Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში გაიმართა აბაშიძე-კარასინის შეხვედრა


გრიგორი კარასინი და ზურაბ აბაშიძე
გრიგორი კარასინი და ზურაბ აბაშიძე
1 მარტს პრაღაში გაიმართა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან. როგორც მოგვიანებით ზურაბ აბაშიძემ უთხრა ქართველ ჟურნალისტებს, კარასინთან მისმა ამ, მეორე შეხვედრამ „საქმიან და კონსტრუქციულ“ ვითარებაში ჩაიარა. „კერძოდ აღინიშნა, რომ სავაჭრო ურთიერთობების განხრით გადაიდგა პრაქტიკული ნაბიჯები, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქართული ექსპორტის განახლებას რუსულ ბაზარზე. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა სატრანსპორტო კავშირების აღდგენის მიზნით - კერძოდ, რეგულარული საავიაციო რეისების, ასევე სატვირთო-საავტომობილო მიმოსვლის განახლების თვალსაზრისით. რუსეთის მხარე ამ ეტაპზე განიხილავს საკითხს არსებული სავიზო რეჟიმის შემსუბუქების თაობაზე“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ, რომლის თქმითაც, დიალოგის ფარგლებში მომდევნო განსახილველ საკითხებად მოინიშნა მეცნიერება და ჯანდაცვა.

პრაღაში ჩატარებულ შეხვედრაზე მხარეები შეეხნენ 2014 წლის სოჭის ოლიმპიურ თამაშებსაც და, აბაშიძის თქმით, შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებული დეტალები განხილული უნდა იყოს ოლიმპიური კომიტეტის მიერ. ეს ეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მკვიდრი სპორტსმენების მონაწილეობის პრობლემასაც. ამ საკითხზე რადიო თავისუფლების კორესპონდენტის შეკითხვის საპასუხოდ, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ქართული მხარისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდნენ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრები არიან. აბაშიძის თქმით, პრაღაში შეხვედრაზე ამ საკითხს შეეხნენ და შეთანხმდნენ, რომ დეტალები უნდა განიხილონ საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა, ისევე როგორც თამაშების ორგანიზატორებმა და საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა.

ჟურნალისტების თხოვნით, ზურაბ აბაშიძე შეეხო სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე მუშაობის დეტალებს. მისი თქმით, კარასინმა ზოგადად აღნიშნა, რომ ამ თემაზე მუშაობენ. კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა, მაგრამ „როგორც ჩანს, ეს შესაძლო შემსუბუქება შეეხება გარკვეულ კატეგორიებს: კერძოდ, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც მოწვეული იქნებიან რუსეთის ფედერაციიდან სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ, შესაძლოა (რომ ვიზების შემსუბუქება შეეხება) აგრეთვე სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სტუდენტებს, შესაძლოა ტურისტებს და ა.შ.“, განაცხადა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

აბაშიძე-კარასინის შეხვედრები იმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დავალებების შესაბამისად. შემდეგი შეხვედრა, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, დაახლოებით ორ თვეში ჩატარდება.
XS
SM
MD
LG