ავტორი: ირინა გურული
აჭარის ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი წყარო, რომელიც მოსახლეობის ყველა სხვა სფეროზე ფართო ჩართულობას გულისხმობს, ცხადია, ტურიზმია. შესაბამისად, ამ სფეროს ხელშეწყობა ავტონომიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სწორედ ამიტომ აჭარაში მომავალ წელს ტურიზმის მიმართულებით ხარჯის გაზრდა გადაწყვიტეს.
როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, აჭარაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნთ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი, შესაძლოა, 1 მილიონ 116 ათასი (+15%) ლარით გაიზარდოს. 2018 წლის პროგრამულ ბიუჯეტში ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების განსახორციელებლად, ჯამში, 8,5 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. მიმდინარე წელს დეპარტამენტის ბიუჯეტი 7,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ამ დღეებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2018 წლის პროგრამული ბიუჯეტის პირველადი პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ამ ეტაპზე დაგეგმილი ხარჯების თანახმად, 2018 წლისთვის აჭარაში შიდა და უცხოელი ტურისტების მოზიდვის მიზნით განხორციელებულ სარეკლამო და პიარკამპანიებში 6 მილიონი ლარი დაიხარჯება. შემდეგი წლისთვის სარეკლამო ბიუჯეტის 929 700 ლარით (+18 %) გაზრდა იგეგმება. აქედან რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების 16 სამიზნე ქვეყანაში რეკლამირებისთვის 5,6 მილიონი ლარი დაიხარჯება, ქვეყნის შიგნით რეკლამირებისთვის კი - 500 000 ლარი. შემდეგი წლისთვის სარეკლამო კამპანიებისას ძირითადი აქცენტი ონლაინრეკლამის გაძლიერებაზე გაკეთდება.
აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ ტურიზმის დეპარტამენტი 2018 წელს რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით 195 000 ლარს დახარჯავს. შემდეგ წელს გაგრძელდება პროექტები: „ტურიზმის განვითარების სკოლა“, „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ და საუკეთესი სერვისის მქონე ტურისტული ობიექტების დაჯილდოება „მაგნოლია 2018“. ეს პროექტები აჭარაში ტურისტულ სექტორში დასაქმებული კადრების გადამზადებას, სერვისის გაუმჯობესებას, წახალისებასა და, ზოგადად, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. 2018 წელს ისევ ამოქმედდება პროექტი „იდუმალი სტუმარი“, რომლის ფარგლებშიც დადგინდება რეგიონში მომსახურების ხარისხის დონე. შემდეგი წლისთვის სიახლე იქნება სასწავლო ვიდეორგოლების შექმნა კვებისა და განთავსების ობიექტებისთვის.
ამ საქმიანობის შედეგების გასაზომად 2018 წელს აჭარის მთავრობა აპირებს გააგრძელოს კვლევები და სტატისტიკური ანალიზი დარგის საჭიროებებისა და განვითარების პოტენციალის მიმართულებით, რაც განთავსების არარეგისტრირებული სექტორის კვლევასა და შიდა ტურისტების საჭიროებების კვლევას ითვალისწინებს. 2018 წლისთვის დეპარტამენტი გამოიკვლევს ასევე აჭარაში მყოფ უცხოელ ტურისტებს და დაადგენს მათი საჭიროებების, კმაყოფილებისა თუ რეგიონში ყოფნისას შექმნილი პრობლემების დონეს. სულ, აღნიშნული კვლევებისთვის ბიუჯეტიდან 275 000 ლარის გამოყოფა იგეგმება.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 2018 წელს მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და მარშრუტების განვითარების მიზნით 517000 ლარს დახარჯავს. ინიციატივის უშუალო განმახროციელებელი იქნება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო, რომელიც შემდეგ წელსაც ჩაატარებს სოფლის ტურიზმისა და ფრინველების ფესტივალებს, მონაწილეობას მიიღებს, აგრეთვე, ტურისტული სეზონის გახსნის ორგანიზებაში.
ყველა ეს ღონისძიება აჭარაში ტურიზმის მიმართულებით 2018 წლისთვისაა დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ 2016 წელს საქართველომ ტურიზმიდან 2 მილიარდ ლარამდე შემოსავალი მიიღო, რაშიც მნიშვნელოვანი წილი, ცხადია, აჭარის ტურისტული სეზონიდან შემოსულმა თანხებმა შეადგინა.