Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითგამოცხადებული რესპუბლიკები თბილისის ინიციატივას უარყოფენ


ეკა ტყეშელაშვილი საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას
ეკა ტყეშელაშვილი საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას
რუსეთის საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა როგორც აფხაზეთის, ასევე სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენელთა განცხადებები. მათი უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ორიოდე დღის წინ საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრას, რომელზეც სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილმა ეგრეთ წოდებული ”სტატუსნეიტრალური” პასპორტების შესახებ ისაუბრა. რატომ არის მიუღებელი თბილისის ინიციატივა სოხუმისა და ცხინვალისთვის?
აქ ამ პასპორტებს არავინ აიღებს. ჩვენ გვაქვს შეთანხმება რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ...

თბილისის ინიციატივას ”სტატუსნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების” შესახებ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა გამოეხმაურა და საქართველოს ხელისუფლების წინადადებას მორიგი პოპულისტური ნაბიჯი უწოდა.

"აქ ამ პასპორტებს არავინ აიღებს. ჩვენ გვაქვს შეთანხმება რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ და მოქალაქეებს აქვთ როგორც რუსეთის, ისე აფხაზური პასპორტები. ასე რომ, ჩვენ ქართული დოკუმენტები არ გვჭირდება. თბილისის წინადადება მორიგი ბოდვაა და არანაირ შედეგს არ მოიტანს“,
- განაცხადა შამბამ.

ქართული მხარის წინადადებაზე ცხინვალმაც უარი განაცხადა. ამის შესახებ სახრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამია. მასში აღნიშნულია, რომ ”ნეიტრალური პასპორტების” შემუშავების საკითხზე ჯერ კიდევ 1998 წელს იყო საუბარი, რადგან მოსახლეობას საერთაშორისოდ აღიარებული დოკუმენტების უქონლობის გამო პრობლემები ექმნებოდა. დღეს ეს პრობლემა აღარ არსებობსო, ნათქვამია განცხადებაში.

ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებისთვის "სტატუსნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების" შესახებ ინფორმაცია რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით საპარლამენტო კომისიას 14 აპრილს მიაწოდა. აღნიშნული დოკუმენტების მიზანია რუსული პასპორტიზაციის ორბიტიდან გამოსვლა და ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის საზღვარგარეთ მოგზაურობის შესაძლებლობის მიცემა.
ეს არ არის გამოსავალი, ხოლო ის აფხაზი და ოსი, რომელიც ამღებია ნეიტრალური პასპორტებისა, - და არის ასეთი ხალხი, - ისინი ქართული პასპორტების ამღებიც არიან.

”საქართველო ამ დოკუმენტების გაცემით სრულად ადასტურებს იმას, რომ როგორც სუვერენი, მათ თავის სუბიექტებად მოიაზრებს და მათზე არის ისევე პასუხისმგებელი, როგორც თავის მოქალაქეებზე, მაგრამ ამ ადამიანებს არ აყენებს ისეთ ვითარებაში, რომ მათ აუცილებლად აღიარონ საქართველოს მოქალაქეობა იმისთვის, რომ ასეთი დოკუმენტი მიიღონ, რათა იმოგზაურონ საზღვარგარეთ.”

ეკა ტყეშელაშვილის განცხადებით, „სტატუსნეიტრალური“ პირადობის მოწმობების გაცემა განზრახულია იმისთვისაც, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთ საშუალება ჰქონდეთ საქართველოს ჯანდაცვის, განათლებისა თუ სხვა სოციალური სისტემით ისარგებლონ. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვისა თუ განათლების სახელმწიფო პროგრამებს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის ნაწილი უკვე იყენებს, ოფიციალური ცხინვალი და სოხუმი მაინც ეწინააღმდეგებიან ”სტატუსნეიტრალური” დოკუმენტების გაცემას. თუ რატომ, ამის გაანალიზებას კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ცდილობს:

”აფხაზებმა და ოსებმა კარგად იციან, რომ ეს არ არის ნეიტრალური დოკუმენტი, ეს არის საქართველოს დოკუმენტი, რომელსაც ზევიდან აწერია „ნეიტრალური დოკუმენტი“. აფხაზი და ოსი, რომელიც არ იღებს საქართველოს პასპორტს, არ აიღებს ამ დოკუმენტსაც, ეს უნდა ესმოდეს საქართველოს ხელისუფლებას. ანუ ეს არ არის გამოსავალი, ხოლო ის აფხაზი და ოსი, რომელიც ამღებია ნეიტრალური პასპორტებისა, - და არის ასეთი ხალხი, - ისინი ქართული პასპორტების ამღებიც არიან.”

პაატა ზაქარეიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ ”სტატუსნეიტრალური პასპორტების” მფლობელთათვის არც საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის საჭირო ვიზების მიღება იქნება იოლი.

სახელმწიფო მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით საპარლამენტო კომისიაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ აუცილებელია”სტატუსნეიტრალურ დოკუმენტებთან” დაკავშირებით დიპლომატიური მუშაობა გაგრძელდეს.
XS
SM
MD
LG