„საქართველოს პარლამენტის აპარატის სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველსაყოფად მიზანშეწონილია პარლამენტის აპარატში 2025 წლის 3 აპრილიდან რეორგანიზაციის განხორციელება, რის შედეგადაც შეიცვლება მისი სტრუქტურა და საშტატო ნუსხა“, - წერია ბრძანებაში.
დოკუმენტის მიხედვით, რეორგანიზაცია ცხადდება პარლამენტის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში:
- ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტი;
- ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტი;
- იურიდიული დეპარტამენტი;
- საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი;
- საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი;
- სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
- საორგანიზაციო დეპარტამენტი;
- საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
- საქმისწარმოების დეპარტამენტი;
- მანდატურის სამსახური;
- პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი.
ამ პროცესში პასუხისმგებელი პირი იქნება პარლამენტის აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი, რომლისგანაც ჟურნალისტები (პოლიტიკოსების მითითების მიუხედავად) კითხვის დასმის გამო აკრედიტაციების შეჩერების შესახებ იღებენ წერილებს.
სახელმწიფო უწყებებში რეორგანიზაცია და თანამშრომლების გათავისუფლება ბოლო რამდენიმე თვეა მიმდინარეობს - პროცესი დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველოში პროევროპული აქციები იმართება, ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით.
საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ არ წყდება პროევროპული აქციები. ხალხი ქუჩაში გამოიყვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, პარტია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებს ევროინტეგრაციისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
ამის შემდეგ განცხადებები გაავრცელეს საჯარო სამსახურში დასაქმებულმა იმ ადამიანებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ მიზანს - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.
ფორუმი