Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რუსეთის ბელგოროდის ოლქზე 40-ზე მეტი დრონით განხორციელდა იერიში

რუსეთის ბელგოროდის ოლქზე 40-ზე მეტი დრონით განხორციელდა იერიში


ბელგოროდის ოლქზე განხორციელებული ერთ-ერთი იერიშის შედეგები
ბელგოროდის ოლქზე განხორციელებული ერთ-ერთი იერიშის შედეგები

რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე უპილოტო საფრენი აპარატებით მიტანილი იერიშის შედეგად დაიჭრა ერთი ადამიანი, მან ხელის მტევანი დაკარგა - იუწყება ტელეგრამის არხი "პეპელი", რომელიც სასაზღვრო რეგიონში არსებულ ვითარებას ადევნებს თვალს.

ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ადასტურებს ცნობას, რომ დაჭრილია 18 წლის ადგილობრივი.

დრონის ჩამოვარდნის გამო ცეცხლი გაუჩნდა სავაჭრო ცენტრის ფასადს - წერს "პეპელი".

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გადაიტაცეს უკრაინის 46 დრონი, მათგან 41 ჩამოაგდეს ბელგოროდის ოლქის, დანარჩენები - ბრიანსკის, კურსკისა და ორლოვსკის ოლქების თავზე.

კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ხინშტეინმა განაცხადა, რომ დრონებით შეტევის შედეგად დაშავებულია ხუთი ადამიანი.

ომის მომხრე რუსი ბლოგერები იუწყებიან, რომ უკრაინის არმია სამშაბათს ბელგოროდის ოლქის საზღვართან გააქტიურდა და გარღვევას შეეცადა სუმის ოლქის მხრიდან. ოლქის გუბერნატორი გლადკოვი უკრაინის საზღვართან შექმნილ "რთულ ვითარებაზე" აცხადებს. მისი თქმით, უკრაინის ძალები ცეცხლს უხსნიან კრასნოიარუჟსკის რაიონს.

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის განყოფილების ხელმძღვანელი ანდრი კოვალენკო ამბობს, რომ ბრძოლების შესახებ სამშაბათს გავრცელებული ცნობები არის რუსეთის საინფორმაციო სტრატეგიის ნაწილი, რადგან აშშ-სთან მოლაპარაკების წინ რუსეთს სურს, დაადანაშაულოს უკრაინა, თითქოს მას ომის დასრულება არ უნდა. სასაზღვრო რეგიონებში ბრძოლები მუდმივად გრძელდება - ამბობს კოვალენკო.

რუსეთმა სამშაბათს დრონებით მიიტანა იერიში კიევზე, ერთ-ერთ რაიონში დრონის ნატეხები სკოლის ტერიტორიაზე ჩამოვარდა - ამბობს ქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო. კიევის ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG