Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის კანონი მოქალაქეობის შესახებ სასამართლოში განიხილეს


სიმბოლური სასამართლო პროცსი
სიმბოლური სასამართლო პროცსი
თბილისში სასამართლოს განხილვის საგანი გახდა „რუსეთის ფედერაციის კანონი მოქალაქეობის შესახებ“, რომელიც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს რუსეთის მოქალაქეობას ანიჭებს. სასამართლო პროცესი სიმბოლური იყო და ნამდვილი სასამართლოსგან იმით განსხვავდებოდა, რომ დარბაზში შეკრებილი საზოგადოება დისკუსიაში იღებდა მონაწილეობას. კავკასიის რესპუბლიკებში ამ კანონის შესახებ დისკუსია არ წყდება. რუსეთის ფედერაციის კანონში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ერთი ნაწილი, არცთუ უსაფუძვლოდ, სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხეს ხედავს.
სამი კავკასიური არასამთავრობო ორგანიზაცია– ქალთა ალიანსი სამოქალაქო საზოგადოებისთვის (აზერბაიჯანი), სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრი (საქართველო) და სამშვიდობო ინიციატივების კავკასიური ცენტრი (სომხეთი) ახორციელებენ ერთობლივ პროექტს - „სიმბოლური კავკასიური სასამართლო ადამიანის უფლებებისთვის“. პროექტის დონორია დემოკრატიის ხელშეწყობის ნაციონალური ფონდი.

სიმბოლურ სასამართლოზე მოსარჩელე მხარემ - იურისტმა ზურაბ ზუბაშვილმა - განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ მოქალაქეობის შესახებ კანონით დაარღვია როგორც საკუთარი, ისე საერთაშორისო კანონმდებლობა და ის შემდგომ საქართველოს ოკუპაციისთვის გამოიყენა. ფედერაციის კანონში აღნიშნულია, რომ მოქალაქეობის შეცვლის მსურველებმა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის გარეთ ცხოვრობენ, უნდა მიმართონ იმ ქვეყანაში რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულოს. იმ დროს, როცა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მცხოვრებლები რუსულ პასპორტებს იღებდნენ, თვითაღიარებულ რესპუბლიკებში რუსეთს დიპლომატიური წარმომადგენლობა არ ჰყოლია. გარდა ამისა, ზუბაშვილის თქმით, ეს კანონი წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისოდ აღიარებულ საქართველოს სუვერენიტეტთან.

მოპასუხე მხარეს აზერბაიჯანელი იურისტი ელმირ სულეიმანოვი წარმოადგენდა. მისი მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თვითაღიარებულ რესპუბლიკებში მცხოვრები, მოქალაქეობის გარეშე დარჩენილი პირები ყველა ძირითად უფლებას მოკლებულნი იყვნენ. ამიტომ მათ საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეს - რუსეთის ფედერაციას - მიმართეს მოქალაქეობისთვის.

სასამართლოს დასასრულს დარბაზში მყოფ ადამიანებს შორის ცხარე დისკუსია გაიმართა. სულეიმანოვი მაქსიმალურად ცდილობდა რუსეთის ფედერაციის პოზიციის დაცვას, მაგრამ ბოლოს აღიარა, რომ მის მიერ დაწერილი თითოეული სიტყვა მხოლოდ თამაშის ნაწილი იყო და მხარს სახელმწიფოების აღიარებულ სუვერენიტეტს უჭერდა. საბოლოოდ სპეციალურმა კომისიამ 15 ხმით 7-ის წინააღმდეგ მოსარჩლის სარჩელი დააკმაყოფილა.

პროგრამის დირექტორი, სიმბოლური სასამართლოების ორგანიზატორი ნიაზი მეხტი აცხადებს, რომ დისკუსიის ასეთი ფორმატი საზოგადოებისთვის უცხოა, მაგრამ იგი კავკასიური სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებას და სამართლებრივი განათლების ამაღლებას ხელს უწყობს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა რამდენიმე სიმბოლური სასამართლო პროცესი უკვე გამართეს. ძირითადი აქცენტი იმ კანონმდებლობაზე კეთდება, სადაც ადამიანის უფლებების დარღვევები იკვეთება. სწორედ ასეთი კანონმდებლობა ხდება სიმბოლური სასამართლოების განხილვის საგანი.
XS
SM
MD
LG