას. საქართველოს პროკურატურა, მთავარი პროკურორის ხელმძღვანელობით, ამ რეკომენდაციებს, ამ მითითებებს, რომელიც სახალხო დამცველის მხრიდან გაიცემა, აღიქვამს როგორც მნიშვნელოვანს, ძალიან საჭიროს თვითონ პროკურატურისათვის, რომ დაგვანახვოს ის პრობლემები, რომლებიც არსებობს დღეს მართლმსაჯულების სისტემაში“.

ადამიანის უფლებების ცენტრის მხრიდან დავძენ, რომ ბევრი პატიმარი ჯერ კიდევ იმყოფება ციხის კედლებში, ანუ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი პატიმრები, რომლებიც ელოდებიან ფსიქოსოციალურ და სამართლებრივ რეაბილიტაციას...
ალეკო ცქიტიშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი კი, თავის მხრივ, გასაზიარებლად მიიჩნევს სახალხო დამცველის შეფასებას, რომ პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე რეაგირება დროულად არ ხდება. იგი იზიარებს იმ აზრსაც, რომ წამება და არასათანადო მოპყრობა სისტემური დანაშაული აღარ არის და პენიტენციარულ სისტემაში პრობლემების აღმოსაფხვრელად სახელმწიფომ არაერთი ღონსძიება განახორციელა, თუმცა პრობლემები მაინც რჩება:

“ადამიანის უფლებების ცენტრის მხრიდან დავძენ, რომ ბევრი პატიმარი ჯერ კიდევ იმყოფება ციხის კედლებში, ანუ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი პატიმრები, რომლებიც ელოდებიან ფსიქოსოციალურ და სამართლებრივ რეაბილიტაციას. მათ თავის დროზე ჰქონდათ მისჯილი არაადეკვატურად მაღალი სასჯელები. ნაწილობრივ შემცირდა ეს სასჯელები, მაგრამ იმ მდგომარეობაში, რაც ამ ადამიანებს სახელმწიფოს მხრიდან თავს გადახდათ, როდესაც მათ აწამებდნენ სისტემატურად, ვფიქრობ, რომ მათ ორჯერ მეტი სასჯელი გაატარეს საპატიმროში, ვიდრე ეს განაჩენით ჰქონდათ დაკისრებული“, ამბობს ალეკო ცქიტიშვილი.

სახალხო დამცველმა კი პარლამენტის კომიტეტის წინაშე წარდგომისას კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ საჭიროა შეიქმნას სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს გადასინჯონ როგორ სრულდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, მათ შორის, ქონების რესტიტუცია და უკანონო მსჯავრდებულებისთვის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მორალური ზიანის ანაზღაურება. სახალხო დამცველი კი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ 2014 წლის ანგარიშით ივნისის პირველ დღეებში წარდგება.

XS
SM
MD
LG