9 მარტს აშშ-ის სენატორთა რესპუბლიკური ნაწილის ერთმა ჯგუფმა წერილი გაუგზავნა ირანის ლიდერებს. მისი ავტორები ფიქრობენ, რომ ბირთვულ სფეროში თეირანთან ნებისმიერი გარიგება, კონგრესის მიერ დაუმტკიცებლად, მხოლოდ ობამასა და აიათოლას შორის შეთანხმება იქნება. თეთრი სახლი, ისევე როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, სენატორების გზავნილს კრიტიკულად შეხვდა. რესპუბლიკელ სენატორთა ჯგუფი, სულ 47 კანონმდებელი, გაფრთხილებით გამოდის, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციასა და ირანს შორის ბირთვულ სფეროში შეთანხმება დიდხანს ვერ იარსებებს, თუ ის კანონმდებლებმა არ ცნესო. ბარაკ ობამა ირანის ლიდერებისთვის მიწერილ წერილს ასე გამოეხმაურა: „ვფიქრობ, არის რაღაც ირონიული იმაში, რომ კონგრესის ზოგიერთ წევრს სურს მკაცრი კურსის მომხრე ირანელ ლიდერებთან საერთო მიზანი ჰქონდეს. უჩვეულო კოალიციაა. ჩემი აზრით, ახლა ყურადღება უნდა გადავიტანოთ იმაზე, შევძლებთ შეთანხმების მიღწევას თუ არა. და როცა მივაღწევთ, - თუ მოვახერხეთ, - შევძლებთ ეს ამერიკელი ხალხის საქმედ ვაქციოთ და დარწმუნებული ვარ, მისი განხორცილების უნარიც გვექნება“.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, წერილი, რომელსაც სენატორი ტომ კოტონი და სხვა 46 რესპუბლიკელი სენატორი აწერს ხელს, ძირს უთხრის მსოფლიოს ექვსი ქვეყნისა და ირანის მოლაპარაკებას ბირთვულ სფეროშიო.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა თქვა, ჩემი აზრით, ეს წერილი გაგრძელებაა იმ პარტიული სტრატეგიისა, რომელიც ძირს უთხრის პრეზიდენტის უნარს, წარმართოს საგარეო პოლიტიკა და მსოფლიოში გაატაროს ჩვენი სახელმწიფო უშიშროების ინტერესებიო.
წერილს ხელი არ მოაწერა არც ერთმა დემოკრატმა კანონმდებელმა. დემოკრატმა სენატორმა, მეორე პირმა სენატში, რიჩარდ დურბინმა, წერილს ფაქიზი საერთაშორისო მოლაპარაკებისთვის ძირის გამოთხრის "ცინიკური მცდელობა" უწოდა. სიუზენ კოლინზმა, რესპუბლიკელმა სენატორმა მეინის შტატიდან, განაცხადა, მოლაპარაკების ამ ეტაპზე სენატის წევრებისთვის უფრო შესაფერისი იქნება პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივან კერის და სხვა პირებს, ვინც მოლაპარაკებაშია ჩართული, რჩევები მივცეთო.
სენატორებმა, რომლებმაც ხელი მოაწერეს წერილს, უჩვეულო ნაბიჯი გადადგეს. ამერიკის პრესაში წერილის უმკაცრეს შეფასებებსაც წააწყდებოდით. მაგალითად, ნიუ იორკის „დეილი ნიუსმა“ პირველ გვერდზე მსხვილი შრიფტით დაწერა სიტყვა „მოღალატეები“ და იქვე განმარტა: რესპუბლიკური პარტია საბოტაჟს უწყობს ბირთვულ სფეროში შეთანხმებასო. გზავნილს მალე გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი, რომელმაც გაოგნება გამოხატა წერილის გამო და მას პროპაგანდისტული ხრიკი უწოდა. წერილის ავტორები არა მხოლოდ არ იცნობენ საერთაშორისო სამართალს, მათ თავიანთი საკუთარი კონსტიტუციის ნიუანსებიც არა აქვთ სავსებით გაცნობიერებული, როცა საქმე ეხება პრეზიდენტის მიერ საგარეო პოლიტიკის წარმართვასო, უხსნის კონგრესმენებს ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც სულ მალე, 15 მარტს, კვლავაც მოუწევს ამერიკელ კოლეგასთან მოლაპარაკების გაგრძელება, ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო ჩარჩო ხელშეკრულების მიღწევის მიზნით. საბოლოო შეთანხმებას ირანი და მოლაპარაკების სფეროში მისი პარტნიორები - გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები და გერმანია - ივნისისთვის მოელიან. კონგრესმენების წერილს ირანის ლიდერებისადმი კრიტიკით გამოეხმაურა ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი, რომელმაც თქვა, არ მახსოვს სენატში მუშაობის 36 წლის მანძილზე შემთხვევა, სენატორებს პირდაპირ მიემართოთ სხვა ქვეყნისთვის, ხანგრძლივი მოწინააღმდეგისთვის, და განეცხადებინოთ, რომ პრეზიდენტს არა აქვს საკონსტიტუციო უფლებამოსილება მასთან მნიშვნელოვან ურთიერთგაგებას მიაღწიოს. ვიცე-პრეზიდენტის კომენტარის პასუხად, სენატორმა კოტონმა, წერილის ერთ-ერთმა ავტორმა, თქვა, რომ ის და სხვა სენატორები, რომლებმაც წერილს ხელი მოაწერეს, უბრალოდ, ამერიკელი ხალხის სახელით ლაპარაკობენ.