Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევიდ მილიბენდი ავღანეთის კონფლიქტზე


დევიდ მილიბენდი ავღანეთისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე. ლონდონი, 2010 წ. 28 იანვარი
დევიდ მილიბენდი ავღანეთისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე. ლონდონი, 2010 წ. 28 იანვარი
რადიო თავისუფლებას ინტერვიუ მისცა ბრიტანეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ მილიბენდმა, რომელიც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს მოუწოდებს ფართო რეგიონალური ძალისხმევისკენ ავღანეთის თაობაზე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. დღემდე ასეთმა ინიციატივებმა წარმატებას ვერ მიაღწია. დევიდ მილიბენდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან 2010 წელს გადადგა. ახლა ის ცდილობს შექმნას ფრონტი ავღანეთში ამ ქვეყნის გარშემო სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. მილიბენდი გაეროზე ამყარებს იმედს, რადგან მიაჩნია, რომ ასეთი ნეიტრალური უწყება უნდა იყოს ინიციატორი. მისი აზრით, ავღანეთის კონფლიქტის მოგვარებას ყოვლისმომცველობა უნდა ახასიათებდეს. მილიბენდი თვლის, რომ ავღანეთის მომავლის განსაზღვრის პროცესში ავღანეთის ყველა ძალა უნდა ჩაერთოს, თალიბანის ჩათვლით, და თავისი სიტყვა უნდა თქვან რეგიონის სახელმწიფოებმაც. მართალია, დასავლეთის ჯარი აპირებს 2014 წლისთვის გავიდეს ამ ქვეყნიდან, მაგრამ ამით საქმე არ მთავრდებაო, ამბობს მილიბენდი. თუმცა ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ აჩვენა, რომ სურს მორიგება, მაგრამ მაინც არ უნდა დარჩეს ეს საკითხი მხოლოდ ამერიკელების მოსაგვარებელიო. ვითარების საბოლოო მოგვარებაში უნდა ჩაერთოს ყველა ძალა და ყველა ქვეყანა - მხოლოდ ასეთი პოლიტიკური გზით შეიძლება დასრულდეს შეიარაღებული წინააღმდეგობაო, აცხადებს ის.

„შეთანხმებები და წინადადებები სრულიად ახალ დონეზე უნდა იქნეს წარმოდგენილი. მე ვისურვებდი, რომ გაერომ დაასახელოს შუამავალი თუ მომრიგებელი. და ეს პირი მაჰმადიანური სამყაროდან უნდა იყოს. ჩემი აზრით, საჭიროა ამ პირს ჰქონდეს მართლაც საჯარო მანდატი მოლაპარაკების წარმართვისთვის. ამგვარ მოლაპარაკებაზე პატივი უნდა ვცეთ ავღანეთის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, ავღანეთის კონსტიტუციას. ვფიქრობ, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა დაინტერესებულია იმით, რომ დადგინდეს „ავღანეთის საქმის“ დასრულების ვადა.“

ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ეთანხმება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ავღანეთში ომი მხოლოდ სამხედრო გზით არ შეიძლება იქნეს მოგებული. მილიბენდის აზრით, იმისათვის, რომ ავღანეთში საბოლოოდ ჩამოყალიბდეს საზოგადოება, რომელმაც საკუთარი თავი უნდა მართოს, გასათვალისწინებელია ამ ქვეყნის სპეციფიკა. ავღანეთი არასოდეს ყოფილა ცენტრალიზებულად, მხოლოდ ქაბულიდან მართული, ის ღრმად დეცენტრალიზებული სახელმწიფოაო, აცხადებს მილიბენდი. დასავლეთმა ცხადად არა მხოლოდ ის უნდა თქვას, რომ ყველა მხარის ჩართვა სურს ავღანეთის პოლიტიკური ცხოვრების მოგვარებაში, არამედ ისიც, რომ ემხრობა ავღანეთის საზოგადოების დეცენტრალიზებას, თვლის დევიდ მილიბენდი. ამ კომპრომისში ჩართული უნდა იქნეს თალიბანიც - სულ მცირე, თალიბანის ის ელემენტები მაინც, რომლებიც მზად არიან მოსალაპარაკებლად, ფიქრობს ბრიტანელი პოლიტიკოსი.მილიბენდი ამბობს, რომ დაპირისპირება დიდია თვით ავღანეთში არსებულ სხვადასხვა ძალებს შორის. ამდენად, უმცირესობების - თალიბანის თუ სხვათა - მიმართ დასავლეთის კომპრომისი არ არის საკმარისი. ავღანეთის საკითხის პოლიტიკური მოგვარების გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ყველას ინტერესებს. მისი თქმით, თალიბანი ალ ყაიდა არ არის. თალიბანისა ბევრს ავღანეთში ეშინია. თალიბანის მომხრეები არ არიან ალ ყაიდის მონათესავე იდეოლოგიურად, მაგრამ ისინი მაჰმადიანურად აზროვნებენ, მათ ღრმად კონსერვატორული მენტალიტეტი აქვთ:

„ეს „პოლიტიკური მოგვარება“ ისე უნდა მოხდეს, რომ აღიარებული იყოს უმცირესობის უფლებები, მაგრამ მას არ უნდა მიეცეს უმრავლესობაზე დომინირების საშუალება. ამ საქმეში ეს ჩვენთვის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა.“

მილიბენდი თვლის, რომ თუკი ასეთ „მოგვარებას“ მოვახერხებთ, ერთმანეთს დავაშორებთ მათ, ვისაც სურს შეთანხმება და მათ, ვინც მორიგებას არ ემხრობა, თუმცა ეს ყველაფერი გულისხმობს თალიბანის მზადყოფნას მოლაპარაკებისთვის. მილიბენდის აზრით, იმისათვის, რომ გაირკვეს რა გზას დაადგება თალიბანი, საჭიროა დასავლეთმა თვითონ წარმოადგინოს ცხადზე ცხადი პოზიცია, როგორ წარმოუდგენია ავღანეთის პოლიტიკური მომავლის მოგვარება.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG