Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნდა აიკრძალოს თუ არა აბორტი საქართველოში


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
საქართველოს პატრიარქი ტრადიციულ სააღდგომო ეპისტოლეში აბორტის აკრძალვის ინიციატივით გამოდის. ”დღეს, როდესაც ასეთი მძიმე მდგომარეობაა დემოგრაფიული თვალსაზრისით, ვფიქრობთ, სახელმწიფომ უნდა მიიღოს სათანადო კანონი აბორტის აკრძალვისათვის (რა თქმა უნდა, გამონაკლისი შემთხვევებიც უნდა იყოს გათვალისწინებული)” , -ნათქვამია საქართველოს პატრიარქის ეპისტოლეში. სპეციალისტები და ქალთა უფლებების დამცველები აბორტის აკრძალვას ეწინააღმდეგებიან, საკანონმდებლო ორგანოში კი ფიქრობენ, რომ აბორტის სრულიად აკრძალვის არა, მაგრამ ე.წ. სელექციური აბორტის აკრძალვის შესახებ მსჯელობის დაწყება სასურველია.

მეან- გინეკოლოგი მზია ღამბაშიძე უკვე ერთი წელია აბორტებს აღარ აკეთებს, პირადი მოსაზრებების გამო, თუმცა მას, როგორც სპეციალისტს აბორტის აკრძალვა დაუშვებლად მიაჩნია, იმ არასასურველი შედეგების გათვალისწინებით, რაც, მისი შეხედულებით, აუცილებლად მოჰყვება აბორტის აკრძალვას:

”არავითარ შემთხვევაში. ეს რომ აიკრძალოს, წავლენ, სხვაგან გაიკეთებენ. კომუნისტების დროსაც ისეთ სიბინძურეში იკეთებდნენ ამ აბორტებს, რომ ქალების ლეტალობა იყო საშინლად გაზრდილი. რამდენი გინეკოლოგი იჯდა ციხეში მაგის გამო, რომ ქალი ხელზე შემოაკვდა. ასეთი რაღაცები არ შეიძლება. ეს არ არის გამოსავალი. ამ მდგომარეობიდან ასეთი ფორმით ვერ გამოვალთ”.

ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში ლიცენზირებული ექიმის მიერ, თუ ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება თორმეტ კვირას. და თუ ორსულს სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა წინასწარი გასაუბრება და გასაუბრებიდან ოპერაციამდე გასულია სამი დღის მოსაფიქრებელი ვადა, არჩევანი ქალის პრეროგატივაა. კანონის თანახმად, თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების მიხედვით.

უდიდესი დანაშაული, რომელიც თითქმის ყველა ოჯახში ხდება, არის მუცლადღებულ ყრმათა მკვლელობა - აბორტი. აბორტი კი არის, მშობლების გადაწყვეტილებითა და მონდომებით, სრულიად უსუსური, უდანაშაულო არსების საზარელი მკვლელობა...
ილია მეორე
კანონის გადახედვისა და აბორტის აკრძალვისკენ მოუწოდებს სახელმწიფოს საქართველოს პატრიარქი. ილია მეორის ეპისტოლეში ვკითხულობთ:

”უდიდესი დანაშაული, რომელიც თითქმის ყველა ოჯახში ხდება, არის მუცლადღებულ ყრმათა მკვლელობა - აბორტი. აბორტი კი არის, მშობლების გადაწყვეტილებითა და მონდომებით, სრულიად უსუსური, უდანაშაულო არსების საზარელი მკვლელობა. ამ მკვლელობის უშუალო თანამონაწილეა ექიმიც. ყოველივე ეს კი როგორც ცალკეულ ოჯახებს, ისე მთელ სახელმწიფოს უდიდეს დანაშაულად აწვება. ვისაც ეკონომიური პრობლემების გამო შვილის გაჩენა არ სურს ან სხვა რაიმე მიზეზით მუცლადღებული ნაყოფი მისთვის მიუღებელია, გთხოვთ, ნუ ჩაიდენთ ამ საშინელ ცოდვას. თუ თქვენ ვერ ახერხებთ მის გაზრდას, ეკლესია უპატრონებს მათ. როგორც ცნობილია, ოფიციალური მონაცემებით, ყოველწლიურად საქართველოში 36 000 აბორტი კეთდება (რეალურად კი გაცილებით მეტი შემთხვევაა), მკვდრადშობილ ჩვილთა რაოდენობა კი 1400-მდე აღწევს. დღეს, როდესაც ასეთი მძიმე მდგომარეობაა დემოგრაფიული თვალსაზრისით, ვფიქრობთ, სახელმწიფომ უნდა მიიღოს სათანადო კანონი აბორტის აკრძალვისათვის (რა თქმა უნდა, გამონაკლისი შემთხვევებიც უნდა იყოს გათვალისწინებული)”.

კანონის გადახედვას არა, მაგრამ ე.წ. სელექციური აბორტის, ანუ ნაყოფის სქესით განპირობებული აბორტის თემაზე სასაუბროდ საპარლამენტო კომიტეტში მსჯელობის დაწყებას აპირებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე:

”ვფიქრობ, რომ უნდა აიკრძალოს შერჩევითი, ანუ სელექციური, აბორტები. აბორტების საერთო რაოდენობაში 30% სწორედ ასეთი აბორტები ფიქსირდება. ვფიქრობ, აბორტების აკრძალვა ხელაღებით მიუღებელია, იმიტომ რომ შეიძლება გაიზარდოს არარეგისტრირებული აბორტების რიცხვი და ამან შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილიანობის ზრდა. ამიტომ, ვფიქრობ, ამ თემას ძალიან დიდი მუშაობა სჭირდება. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ კომიტეტში მოვიწვიოთ ამ დარგის სპეციალისტები”.

სელექციური აბორტები, მთელი თავისი მავნეობით - როგორც ფიზიკური მავნეობით, ასევე მენტალური მავნეობით - ერისა და ქვეყნისათვის, რაღაცნაირად მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ...
ნინო ციხისთავი
დიმიტრი ხუნდაძის აზრს იზიარებს ”კავკასიის ქალთა ქსელის” ხელმძღვანელი, უფლებადამცველი ნინო ციხისთავი. მას აბსოლუტურად მიუღებლად მიაჩნია აბორტის აკრძალვა, რადგან ფიქრობს, რომ ამით არალეგალური აბორტების მაჩვენებელი გაიზრდება, რაც გაცილებით დიდი რისკების შემცველია, თუმცა, მისივე სიტყვებით, ქვეყანაში აუცილებლად უნდა მომზადდეს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც სქესით განპირობებული აბორტების რიცხვს შეამცირებს. ნინო ციხისთავი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნებულ მონაცემებსაც იხსენებს, რომლის მიხედვითაც საქართველო იმ ქვეყანათა ოთხეულში მოხვდა, სადაც ყველაზე მაღალია სელექციური აბორტების რაოდენობა:

”სელექციური აბორტები, მთელი თავისი მავნეობით - როგორც ფიზიკური მავნეობით, ასევე მენტალური მავნეობით - ერისა და ქვეყნისათვის, რაღაცნაირად მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. საკანონმდებლო ინიციატივები და, ზოგადად, სამართლებრივი მასივი ამას უნდა დაუპირისპირდეს”.

აბორტის სრულიად აკრძალვას არც მოქალაქეები ეთანხმებიან. რადიო თავისუფლებასთან საუბარში თანამოსაუბრეები ამბობენ, რომ აბორტების რაოდენობის ზრდას სოციალურ პირობებზე მეტად სქესობრივ საკითხებში გაუნათლებლობა განაპირობებს:

”არასასურველი ორსულობა არის გაუნათლებლობის შედეგი. ან დღეების დათვლა უნდა ისწავლონ, ან პრეზერვატივი უნდა იყიდონ”.

”აბორტი ყველაზე დიდი ცოდვაა, მაგრამ საშუალებაც რომ არ არის! გაზრდა უნდა, ჭამა უნდა, არსებობა უნდა იმ ბავშვსაც და“...

”არის იმის საშიშროებაც, რომ გახშირდეს უკანონო აბორტები სახლებშიც და ა.შ. ეს ასე სასუბრო არ არის, ამაზე სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ”.
”აბორტის გაკეთება არა მგონია, რომ აიკრძალოს საქართველოში. კი, ძალიან დიდი ცოდვაა. ჩემი აზრით, ძალიან ბევრს ესაჭიროება და არ უნდა აიკრძალოს. კარგი იქნება, თუ შემცირდება”.

პატრიარქის ინიციატივას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც. ის დემოგრაფიული საკითხის მოგვარების ჭრილში აბორტების აკრძალვას მართებულად არ მიიჩნევს, თუმცა პატრიარქის მოწოდება მოსწონს და აპირებს საკითხის განხილვაში თავადაც ჩაერთოს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG